Loading

ბოშები საქართველოში

„მას, მას, იცეკვეთ“, - ამ სიტყვებით ეხვევიან გარს ბავშვები 26 წლის ალექსანდრე მელიასანოვს, რომელიც ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს ბრეიქდანსის გაკვეთილს უტარებს. გოგოებიც ცდილობენ, მასწავლებელს მიბაძონ და ხელები ტალღისებურად აამოძრაონ, თუმცა ფარ-ხმალს მალევე ყრიან და მასწავლებლის ცეკვას ოვაციებით ხვდებიან.

ალექსანდრე ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ცხოვრობს და საქართველოში მცხოვრებ ბოშათა თემს წარმოადგენს. სამუშო დღეებს სხვა სამსახურში - ქობულეთის სანდასუფთავებაში ატარებს. კვირაობით კი საყვარელ საქმიანობას ახალ თაობას უზიარებს.

„ჩემთვის ჩემი ცეკვა ჰობია. ჩემი მთლიანი ცხოვრება, რაც მე ახლა ვცოცხლობ 26 წელია, ამ ცეკვას თავს არ ვანებებ. სადაც მივდივარ ყველგან ვცეკვავ. ბავშვებს რომ ვასწავლი ჩემთვის უკვე ისეთი რაღაცაა, რომ მე ნდობა მაქვს, ძალიან მინდა რომ ვასწავლო და მეც ვისწავლო. გადაცემა მინდა - ბავშვებმა გააგრძელონ ცეკვა. სხვები რომ იტყვიან, ‘ალექსანდრე დაბერდება და ვეღარ იცეკვებსო’, ჩემი მოსწავლეები იტყვიან: ‘ალექსანდრე ცეკვავდა და მაგარი მოცეკვავე იყოო’,“- სიცილით ამბობს თვითნასწავლი მოცეკვავე ალექსანდრე, მეტსახელად „ბებე“, რომელიც კვირაობით სკოლაში ბრეიქდანსს ასწავლის.

ალექსანდრემ ცეკვა 5 წლისამ დაიწყო. კარგად ახსოვს, როგორ მიიქცია მისი ყურადღება მამის ხელით გაკეთებულმა „ტალღებმა“. ზუსტად ერთ წელიწადში შეძლო ბებემ იმავე მოძრაობის გამეორება და მას შემდეგ აღარც გაჩერებულა. ცეკვავდა ყველგან: შეჯიბრებებზე, ქორწილებში, სკოლაში, კლუბებში, სახლში. კონკურსებიც მოუგია. ბოლო ექვსი წელია, ცოდნას მშობლიური სკოლის მოსწავლეებს უზიარებს, პარალელურად კი ქობულეთის დასუფთავებაზე ზრუნავს. ქალაქის სანდასუფთავების სამსახურს, მეზობელი ბოშების რჩევით, სამი წლის წინ შეუერთდა. მას შემდეგ ცეკვისთვის ნაკლები დრო რჩება, თუმცა სანდასუფთავებაში გატარებული ყველა დამღლელი კვირის ბოლოს იცის, რომ სკოლაში საყვარელი საქმე და ბავშვები ელოდებიან. მიუხედავად სურვილისა, ცეკვის მთავარ შემოსავლის წყაროდ გადაქცევას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს.

„სხვა სკოლებშიც ვფიქრობდი ცეკვის სწავლებას, მაგრამ ხან სკოლები იკეტება, არ დადიან ბავშვები. დისტანციურად რომ ასწავლო - ვერ ასწავლი ბავშვს. იქ ხელი უნდა გაუსწორო, იქ ფეხი უნდა გაუსწორო...კისრის ილეთი თუა, კისერი უნდა დაუკავო...კი მინდა სკოლებში სიარული, რომ ვასწავლო ბავშვებს. მე თვითონ გამიხარდებოდა, რომ ბავშვები ესეთ ცეკვაში ჩართულები იყვნენ, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ პანდემია გვიშლის ხელს“, - გულისტკივილით ამბობს ალექსანდრე.

ის ბრეიქდანსს ბოშებსა და ეთნიკურ ქართველებს ერთად ასწავლის. როგორც თვითონ ამბობს, ცეკვამ და, ზოგადად, სკოლაში სიარულმა ბოშა ბავშვები ადგილობრივ ქართველებთან კიდევ უფრო დაამეგობრა.

„იყო დრო, როცა ბოშა ბავშვები აქაურებთან არ მეგობრობდნენ, მაგრამ ბოლო წლებში, რაც სკოლაში დაიწყეს სიარული, გახდნენ უფრო მეგობრულები. ერთმანეთთან კაი საუბარი აქვთ…საზოგადოებაში ჩანან, რომ კარგი ბავშვები არიან’, - ამბობს ალექსანდრე, - „ცეკვაშიც აქტიურად არიან ჩართულები, ძალიან ნიჭიერები არიან“.

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში 300-ზე მეტი ბოშა ცხოვრობს. მთლიანად, საქართველოში კი, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) ინფორმაციით, დაახლოებით - 600, თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალური რიცხვია და შესაძლოა, მათი რაოდენობა საქართველოში 3000-ს აღწევდეს. ბოშები ძირითადად თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ქობულეთში, კახეთის სოფლებსა და გარდაბანში ცხოვრობენ.

TDI-ის ინფორმაციით, „საქართველოში ყველაზე მეტად დამკვიდრებულია ორი ბოშური განშტოება – "ვლახი" და "კრიმი". ასევე ცხოვრობენ სომხურენოვანი ბოშებიც - „ლომ-ის ბოშები“, რომლებიც ძირითადად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გხვდებიან”.

ალექსანდრე მელიასანოვი და მისი მეუღლე გელაურში ათი წელია ცხოვრობენ და სამ მცირეწლოვან შვილს ზრდიან. ეთნიკური ქართველების გარემოცვაში გაზრდილი ბავშვები თავადაც ქართულად საუბრობენ. ალექსანდრეს მეზობლები, ძირითადად, ქართველები არიან.

„ზოგი ქართველი ქართველთან არაა ისე, როგორ ჩვენ ვართ. ჩვენთან შემოდიან, სულ ყავას სვამენ, სახლშიც რომ არ ვართ, მაშინაც შემოდიან, ჩვენ ვაძლევთ მაგის უფლებას, რადგან ერთი ოჯახივით ვართ. ყავა თუ უნდათ, ადუღებენ თავისითაც. თუ საჭმლისას მოვიდნენ, ლუკმას ერთად ვჭამთ. ძაან მაგრად ვართ მეზობლები. ზოგადად, ჩემს ცოლსაც და მეც, სადაქალო-სამეგობროც გვყავს ქართველები, უმეტესობა.“

როგორც ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, გელაურის დასახლებაში მცხოვრები ბოშების 90%-ს პირადი საბუთები მოწესრიგებული აქვს, რამაც ალექსანდრეს მსგავსად, ამ ეთნიკური ჯგუფის სკოლებში სწავლას შეუწყო ხელი. ამჯერად, სკოლაში სიით 76 ბოშა მოსწავლე ირიცხება. მათი უმრავლესობა სკოლაში რეგულარუlად დადის, თუმცა, არიან ისეთებიც, საცხოვრებელი ადგილების ცვლილების გამო გაკვეთილების გაცდენა რომ უწევთ.

სკოლისთვის ემზადებიან ალექსანდრეს შვილებიც, ეს მოცეკვავე მამისთვის მნიშვნელოვანია: „მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი სახლში იჯდეს უსაქმურად, არ მუშაობდეს...‘სუმკა’ გადაიკიდონ და ივაჭრონ. სამი შვილი მყავს, სამივეს მინდა, განათლება ჰქონდეს, თუნდაც საშუალო იყოს, არაა პრობლემა. ისწავლონ, დაამთავრონ სკოლა და თავისი სამუშაო ნახონ ისეთი, რომ არც თავად იწვალონ და ხალხიც იყოს კმაყოფილი“, - ამბობს ალექსანდრე მელიასანოვი და ამატებს: „მე ახლა ვარ დასუფთავებაში, მაგრამ არ მინდა ჩემმა შვილებმაც ისე იწვალონ, როგორც ახლა ჩვენ, ახალგზარდა ბიჭები ვწვალობთ, ნასწავლი და განათლება რომ არ გვაქვს.“

მამის ცეკვის გაკვეთილებზე დასწრების შემდეგ, პირველ კლასში წასვლას ელოდება ალექსანდრეს უფროსი ქალიშვილი, ქრისტინე, რომლისთვისაც სკოლა ახალ მეგობრებთან და გართობასთან ასოცირდება. ალექსანდრესთვის კი შვილებისთვის მიცემული უკეთესი მომავლის შესაძლებლობაა.

ავტორი: მერი ემირიძე

დიზაინი: ართურ მოსოიანი

სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის ფარგლებში

Created By
Artur Mosoyan
Appreciate