დაბადება
გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 — გ. 17 მარტი, 1959) დაიბადა ვანთან ახლოს სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო.
გატუნია - ასე ეძახდა გალაკტიონს მოფერებით დედა მთელი ცხოვრების მანძილზე
გენიოსი პოეტი მისთვის უბრალოდ შვილი იყო. შვილი, რომლის გაგებაც ხშირად შეუძლებელი ხდებოდა. ერთხელ, როდესაც გალაკტიონი უკვე 37 წლის იყო იგი დედის მოსანახულებლად სოფელში ჩავიდა. დილით შვილის ოთახში შესულმა მაკრინემ უცნაური სურათი დაინახა. მშობელს მოულოდნელობისგან გული წაუვიდა: გატუნია ფანჯარასთან იდგა და მზის სხივებს ჰაერში თავდავიწყებით კოცნიდა.
პირველი სიყვარული
ქუთაისში პოეტს თავისი მასწავლებლის რაფიელ ჩიხლაძის ქალიშვილი - რაისა შეუყვარდა. სიყვარული ხანმოკლე აღმოჩნდა. რაისა სასწავლებლად კიევში გაემგზავრა და იქვე გათხოვდა. პირველ სიყვარულს გალაკტიონმა "უსიყვარულოდ" მიუძღვნა.
უსიყვარულოდ, მზე არ სუფევს ცის
კამარაზე,
სიო არ დაჰქრის ტყე არ კრთება
სასიხარულოდ
უსიყვარულოდ არ არსებობს არც
სილამაზე
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ...
მერი
ერთი წლის შემდეგ, ქვეყანას უკვე "მერი" მოევლინა. გალაკტიონმა ლექსი იმპერატრიცას ფრეილინას მერი შერვაშიძე-ჩაჩბას მიუძღვნა, რომელსაც პირადად არც კი იცნობდა. მერი აფხაზეთის მთავრის პროკოფი შერვაშიძის შვილი იყო. გალაკტიონის მუზა ქუთაისში დაიბადა, მაგრამ მამის სამსახურის გამო (პროკოფი რუსეთის დუმის დეპუტატი იყო), მალე პეტერბურგში გადასახლდა. მერის მიმართ გალაკტიონის პლატონური სიყვარული 12 ტაეპში ჩაეტია. ლექსის გამოქვეყნებიდან სამი წლის შემდეგ, მერი ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის თანაშემწის შვილზე გიგუშა ერისთავზე გათხოვდა. წყვილმა ჯვარი ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში დაიწერა.
განათლება
1900-08 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1908-10 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და დააარსა ხელნაწერთა ჟურნალი „შუქი“.
კარიერა
1910-11 წლებში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1912 წელს ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა.
პირველი ლექსები
პირველი ლექსები „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ამირანსა“ და ჟურნალ „ჩვენს კვალში“. თბილისში გამოქვეყნებულმა კრებულებმა „ლექსები“ (1914) და „არტისტული ყვავილები“ (1919) ტაბიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანეს. 1918 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრა თბილისში.
რედაქტორის კარიერა
1921 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ „ლომისს“. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. გალაკტიონ ტაბიძე იყო „მნათობის“ (1924) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1927 წელს თბილისში გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს იგი მონაწილეობდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.
გენიალური პოეტი
გალაკტიონ ტაბიძემ იმთავითვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „მერიმ“ და მრავალმა სხვა ლექსმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმის, ფერის, ტონისა თუ ნახევარტონების გადმოცემისა. ეს იყო რომანტიკული სამყარო, სადაც პოეტმა მინიშნების, ნიუანსებისა და ასოციაციების საშუალებით იშვიათი უშუალობითა და სილამაზით აამეტყველა ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები. ამ მხრივ გალაკტიონ ტაბიძის პოეზია ორგანულად ეფუძნებოდა და აგრძელებდა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებით ტრადიციებს.
წერის პროცესი
სახლში ლექსებს გალაკტიონი სიბნელეში თხზავდა. იხურებოდა ოთახის კარი, გულმოდგინედ იკეტებოდა დარაბები. მასიურ სამუშაო მაგიდას მხოლოდ ძველ შანდალზე დამაგრებული თაფლის სანთლები ანათებდნენ. ქაღალდზე ჩვეულებრივი ფანქრით ნაწერი, არაჩვეულებრივი რითმები ჩნდებოდა. იგი წერისთვის მუდამ მზად იყო. წერდა ყველგან და ყველაფერზე: მანქანაში, გზაში, ხელსახოცებზე, სიგარეტის კოლოფზე.
მეფე
1921 წლის იანვარში ქართველ პოეტთა ერთმა ნაწილმა გალაკტიონს მეფის ტიტული მიანიჭა. თუმცა ტაბიძემ პოეზიის გვირგვინი სხვების დაუხმარებლად ჯერ კიდევ 1915 წელს თავად დაიდგა. ლექსში "მთაწმინდის მთვარე" იგი პირდაპირ აცხადებს რომ მეფეა:
რომ მეფე, ვარ და მგოსანი და სიმღერით
ვკვდები
რომ წაყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი
ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე
ასე წყნარი
გალაკტიონის ხმა - "მთაწმინდის მთვარე"
მეუღლე
მეუღლე - ოლღა ოკუჯავა ცნობილი ბოლშევიკის, საქართველოს ცეკას პირველი მდივნის მიხეილ ოკუჯავას და იყო. ისინი ჯერ კიდევ რევოლუციამდე შეუღლდნენ. სწორედ ოლღას მიუძღვნა პოეტმა თავისი ცნობილი ლექსი "მზეო თიბათვისა." ამ ლექსით 1917 წელს გალაკტიონმა ოლღა მოსკოვში გააცილა. პოეტი თიბათვის მზეს მეუღლის დაცვას სთხოვდა.
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს
შევედრები
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით
ფრთებით დაიფარე ამას გევედრები
მეორე ცოლი - ნინო კვირიკაძე
1943 წელს გალაკტიონი კვლავ დაოჯახდა. მისი რჩეული ნინო კვირიკაძე იყო. მეორე მეუღლესთან პოეტს საერთო ბედი აკავშირებდა. 1937 წელს გალაკტიონმა ცოლი დაკარგა, კვირიკაძეს კი ქმარი დაუხვრიტეს. სიცოცხლის უკანასკნელი 17 წელი გალაკტიონმა სწორედ ნინოსთან გაატარა.
მოშურნეები
გალაკტიონის ჩრდილში ყოფნა ბევრი პოეტისთვის აუტანელი იყო. ამის გამო, ტაბიძის შემოქმედებას ზოგიერთი შურით უყურებდა. მას დასცინოდნენ და ხშირად ლანძღავდნენ კიდეც. "არტისტული ყვავილები" ლექსების უბრალო კრებულად, ხოლო "ლურჯა ცხენები" პროვინციულ საგიტარო რომანსებად მონათლეს. გენიის დასამცირებლად, მოშურნეებმა გალაკტიონს "კუხარკების" პოეტიც კი უწოდეს.
გალაკტიონი გარდაიცვალა
თვითმკვლელობის დღეს, 17 მარტს გალაკტიონი სამკურნალო დაწესებულებაში მისმა ძმისშვილმა ნოდარ ტაბიძემ დილის 10 საათზე მიიყვანა.
ნოდარ ტაბიძე: "ავადმყოფობისა და დეპრესიის გამო, გალაკტიონი ბოლო პერიოდში აგრესიას იჩენდა. მაგრამ 17 მარტის დილას მშვიდად იყო. თითქმის ყველაფერში მეთანხმებოდა. პალტოს ჩაცმისას ვგრძნობდი როგორ უკანკალებდა ხელები. ასეთ დროს მისი საშველი ერთი ჭიქა არაყი იყო, მაგრამ იმ დღეს დალევა არ შეიძლებოდა, რადგან საავადმყოფოში უნდა დაწოლილიყო. გზაში უბრად მივდიოდით, სიტყვაც კი არ დასცდენია."
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქნილობა შესძინა. გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გალაკტიონს თვითმკვლელობის ცოდვა შეუნდო, როგორც საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვის ლოგიკური შედეგი. მისი საფლავი თავად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
საზოგადოებრივმა გალაკტიონ ტაბიძის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფილმის ავტორები ლევან ახობაძე და მიხეილ ბასილაძე არიან.
გალაკტიონის ფოტოები
- მომზადებულია მიხეილ ბასილაძის სტატიის და "ვიკიპედიის" მიხედვით