ევროკავშირის და საქართველოს მეგობრობა ბევრ წლებს ითვლის. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, ყოველწლიურად საქართველოში სხვადასხვა დარგების განვითარებისთვის, როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული და სოფლის მეურნეობის კუთხით, ბევრ მნიშვნელოვან პროექტებს აფინანსებენ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფულადი დახმარება ძირითადად ხმარდება ეკონომიკის განვითარებას, განათლებას, მმართველობას, ადამიანის უფლებების დაცვას, ეკოლოგიას და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას.
ევროკავშირი საქართველოში 160-ზე მეტ მსხვილ პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული პროექტები ხორციელდება სხვადასხვა პარტნიორების მიერ, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები.
დაფინანსების უზრუნველყოფა სხვადასხვა ფორმით ხდება, რომელიც მოიცავს გრანტებს, ტენდერებს, შერეულ ფორმებს, სესხებსა და დარგის რეფორმირების მხარდამჭერ ხელშეკრულებებს.
ხშირ შემთხვევაში ევროკავშირი დახმარებას გრანტების სახით უზრუნველყოფს. ფინანსური დახმარების ეს ფორმა თანხის უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებს და როგორც წესი, საგრანტო კონკურსის საფუძველზე გაიცემა. გრანტები არამომგებიანი ორგანიზაციებისათვის არის განკუთვნილი.
საქართველოში ევროკავშირის დახმარებით 100-ზე მეტი საგრანტო პროექტი მიმდინარეობს, რომლებსაც ძირითადად სამოქალაქო სექტორი ახორციელებს.
რამდენიმე ათეული წელია ევროკავშირის დაფინანსებით, კახეთის რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი აცხადებს, რომ კახეთში, ამ დროისთვის ცენტრალური ბიუჯეტისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 500-ზე მეტი პროექტი ხორციელდება
„კახეთის რეგიონში დაახლოებით 96 მილიონი ლარის 500-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. ამჟამად, პროექტების ნაწილი უკვე მიმდინარეობს, ნაწილზე ტენდერია დაწყებული, ნაწილი კი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. მაგალითად ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სკვერის მშენებლობა დასრულდა. პროექტი 1 ჰექტარის ფართობზე შადრევნის, გამწვანების, სარწყავი სისტემის, საბავშვო და სავარჯიშო სივრცის, ამფითეატრისა და განათების მოწყობას ითვალისწინებდა. ახალი სკვერის გაშენებას 1.9 მილიონი ლარი მოხმარდა. ქალაქ გურჯაანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში კი, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებია დაწყებული. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაწყებულია მარიამჯვარის ნაკრძალთან მისასვლელი გზის სამუშაოები, რასაც 2.3 მილიონი ლარი მოხმარდება. ასევე, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები, მათ შორის, სოფელ ზემო და ქვემო ყანდაურის დამაკავშირებელ გზაზე“,– განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
კონკრეტულად რა კეთება ევროკავშირის დახმარებით კახეთში, გაგაცნობთ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, რომელიც რეგიონის გაძლიერებას უწყობს ხელს.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის სრულ რეაბილიტაციაზე 724,999 ლარი დაიხარჯა.
რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა შენობის ინტერიერი და ღობე. მოწესრიგდა მუზეუმის ეზო, მოეწყო ღია სამკითხველო სივრცეები და ადაპტირებული ღია სცენა. წლობით ყუთებში ჩაწყობილი არტეფაქტები გამოიფინა და განლაგდა თაროებზე მოწყობილ ფონდსაცავებში.
ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის შენობის მეორე სართულზე, თანამედროვე ტიპის ახალგაზრდული ცენტრი – მედიათეკის მოწყობა განხორციელდა, რომელიც გაეროს განვითარების (UNDP) საგრანტო პროგრამის და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მონაწილეობის აკადემია 2022“ გრანტის ფარგლებში დაფინანსდა, მედიათეკის აღჭურვა დონორების მხარდაჭერით განხორციელდა.
თანამედროვე, ტექნოლოგიებით აღჭურვილი ისტორიული მუზეუმის კომფორტული გარემო, ახალგაზრდებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობასთან ერთად, არაფორმალური განათლების მიღების საშუალებას მისცემს.
კონკრეტულად რა პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ჩართულობით, ამაზე კახეთის გუბერნატორის მოადგილე, გივი მეტრეველი საუბრობს. მისი განმარტებით, პროექტები, რომელიც რეგიონში ხორციელდება მრავალფეროვანია და მის ტურისტულ და ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
,,ევროკავშირის დაფინანსებით, 2021 წლიდან, დაიწყო საკმაოდ მსხვილი და მასშტაბური პროექტების განხორციელება კახეთში. ამ მხრივ შერჩეულები ვართ საპილოტე რეგიონად. 2021 წელს დავიწყეთ მცირე მასშტაბებით პროექტების განხორციელება. სულ 4 პროექტი იყო. აქედან შეიძლება გამოვყო საგარეჯოში, მანავის ციხესთან მისასვლელი გზა, ასევე სოფელ ბაბანეურში, ,,ბაბანეურის მარანთან" მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომელსაც როგორც ტურისტები ასევე მოსახლეობა იყენებს. 2021 წელს თელავში კი განხორციელდა დიდი მნიშვნელობის მქონე პროექტი, ეს არის ალაზნის გამზირზე, სავაჭრო არეალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. გასულ წელს ასევე ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა ბიზნესის და ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით პროექტები. მოხდა ასევე სპორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ეს ემსახურება კახეთს მოსახლეობისთვის მეტი სიკეთის მოტანას. 2021 წლიდან დღემდე, კახეთში დაფინანსებულია 35 პროექტი, რომლის დაფინანსებაც 57 მილიონ ლარს აღემატება. ეს მასშტაბური ციფრია. შედარებისთვის რომ თქვათ, მაგალითად რომელიმე მუნიციპალიტეტს, შესაძლოა საკუთარი ბიუჯეტიდან და რეგ.ფონდების დაფინანსებით ჰქონდეს წელიწადში 10 მილიონი ლარის პროექტები და ფაქტობრივად, ერთი იმდენი ემატება ევროკავშირის დახმარებით. ანუ ევროკავშირის პროექტებში თანადაფინანსებით ერთვება მუნიციპალიტეტები მაგრამ მცირე რაოდენობით. ამ ეტაპისთვის 22 პროექტია დასრულებული, მიმდინარეა 13.''
გივი მეტრეველი აღნიშნავს, რომ ყველა პროექტი, რომელიც ევროკავშირის და მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და გაძლიერებისთვის.
ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება ახმეტაში, ციხე-ქალაქ კვეტერას მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
პროექტის ფარგლებში დაიგო ციხე-ქალაქთან მისასვლელი გზა ქვაფენილით 900 გრძ. მეტრზე, გზის დასაწყისში მოეწყო საკემპინგე, ვიზიტორთა ცენტრი, სველი წერტილები, წყალსადენი, განათება, საფეხმავლო ბილიკები და გადასახედი.
კვეტერას ციხე-ქალაქი ჯერ კიდევ VIII საუკუნიდან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში და კახეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მარშრუტი შეიქმნება.
ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერა აქამდეც არაერთ ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს იზიდავდა, მიმდინარე წლიდან კი, განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურა ისტორიული ციხე-ქალაქისთვის კიდევ უფრო მეტი ტურისტის მიღების შესაძლებლობას გააჩენს. პროექტის ჯამური ღირებულება 1,400,000 ლარს შეადგენს.
ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება დედოფლისწყაროში მდებარე ისტორიული ციხე- ქალაქის, ხორნაბუჯის ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტი, ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელი გზისა და გადასახედის რეაბილიტაციას, ასევე ტურისტული საფეხმავლო ბილიკების, საპარკინგე და საპიკნიკე ადგილების მოწყობას ითვალისწინებს.
„ისტორიული ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურით მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა ნაკადს დედოფლისწყაროს მიმართულებით, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება”– აცხადებს კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4,823,356 ლარს შეადგენს.
მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დახმარებით. თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი განმარტავს, რომ თელავში სულ 14 პროექტია დაფინასებული, საიდანაც 7 უკვე დასრულდა, 7 პროექტი კი მიმდინარეა.
,,დასრულებულ პროექტებში შედის ბახტრიონის და ჩოხელის ქუჩებს შორის არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია, თელავის უნივერსიტეტის მიმდებარედ მრავალფუნქციური სპორტული მოედნის და სარეკეაციო სივრცის მოწყობა/ რეაბილიტაცია, ამავე ადგილთან მისასვლელი გზის და საპარკინგე ადგილის მოწყობა, ასევე ქალაქის ორ ლოკაციაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ შუქნიშანს, ერთი პროექტი კი გულისხმობდა ქალაქის სამისამართო აბრების დამზადება და განთავსებას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განთავსდა საინფორმაციო დაფები და ტურისტული მანიშნებლები. ტურისტულ საინფორმაციო დაფებზე და ისტორიულ ძეგლებზე QR განთავსდა, ასევე მოხდა QR კუბების და 14 ლოკაციაზე განთავსება და დაიდგა ენერგოეფექტური სკამები და სხვა'',-განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ მეტრეველმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის თელავის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებით 7 პროექტი ხორციელდება.
,,მიმდინარეობს ლეგენდარული ფეხბურთელის, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე არსებული სათადარიგო მოედნის სამშენებლო სამუშაოები, ასევე საჩოგბურთო კორტების სრული რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, მშვიდობის პარკის და ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია, ალაზნის გამზირის რეაბილიტაცია ხდება და სხვა. მთლიანად პროექტების ჯამური ღირებულება 24 მილიონ ლარზე მეტია. ამ პროექტების განხორციელება და ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ეს ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის კულტურულ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო არეალის განვითარებას, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას'',- განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ევროკავშირი სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, სოფლის მეურნეობის კუთხით მომუშავე პირების და ახალგაზრდების განათლებასა და გაძლიერებაზე ზრუნავს.
European Union in Georgia-ის პროექტის ფარგლებში გაიარეს გადამზადების კურსები და საქმიანობა დაიწყეს ლაგოდეხში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა.
ლაგოდეხში მცხოვრები გიორგი მეტრეველი ხისგან ფირფიტებს, სანათებს და სხვადასხვა სახის დეკორატიულ ნივთებს ამზადებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მან საქმიანობა ერთი წლის წინ ძველი ხელსაწყოთი დაიწყო. თუმცა სათანადო ხელსაწყოების არქონის გამო, საქმიანობის დროებით შეჩერება მოუწია.
ახალგაზრდამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,უნარები წარმატებისთვის” ფარგლებში ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა და იდეების კონკურში, საქმიანობის გასაგრძელებლად გრანტიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია European Union in Georgia მიერ, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია Save the Children in Georgia, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ახალგაზრდობის სააგენტო, კონრად ადენაუერის ფონდთან და ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად.
,,ebay-ზე ვნახე, რომ იყიდებოდა ხის ფირფიტები ძალიან კარგად. მაშინ დავიწყე ფიქრი, რომ აქ გამეკეთებინა მეც და ვფიქრობდი, რომ მოთხოვნადი იქნებოდა. უხარისხო ხელსაწყო მქონდა და დავიწყე ხისგან ფირფიტების გაკეთება. ცდამ გაამართლა და პირველივე ჯერზე მოთხოვნა და დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ ყველა რეგიონიდან იყო შეკვეთები. ამიტომ ფირფიტებს მალევე ვყიდიდი და კარგადაც ვმუშაობდი. იმის გამო, რომ არ მქონდა სათანადო ხელსაწყოები და ხარისხიანად ვერ ვაკეთებდი საქმეს, გადავწყვიტე რაღაც დროის პერიოდში გაჩერება. შემდეგ პროექტის ,,უნარები წარმატებისთვის” შესახებ გავიგე და მივიღე მონაწილეობა ტრენინგებში. შემდეგ გამოცხადდა იდეების კონკურსი, დავამუშავეთ იდეა და წარვადგინეთ. ჟიურის მოეწონა ჩვენი იდეა და დაფინანსება მოვიპოვეთ. სწორედ ამის დახმარებით შევიძინე კარგი ხელსაწყოები და ჩემს გუნდთან ერთად განვაახლე მუშაობა,მოთხოვნაც ისევ გაიზარდა”,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი მეტრეველმა.
ახალგაზრდა გარდა ხის ფირფიტებისა, სხვადასხვა სახის დეკრატიულ ნივთებს და სანათებს აკეთებს და ფეისბუქ გვერდზე დებს. გიორგი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეთავაზებაა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ალექსი დვალმა ადგილობრივებს წვეულებების მოწყობის და გაფორმების სერვისი შესთავაზა.
როგორც ის ამბობს, აღნიშნული საქმით წლებია დაინტერესებულია, თუმცა ახლა, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მან გრანტი მოიპოვა, რამაც საშუალება მისცა აღნიშნული საქმიანობა დაეწყო. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,უნარები წარმატებისთვის” ფარგლებში ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა და იდეების კონკურში, საქმიანობის გასაგრძელებლად გრანტიც მოიპოვა.
,,აღნიშნული საქმიანობის დაწყების იდეა მქონდა დიდი ხანია. მინდოდა მოქალაქეებისთვის შემეთავაზებინა სერვისი, რომელიც ლაგოდეხში კორპორატიული წვებულების მოწყობას და მუსიკალურად გაფორმებას მოიცავდა. ასევე მინდოდა შემეთავაზებინა DJ-ს დახმარებით სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის სერვისი. ლაგოდეხში მსგავსი სახის პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. მუსიკალური თვალსაზრისით, აქ ეს სერვისი ნაკლებად არის. მაგალითად უცხოეთში, ამ სერვისის მოთხოვნა უფრო მეტია, იქ მეტი კორპორატიული ღონისძიება იმართება და მოთხოვნაც მაღალია. ვცდილობ ასეთი სერვისი შევთავაზო ლაგოდეხს, ვფიქრობ ახალგაზრდებსაც ძალიან მოეწონებათ’’,- განუცხადა knews.ge-ს ალექსი დვალმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ძირითადად სამოქალაქო ორგანიზაციები და საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ. სხვადასხვა პროექტებში აქტიური ჩართულობით, ახალგაზრდები ცოდნას და უნარებს იუმჯობესებენ, რაც შემდეგ დასაქმებაში ეხმარებათ.
,,მონაწილეობა მივიღე ,,ერასმუსის'' გაცვლით პროგრამაში და მის ფარგლებში 5 თვე ვიყავი ესპანეთში, ქალაქ ხაინში წასული. მაშინ მესამე კურსზე ვიყავი. ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და პიროვნული განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი ძირითადი სპეციალობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიაა და გაცვლითი პროგრამის ფარგლებშიც, ამ მიმართულებით გავიღრმავე ცოდნა. მსგავსი სახის პროგრამები ახალგაზრდებს უდიდეს ცოდნას აძლევს, ვეცნობით უცხოურ კულტურას, გამოცდილებას, დამოუკიდებლად ცხოვრებას ვსწავლობთ'',- აცხადებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ლიკა ჯავახიშვილი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ რომ საერთაშორისო დონორების დახმარებით ახერხებენ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას და თემის ეკონომიკურ გაძლიერებას.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მოქმედი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი ერთ-ერთი ორგანიზაციაა კახეთის რეგიონში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით პროექტებს ახორციელებს, რომელიც მიმართულია ქალთა და ეთნიკური უმცირესოების წარმომადგენელი მოქალაქეების გაძლიერებას, თემში არსებული ბიზნესების დახმარებას, ახალგაზრდების გასააქტიურებლად და სხვა.
,,ჩვენი ორგანიზაცია პანკისის ხეობაში, ახმეტაში და ზოგადად კახეთის რეგიონში მუშაობს 2008 წლიდან სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის დახმარებით. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული დონორია ევროკავშირი, რომლის დახმარებითაც განხორციელებული გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. 2016-18 წლებში გვქონდა ჯანდაცვის, განათლების და განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომელიც ახმეტის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ხორციელდებოდა და მიზნად ისახავდა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას ამ მიმართულებებით. ამავე პროექტის ფარგლებში ჩვენ პანკისის ხეობაში შევძელით რომ მიგვეწოდებინა უფასო საგანმანათლებლო კურსები მოსახლეობისსთვის, ვატარებდით კონსულტაციებს, ტრენინგებს ქალებისა და გოგონებისათვის.
ასევე ევროკავშირის დახმარებით ვქმნით რეგიონულ ორგანიზაციათა ქსელს, სოციალური პროგრამების მხარდაჭერისა და ადვოკატირების მიმართულებით. ამ ეტაპზე ევროკავშირის დახმარებით ვთანამშრომლობთ CENN-თან, გარემოსდაცვითი მიმართულებებით გვაქვს პროექტი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობთ თელავის, ახმეტის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში და გვაქვს ჯგუფები, რომლის მიზანიც არის კლიმატგონივრული საქმიანობისა და მეურნეობების ხელშეწყობა. ჩვენ გვქონდა ასევე ENPART III-ის პროგრამა და ახმეტის მუნიციპალიტეტში შევძელით, რომ მხარი დაგვეჭირა ადგილზე როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ახალგაზრდების მხარდაჭერის და სხვა კუთხით მოსახლეობის გაძლიერებაზე. ამის ფარგლებში არაერთი ინდივიდუალური პროექტი დავაფინანსეთ, სექტორული, სათემო და სოციალური მიმართულებით. შედეგად ბევრი განვითარებული ბიზნესი გვაქვს ახმეტაში. პროექტებში ჩვენი პრიორიტეტი იყო და არიან ქალები და ვფიქრობთ, ევროკავშირის ეს მიდგომა, რომელიც ქალთა გაძლიერებაზეა მიმართული, ძალიან მნიშვნელოვანია'',- განაცხადა კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერმა ნათია ალბორიშვილმა.
სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, ევროკავშირის და მისი საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, კახეთის რეგიონში აქტიურად მუშაობს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ცენტრი უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესებზე.
,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2018 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ახორციელებს ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდის პროგრამას, მათ შორის კახეთში, რაც ითვალისწინებს უშუალოდ კახეთის მოსახლეობასთან სწორი ინფორმაციის მიტანას ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. ჩვენი მიზანია რომ გვყავდეს ინფორმირებული ადგილობრივი მოსახლეობა, გააზრებული მხარდაჭერა ჰქონდეს ევროინტეგრაციის პროცესს ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით, უშუალოდ საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს პირისპირი კომუნიკაციის გზით და ადგილობრივი მედიების ჩართულობით ვახორციელებთ მოსახლეობასთან'',- განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ
ბექა განმარტავს, რომ ძირითადად მათი სამიზნე აუდიტორია არის აზრის გამავრცელებელი მოწყვლადი ჯგუფები კახეთის რეგიონში: მათ შორის საჯარო მოხელეები, ახალგაზრდები, სტუდენტები, პედაგოგები, მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები და სხვა.
,,ვცდილობთ მათთან პირისპირი კომუნიკაცია გვქონდეს, ხშირად მოწვეული ექსპერტების დახმარებით. წლის განმავლობაში დაახლოებით 100 -დე სხვადასხვა ტიპის შეხვედრა და ღონისძიება ტარდება, მათ შორის ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლობის ვიზიტით და ვცდილობთ, რომ ის მხარდაჭერა, რაც აქვს დღეს საზოგადოებაში ევროინტეგრაციის პროცესს, იყოს გამყარებული და შენარჩუნებული. ჩვენ გვინდა ამ ანტიდასავლურ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ სწორი ინფორმაციის გავრცელებით. შეხვედრებზე გარდა სხვა საკითხებისა, ახალგაზრდებს ვაწვდით ინფორმაციას გაცვლით პროგრამებზე, ამ კუთხით არსებულ პროგრამებზე, შესაძლებლობებზე და სხვა'',-განაცხადა ბექა ექსეულიძემ.
ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის (L A G) ბორდის წევრი, სალომე ღონღაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ლაგოდეხში ბევრმა ადგილობრივმა ისარგებლა, რომელთა შორისაც არიან როგორც ასაკიანი, ასევე ახალგაზრდა ბენეფიციარები. სალომე განმარტავს, რომ ევროკავშირის წვლილი, სოფლების, თემების და მუნიციპალიტეტების განვითარებაში, არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი.
,,ფასდაუდებელია ის წვლილი, რომელსაც ევროკავშირი ჩვენი ქვეყნისთვის ახორციელებს. არაერთი წელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ამ დახმარებით სარგებლობს. სწორედ ENPARD-ის პროექტის ფარგლებში დაარსდა ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი (L A G), რომელიც დღემდე აქტიურად მუშაობს. ევროკავშირის დაფინანსებით ისარგებლა არაერთმა მოქალაქემ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ამ ბევრი ადამიანიდან მახსენდება 86 წლის შოთა ბაბუა, რომელმაც ბატატის წარმოება დაიწყო, ასევე ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც სოციალურ შემწეობაზე თქვა უარი და ბიზნესი გააფართოვა. ბევრი პროექტი განვახორცილეთ კაბლის თემშიც. ეს დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის დახმარებით დიდხანს ისარგებლოს'',- აცხადებს სალომე.
სალომე ასევე განმარტავს, რომ სწორედ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოხდა ლაგოდეხის საჯარო სკოლების ნაწილში მეწარმეების ლაბორატორიის გახსნა, რომელიც ახალგაზრდებს ბევრ შესაძლებლობებს უჩენს ადგილზე.
,,მეც ვარ ჩართული ერთ-ერთ პროექტში, რომლის ფარგლებშიც სკოლებში შევქმენთ მეწარმეების ლაბორატორიები, რომელიც ინოვაციურია და გვინდა, რომ ეს ყველა სკოლამ დანერგოს. სწორედ ეს არის განათლების ევროპული მოდელი.''
გარდა იმ პროექტებისა, რომელზეც მასალაშია საუბარი, ევროკავშირის დახმარებით სხვა მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით სამოქალაქო სექტორის და ბიზნესის გაძლიერებას, ქალთა უფლებების დაცვას, ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდას, ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას, სამთავრობო დონეზე რეფორმების მხარდაჭერას და ბევრი მიმართულებით ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს.
ექსპერტების განმარტებით, მნიშვნელოვანია ქვეყანამ მყარად იაროს ევროინტეგრაციის გზაზე და მოქალაქეების იმ 80% -ის სურვილი, რომელიც ემხრობა ქვეყნის ევროინტეგრაციას, შეასრულოს და ხელი შეუწყოს ქვეყანას გახდეს ევროკავშირის წევრი.
„მასალა მომზადებულია პროექტის „საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში. რომელსაც ახორციელებს „მედია ცენტრი კახეთი“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამით TRANSITION დაფინანსებული ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის NESEHNUTÍ მხარდაჭერით.
პუბლიკაციის შინაარსი არ წარმოადგენს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამოუკიდებელი სოციალური ეკოლოგიური მოძრაობის - NESEHNUTI-ს ოფიციალურ შეხედულებებს."