დიდხანს ვიფიქრე თუ რატომ შეიძლება ვუწოდოთ კორონას, ამ საშინელ ვირუსს, რომელმაც მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა, ადამიანური ისტორიების მოზაიკა, მაგრამ თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია. მოზაიკა გამოსახულებაა, რომელიც შედგება ცემენტის ფენაზე დამაგრებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭებისგან. ეს ვირუსიც რაღაც მსგავსია, თითქოს ძალიან ბევრი ფერი ერთად იყრის თავს, რომელშიც პროცენტულად ყველაზე დიდი ადგილი შავს უკავია. თავდაპირველად შავი ფერით ჩინეთი შეიმოსა, როდესაც ათასობით ადამიანი გარდაიცვალა ძალიან ბევრს კი სიცოცხლისთვის დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია.
დიდი იმედგაცრუება ნახეს, როცა სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც კი არ ჰქონდათ უფლება სხვა ქვეყნებში გადასულიყვნენ.თითქოს მათთვის მთელი მსოფლიო დაიკეტა! შესაძლოა იმ მომენტში ყველაზე რეალური გადაწყვეტილება სწორედ ეს იყო და ყველა სახელმწიფო თვითგადარჩენის პრინციპით მუშაობდა, მაგრამ თუ ოდნავ უფრო ადამიანურად დავფიქრდებით, მივხვდებით, რამდენ ჯანმრთელ ადამიანს ვერ გავუწოდეთ დახმარების ხელი. რატომღაც, როცა ამაზე ვფიქრობ, უილიამ გოლდინგის "ბუზთა ბატონი" მახსენდება, რომელიც პატარა ბიჭებზეა. ისინი ავიაკატასტროფის შემდეგ დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. კუნძული ამ შემთხვევაში ჩაკეტილი საზოგადოებაა, მოჯადოებული წრე, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. ცივილიზებული, კარგად აღზრდილი ბიჭები მალე გადაიქცევიან ველურებად, ზოგიერთი მათგანი კი ნამდვილ ურჩხულად. წიგნში ძალიან შემაძრწუნებლადაა ნაჩვენები, რომ ურჩხული შესაძლოა ნებისმიერ ჩვენგანში იმალებოდეს და უბრალოდ ხელსაყრელ დროსა და შესაბამის პირობებს ელოდეს გასაღვიძებლად. მიუხედავად იმისა, რომ "ბუზთა ბატონი" თითქოს ცუდად არ მთავრდება, დასასრული მაინც ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. ბავშვები, რომლებიც სახლში ბრუნდებიან, აღარასდროს იქნებიან ისეთები, როგორებიც კუნძულზე მოხვედრამდე იყვნენ. მათ ისეთი რამ ნახეს, რაც შესაძლოა, ბევრ უფროსსაც არ უნახავს-ძალიან ბევრი სისხლი და თანატოლები, რომლებიც თვითგადარჩენის მიზნით სხვასაც გაწირავენ. ხოლო რაც შეეხება ბუზთა ბატონს ის სხვა არაფერია თუ არა ყოველი ჩვენგანის ბნელი მხარე, ბოროტება რომელიც ყოველ ადამიანში თვლემს. ვფიქრობ, მსგავსი რეალობის წინაშე დადგა ჩინეთის მოსახლეობა თავდაპირველად.
სამწუხაროდ საზღვრების ჩაკეტვამ არ გაამართლა, შავმა ფერმა ჯერ სამხრეთ კორეაში გადაინაცვლა, შემდეგ ირანში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში,ესპანეთში, ევროპის სხვა უამრავ ქვეყანაში და მოაღწია საქართველომდეც. სულ ბოლოს კი ვირუსი მართლაც გვირგვინივით მოერგო მსოფლიოს თავზე და გაბატონდა დედამიწაზე. მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოცხადდა. შიში, რომელიც ჩინეთში იყო გაბატონებული მთელ პლანეტაზე განაწილდა და განურჩევლად ყველა ქვეყანამ ერთად დაიწყო ბრძოლა თავის გადასარჩენად.
გამოაცხადეს საგანგებო სიტუაცია, ადამიანები ჩაიკეტნენ სახლებში, საჭიროა თვითიზოლაცია და ყველა წესის გათვალისწინება იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები.
გაითვალისწინეთ რომ თქვენს უკან თქვენი ოჯახია! დედა, მამა, ბებიები და ბაბუები არიან, რომლებსაც ნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, რის გამოც შესაძლოა ვერ გადაიტანონ ვირუსი, ამიტომ აუცილებელია მოვითმინოთ და თუნდაც რამდენიმე თვე გავატაროთ სახლში, იმისთვის, რომ ბედნიერად გავაგრძელოთ ცხოვრება.
მსოფლიოში უამრავი ადამიანია, ყველას თავისი სჯული, ეროვნება და სარწმუნოება გააჩნია, არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანია თუ ათეისტი, ინდოელი თუ ებრაელი, ყველამ ერთმანეთის რწმენას და გადაწყვეტილებას ვცეთ პატივი . რადიკალიზმი იყო და არის ადამიანის ერთ-ერთი დაუნდობელი მტერი. ჩვენ უნდა მივცეთ, გონებაში არსებული დომინანტი აზრის გარდა, სხვა აზრს და ვერსიას არსებობის უფლება.უმარტივესია სუბიექტურობა, უმარტივესია რადიკალიზმი, ადამიანებისთვის ყველაზე მარტივია დასცინონ ღრმადმორწმუნეს, ან მას, ვისაც გულწრფელად სჯერა და სწამს, რომ ზიარებით შეუძლებელია გადაედოს ვირუსი! ყველა ვალდებულია დაუტოვოს ამ ადამიანებს რწმენა, მისცენ უფლება სჯეროდეთ იმის, რისიც აქამდე სწამდათ და სჯეროდათ! არავის აქვს უფლება ასე დაუნდობლად და სასტიკად მოექცეს მათ სულებს.... თუმცა მიუხედავად ამისა საჭიროა ყველამ გავიაზროთ ის პიროვნული და სოციალური პასუხისმგებლობა, რომ თითოეული ჩვენგანი პოტენციური მკვლელია პანდემიის ფონზე და გვახსოვდეს დიდი საფრთხე რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო.
რატომ ხდება ასე?
ყველა ამ ფოტოს სახელწოდება ერთად არის "გაბრაზებული სამყარო". საქმე იმაშია, რომ ჩვენ არასდროს ვფიქრობთ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს თითოეულ ნაბიჯს თუ ქმედებას. ადამიანები ანაგვიანებენ გარემოს, ყრიან ნაგავს, აბინძურებენ მიწასა თუ წყალს, შემდეგ ამ დანაგვიანებული გარემოსგან უამრავ ბაქტერიააკიდებულ ცხოველს, ჯერ კლავენ და შემდეგ ჭამენ! ვინ იცის რამდენი ტყე დაიწვა ადამიანების დაუდევრობით და ყოველდღიურად როგორ ბინძურდება ჰაერი უამრავი მანქანის თუ ქარხნის გამონაბოლქვით... სასაცილოც კი არის ის ფაქტი რომ ადამიანებმა გარემოს სინათლით დაბინძურებაც კი მოახერხეს! ერთ ღამეს რომ ჩაბნელდეს ქალაქი დავინახავთ იმას, რაც გარეგანათებების შუქში ყოველ ღამე იკარგება-ვარსვლავებით მოჭედილ ცას, დავინახავთ ვარსკვლავებს, რომლებსაც უამრავი ფრინველი გამოიყენებდა საორიენტაციოდ რომ არა ჩვენ!
სამყარო ისვენებს
რთულია სათქმელად, მაგრამ ფაქტია, რომ კორონავირუსს აქვს რაღაც დადებითი მხარეებიც! აღარავის აქვს დრო, მოკლას ცხოველები, გადაწვას ტყეები და დაანაგვიანოს გარემო! გარდა ამისა, არის სხვა დადებითი ფაქტორებიც: ადამიანები დიდ დროს ატარებენ თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად, აფასებენ იმას, რომ ჯანმრთელობა მთავარია, სხვა ყველა პრობლემა კი მოგვარებადი! ერთმანეთს ამხნევებენ, უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და იწყებენ თავიანთი სახელმწიფოს დაფასებას! რაც მთავარია სამყაროს შეემატა უამრავი გმირი! ზოგი პატარა ზოგიკი დიდ გმირობებს ჩადის, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა!
ეს ექიმია ვუჰანიდან, რომელმაც 87 წლის პაციენტი გამოიყვანა საავადმყოფოდან მზის სანახავად. რადგან დიდია ალბათობა იმისა რომ ეს მისთვის ბოლო სინათლეა დედამიწაზე. აქვე შეგატყობინებთ, კიდევ ერთ გმირზე, იტალიელ ბერზე, რომელმაც თავისი სასუნთქი აპარატი ახალგაზრდას დაუთმო, თვითონ კი სამწუხაროდ გარდაიცვალა, რადგან ბერგამოში ცოცხალი რიგია სუნთქვის აპარატებზე.
ეს გმირობების მცირე ჩამონათვალია რამაც ჩვენამდე მოაღწია, ასეთი ადამიანი კიდევ ბევრია! სწორედ ისინი მატებენ ფერებს დღევანდელ, სამწუხარო რეალობას და არ აძლევენ უფლებას შავს, რომ მთლიანად გაბატონდეს. ეს ადამიანები ქმნიან იმ ფერადი კენჭებისგან შემდგარ მოზაიკას, რომელზეც დასაწყისში ვსაუბრობდი, იძლევიან დიდ იმედს და ადამიანებში აღვიძებენ რწმენას, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ერთად ყველაფერს შევძლებთ!!!
ნანუკა მაცაბერიძე,
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის მიმართულების I კურსის სტუდენტი