ბორჯომში, მატარებლის მოსაცდელზე, მგზავრები სარკინიგზო ტრანსპორტს ელოდებიან. ეს მატარებელი ე. წ „კუკუშკაა“, პატარა, ვიწროლიანდაგზე მოძრავ მატარებელს მგზავრები ბორჯომიდან ბაკურიანში მიჰყავს.
ოთხვაგონიან მატარებელში ჩასხდომა 10:55 საათზე იწყება, ვაგონები ნელ-ნელა ივსება, ახლა სამთო კურორტზე სათხილამურო სეზონია და „კუკუშკასაც“ შესაბამისად ბევრი მგზავრი ჰყავს.
ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გიორგი დამენია ტურისტული კომპანია „თრეველ ერსის“ გიდია, რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების ჯგუფი ახლა „კუკუშკით“ ბაკურიანში მიჰყავს. ტურისტული კომპანიები მარშრუტებს ზამთარში "კუკუშკით" მგზავრობას ამატებენ. გიორგი ამბობს, რომ ვიზიტორებს ძალიან მოსწონთ მთაში მატარებლით მგზავრობა, მით უმეტეს მაშინ, როცა ირგვლივ ყველაფერი დათოვლილია, მატარებლის ვაგონებში კი სასიამოვნოდ თბილა.
მარაფ ტანატაროვა ყაზახეთიდან სპეციალურად ზამთრის ბორჯომის სანახავად ჩამოვიდა. ბაკურიანში კუკუშკით გამგზავრება მეგობრებმა ურჩიეს.
მარია კოსტინა რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების ათკაციან ჯგუფშია. იგი საქართველოს დედასთან ერთად სტუმრობს.
„საქართველოში მოგზაურობით დიდი ხნის ოცნება ავისრულე, უკვე ვნახეთ თბილისი, დავაგემოვნეთ ქართული კერძები, ღვინო. კუკუშკით მგზავრობა ჩვენთვის კიდევ ერთი თავგადასავალია, ძალიან მომწონს, ზუსტად არ ვიცი რატომ ჰქვია ეს სახელი, იმედი მაქვს იმ ფრინველს არ გავს თავის ბარტყებს, რომ სხვის ბუდეში ტოვებს და არც ჩვენ დაგვტოვებს გზად სხვა გაჩერებებზე“ - გვიამბობს მოგზაურობით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე მარია
ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი, საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და, რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა. 1902 წლის იანვრიდან, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით პირველმა „კუკუშკა“ მატარებელმა გაიარა.
მატარებლის საყვირის ხმა გუგულის ხმას გავდა, ამიტომ მატარებელს გამოჩენისთანავე „კუკუშკა“ შეარქვეს და ამ სახელით იცნობს მას ყველა.
ბორჯომიდან ბაკურიანამდე 37 კილომეტრის დაფარვას კუკუშკა ორსაათნახევარს ანდომებს. გზად 12 გაჩერებაა. წაღვერში ორი "კუკუშკა" ერთმანეთს ხვდება, მატარებელს მგზავრები ემატებიან.
კუკუშკის მგზავრებმა უსაფრთხოდ და კომფორტულად რომ იმგზავრონ, გამცილებელი მუდმივად მატარებელშია, ვაგონიდან ვაგონში გადაადგილდება, ბილეთებს ამოწმებს, მგზავრებს ესაუბრება და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
ამჯერად კუკუშკას შალვა ავეტისოვი აცილებს, 60 წლის მოლარე-ოპერატორი 30 წელია საქართველოს რკინიგზაში მუშაობს
ოთხვაგონიანი "კუკუშკის" ერთ ვაგონში 32 მგზავრი ჯდება, სულ მატარებელი 130 მგზავრზეა გათვლილი, მაგრამ ზამთრის სეზონზე 200 ადამიანიც გადაუყვანია ერთდროულად.
უცხოელ ტურისტებთან ერთად, "კუკუშკით" ადგილობრივი დამსვენებლებიც სარგებლობენ, დათოვლილ ტყეში მატარებლით მოგზაურობა მათთვისაც მიმზიდველია.
მირანდა დემურია და მაგდა ლომიძე სოფელ ლიბანში მიემგზავრებიან. მირანდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ამ ძალიან პატარა სოფელში ყოველ ზამთარს ისვენებს, წელს ზამთრის თავგადასავალს მაგდაც შეუერთდა.
მირანდა - „ყოველთვის ავდივართ ხოლმე "უკუშკით" იმიტომ, რომ ეს გზაა საინტერესო, იქიდანაც "კუკუშკით" მოვდივართ ხოლმე. კვირის ბოლომდე იქ დავრჩებით, საინტერესო დასვენება გველოდება, ამ პატარა სოფელში ძირითადად ხანდაზმულები ცხოვრობენ, იმ საკვებს, რომელიც ახლა მიგვაქვს მათაც ვუნაწილებთ“
მაგდა - „ ამ მატარებლით პირველად ვმგზავრობ, ძალიან მომწონს, ერთი სული მაქვს ცოტა მაღალზე როდის ავალთ, მინდა გარეთ გავიდე და ფოტოები გადავიღო“
მატარებელი რაც უფრო მაღლა მიიწევს მთაში, იმატებს ვაგონებიდან გარეთ გამსვლელთა რიცხვი, ვაგონებს შორის არსებულ გადასასვლელებზე მგზავრები ფოტოების გადასაღებად რიგში დგანან.
"კუკუშკის" ბოლო გაჩერება ბაკურიანია, აქ უკვე ვაგონები იცლება, პატარა მატარებელი ახალ მგზავრებს და ახალ თავგადასავლებს ელოდება.