Loading

დღიურები თსუ მულტიმედია ცენტრი

დღე პირველი - გახსნა

პროექტი ფრანგული მხარის მიერ განხორციელდა და მისი მიზანი მომავალი ჟურნალისტებისთვის უცხო ქვეყანაში მუშაობის პროფესიული უნარების შეძენაა. მთავარი მახასიათებელი, რომლითაც ეს თანამშრომლობა გამორჩეულია პრაქტიკულ სწავლებაზე დაფძნებული კოლაბორაციაა, რაც თსუ-ს სტუდენტებს ევროპულ მედიასკოლასთან თანამშრომლობით მეტ გამოცდილებას და ქვეყანას ცნობადობის მატებას მოუტანს შედეგად.

საქართველოს შესახებ ბეჭდური, რადიო და ტელეპროდუქციის მომზადება, ქართველი და ფრანგი სტუდენტების თანამშრომლობით განხორციელდა.

სამი კვირის განმავლობაში თსუ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად წერილობითი და აუდიო-ვიზუალური ჟურნალისტური კონტენტი მოამზადეს.

აკადემიური წრის ფრანგი წარმომადგენლები როტაციის პრინციპით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მნიშვნელოვანი იყო თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის მათთან კომუნიკაცია : GORISSE-MONDOLONI Matthieu (რადიო ფრანსის ჟურნალისტი), PAQUET Marion (დამოუკიდებელი რადიოჟურნალისტი); WENGER Stephanie ( Le Monde, Quentin DESCAMPS ჟურნალისტი, ასოცირებული პროფესორი, მულტიმედიური ბეჭდური პრესის სპეციალიზაციის კოორდინატორი), Alain PETER (საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), Guillaume BARDET (მულტიმედია და აუდიოვიზუალური დეპარტამენტის უფროსი), ean-Christophe GALEN (აუდიოვიზუალური ტექნიკოსი, ჟურნალის მენეჯერი); Christophe BUSCHÉ (ჟურნალისტი, ასოცირებული ლექტორი).

სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ქართულ-ფრანგული ჯგუფები ბეჭდური, რადიო და ტელე რედაქციების მიხედვით გადანაწილდნენ. იმოგზაურეს საქართველოს რეგიონებში - თბილისის გარდა, იმყოფებოდნენ კახეთის რაიონში, ახმეტაში, მცხეთა-თიანეთში, სტეფანწმინდა -ლარსის გამშვებ პუნქტზე, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში, რუსთავში, ქუთაისში, აჭარაში. სტუდენტებს მინიჭებული ჰქონდათ სრული თავისუფლება. ისინი თავად ირჩევდნენ თემებს სიუჟეტებისთვის, პოულობდნენ რესპონდენტებს და ერთობლივად მუშაობდნენ საბოლოო პროდუქტის მომზადებაზე.

თსუ-ს ადმინისტრაციამ და სოციალურ და პოულიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ მაქსიმალურად შეუწყო ხელი პროექტის წარმატებით განხორციელებას.

,,ნებისმიერი წარმატებული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება აწმყოში გვაძლევს იმის მოლოდინის საშუალებას, რომ მომავალში უკეთესი პერსპექტივები გვქონდეს", - ამბობს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა და დარწმუნებულია, რომ ეს თანამშრომლობა ქართველ სტუდენტებს უცხოელ კოლეგებთან მჭიდროდ დააკავშირებს და მათ სამომავლო, ჟურნალისტურ კარიერას სასიკეთოდ წაადგება.

სტრასბურგის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის წარმომადგენელმა ალენ პეტერმა გაიხსენა ის წლები, როცა იგი პირველად სტუმრობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

„მას შემდეგ საქართველოც შეიცვალა და საფრანგეთიც, უცვლელი დარჩა პედაგოგიური მიდგომა – ჩვენმა სტუდენტებმა უნდა შეისწავლონ ბევრი რამ, რისი გათვალისწინებაც მოუწევთ უცხო ქვეყანაში რეპორტაჟების მომზადების დროს. ჩვენ უნდა შევქმნათ ბეჭდური, აუდიო და ვიზუალური მასალები, რომელიც ვებგვერდზე განთავსდება. ამ მიზნის განხორციელება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ურთიერთობას დაამყარებენ ერთმანეთთან ქართველი და ფრანგი სტუდენტები“, – აუდიტორიას წარუდგინა სტრასბურგის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო სკოლის კურსდამთავრებული, დღეს უკვე თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი თინათინ მაჭარაშვილი, რომელიც პროექტის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში აქტიურადაა ჩართული.

პროექტის მონაწილეები მოინახულა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელმა, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშემ, ალექსანდრა რიშტერმა.

სტუმარი გაეცნო სამუშაო პროცესს, შეხვდა პროექტის ფრანგ კოორდინატორებს და ესაუბრა პროექტში სტუდენტებს. ალექსანდრა რიშტერის განცხადებით, აღნიშნული პროექტი სასიამოვნო სამუშაო გარემოს ფონზე მიმდინარეობს:

,,ვფიქრობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სამუშაოდ ძალიან კარგი გარემოა შექმნილი. სტუდენტებს ტექნიკურად თუ სხვა მხრივ, რაც სჭირდებათ, ყველაფერი აქვთ. ქართულ და ფრანგულ ჯგუფებს შორის საკმაოდ ურთიერთგამგებიანი ურთიერთობაა, რაც, თავის მხრივ, ძალიან საინტერესოა მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამების დროს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგად აისახება სტუდენტების მიერ შექმნილ საბოლოო პროექტებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ შეხვედრები ფრანგ და ქართველ სტუდენტებს შორის სამომავლოდ გაგრძელდება და პროექტის დასრულების შემდეგ მათ შორის თანამშრომლობა ისევ ძალაში დარჩება. ასევე, მიმაჩნია, რომ იმ ქართველ სტუდენტებს, ვისაც საფრანგეთში სწავლის გაგრძელება ენდომება, ეს პროექტი ძალიან დაეხმარება”.

.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა შამილიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი გამოცდილება მნიშვნელოვნად დადებითად აისახება თსუ-ს სტუდენტების პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე. ქალბატონი მანანა განსაკუთრებით აფასებს ქართველი ახალგაზრდების თავდაუზოგავ შრომას:

,,შრომატევადი, დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო პროცესია, რომელიც გაგრძნობინებს შენი პროფესიის მნიშვნელობას, მის არსში უკეთ გარკვევას. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას მოგცემს"

პროექტის მონაწილეებს შორის არიან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პროგრამის ,,ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია რუსული კომპონენტებით" სტუდენტები. ბილინგვური პროგრამის სტუდენტები ხელმძღვანელთან, ხათუნა მაისაშვილთან ერთად, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი ჟურნალისტური პროდუქტის შექმნისთვის.

,,პრაქტიკული სწავლების მეთოდი უმნიშვნელოვანესია - თუ აპირებ იყო რეპორტიორი, თუ გინდა შეგეძლოს ადაპტაცია ნებისმიერ ახალ გარემოსთან, ეს გზა უნდა გაიარო, სხვა ალტერნატივა ფაქტობრივად არ არსებობს"

ბეჭდური მედიის პრაქტიკული კურსის ფარგლებში, ჩვენმა სტუდენტებმა მოამზადეს ჟურნალის სპეციალური ნომერი - ,,გზავნილი სტრასბურგს", რომელიც მიეძღვნა ქართულ - ფრანგულ თანამშრომლობას.

,,გზავნილზე" მუშაობის პროცესი

,,ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ დავალებას და მოკლე დროში შექმნეს პროდუქტი, რომელშიც შეხვდებით როგორც ინტერვიუებს, ასევე რეპორტაჟებს, ბლოგებს და სხვადასხვა საჟურნალე მასალას. ესეც ერთგვარი გამოცდა გახლდათ - როგორ მოასწრებდნენ ისინი მოკლე ვადაში რესპონდენტებთან დაკავშირებას, რა ჟანრში წარმოადგენდნენ უკეთ ფრანგი სტუდენტების მუშაობის პროცესს, რა ასპექტით დაანახებდნენ მკითხველს ვიზიტის მნიშვნელობას. ვფიქრობ, გაართვეს თავი ამოცანას. ,,გზავნილი" იქნება კიდევ ერთი რამ, რაც ამ ვიზიტს დასამახსოვრებელს გახდის",- ამბობს მაია ტორაძე.

პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი რედაქცია მულტიმედია ცენტრის ბაზაზე იყო განთავსებული, სადაც სტუდენტები ქმნიდნენ პოტკასტებსა და რადიოპროდუქციას. აღსანიშნავია, რომ თსუ მულტიმედია ცენტრი წარმოგიდგენთ სტუდენტურ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც აისახება გაერთიანებული რედაქციების სამუშაო პროცესი და, ზოგადად, პროექტის მიმდინარეობა.

ყველა მასალა, რაც შეიქმნა ამ პროექტის ფარგლებში განთავსდება მულტიმედია ცენტრის ვებ პლატფორმასა და ფეისბუქ გვერდზე. ფოტო- რეპორტაჟის სანახავად შგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე:

ქართულ-ფრანგული პროექტის შეჯამება

27 მაისს სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (CUEJ) მაგისტრანტთა ჯგუფმა, რომელიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ბეჭდური და რადიოპროდუქტის შესაქმნელად მუშაობდა, მზა პროდუქცია – ჟურნალი, ტელესიუჟეტები და რადიო პოდკასტები – წარუდგინა აუდიტორიას. პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც ფრანგი, ასევე ქართველი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. პროექტის განხორციელებაში ჩართული თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ჯგუფი, კონკურსის წესით შეირჩა ამ პროექტში მონაწილეობისთვის. მასში ასევე მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრანტები.

აუდიტორიას მიმართეს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სალომე დუნდუამ, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა შამილიშვილმა, თსუ-ს მოწვეულმა ლექტორმა, მულტიმედია ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ნათია რაჭველიშვილმა, ასოცირებულმა პროფესორებმა მაია ტორაძემ და ნათია კუპრაშვილმა, ასევე სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის პროფესორმა ალენ პიტერსმა, პროექტში ჩართულმა ქართველმა და ფრანგმა სტუდენტებმა თავად წარმოადგინეს სამივე მიმართულების ფარგლებში შექმნილი პროდუქცია.

News d, in Georgie L’équilibriste – ასე დაარქვეს ფრანგმა სტუდენტებმა ჟურნალს, რომელიც დარბაზს მისმა რედაქტორმა ოდრე სენეკალმა (Audrey Senecal) წარუდგინა. სტუდენტებმა ასევე აჩვენეს ონლაინ პროდუქტი, ტელეპროდუქციის და რადიო პოდკასტების ნაწილი.

ნაჩვენები იყო ქართველი სტუდენტების მიერ გადაღებული, პროექტზე მუშაობის პროცესის ამსახველი, განწყობის ვიდეო. ითქვა, რომ თსუ სტუდენტები ამჟამად მუშაობენ ორენოვან ფილმზე, სადაც ასახული იქნება პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპი. ფილმი შეიქმნება მულტიმედია ცენტრის ბაზაზე და როგორც პროექტის ფარგლებში მომზადებული ყველა პროდუქტი განთავსდება მულტიმედია ცენტრის ვებ პლატფორმაზე.

ფრანგ სტუმრებს თსუ-ს სტუდენტური – სასწავლო ჟურნალი „გზავნილი სტრასბურგს“ წარუდგინეს ნომრის რედაქტორებმა გვანცა პავლიაშვილმა და სალომე სიმონიამ. აღინიშნა, რომ რედაქცია გეგმავს მომზადებული მასალების ფრანგულ ენაზე თარგმნას და ჟურნალის ორენოვანი ვერსიის ფრანგი კოლეგებისთვის მიწოდებას.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჟურნალში „გზავნილი სტრასბურგს“, სხვა მასალებთან ერთად, დაიბეჭდა პროექტის ხელმძღვანელის, სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის პროფესორის, ალენ პიტერის ინტერვიუ, რომელშიც იგი მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ქართველ სტუდენტებს ჩართულობისა და დახმარებისთვის:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველ სტუდენტებს ჩვენთან ერთად მუშაობის ძლიერი მოტივაცია ჰქონდათ. ვფიქრობ, ისინი ხედავენ, რომ ამგვარი თანამშრომლობა ცოცხალი გზაა ჟურნალისტური პრაქტიკისთვის. უნდა ვთქვა ისიც, რომ ისინი ინგლისურად ძალიან კარგად საუბრობენ, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ჩვენს ურთიერთობებს. რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მოლოდინები სრულიად გამართლდა. თსუ თავიდანვე მიესალმა სტრასბურგის უნივერსიტეტის მედიასკოლის ინიციატივას. ჩვენ მივიღეთ ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა – სტუდენტები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებდნენ და აუდიტორიები ჩვენი ნიუსრუმებისთვის“.

ქალაქები, სადაც სტრასბურგის უნივერსიტეტი მსგავსი ვიზიტით იმყოფებოდა

ორივე ქვეყნის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ეს თანამშრომლობა აუცილებლად იქნება სასარგებლო როგორც ქართველი, ისე ფრანგი სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის.