გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, კოტე აფხაზის სასახლე მოუვლელობის გამო ნადგურდება. შენობა თითქმის დანგრეულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მისი რეაბილიტაცია დღემდე არ განხორციელებულა და უყურადღებობის გამო ნადგურდება ისტორიული ძეგლი.
აღსანიშნავია, რომ მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიანიჭა.
აღნიშნულ საკითხზე knews.ge-მ ვრცელი მასალა 2018 წელსაც გაავრცელა. ძეგლი მაშინაც მძიმე მდგომარეობაში იყო და ადგილობრივები მის გადარჩენას ითხოვდნენ.
“ძეგლს ჰყავს თავისი მესაკუთრე, რომელსაც სურს გაყიდვა. ის ვალდებულია, რომ ძეგლის გადარჩენაზე იზრუნოს. ამავე დროს გვინდა, სასახლით ინვესტორი დავაინტერესოთ. ამ ეტაპზე გაცილებით უფრო პრიორიტეტულია სხვა ძეგლები, რომლებსაც სჭირდება სასწრაფო რეაბილიტაცია“, – აცხადებდნენ 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში knews.ge-სთან საუბრისას .
შენობის მდგომარეობა დღესაც არ შეცვლილა. უფრო მეტიც, 2018 წლისგან განსხვავებით დღეს შენობის დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია.
სოფელ კარდენახის მკვიდრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი დათო ტაბახმელაშვილი აცხადებს, რომ აფხაზთა ფეოდალური გვარის სასახლე დღითიდღე ნადგურდება.
მისი თქმით, არსებულ მძიმე გარემოებას ემატება ისიც, რომ ვიღაცამ დაიწყო სასახლის დარჩენილი ნაწილების საშენი მასალის თავმოყრა და გატანა.
,,გავიზარდე სოფელ კარდენახში. დავამთავრე სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა. ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი რატომაც დავინტერესდი ამ სასახლის ბედით არის ის, რომ მე ვიზრდებოდი იმ სივრცეში, სადაც ეს სასახლე მდებარეობს. ამის გარდა ჩემი დაინტერესება განაპირობა იმ ისტორიულმა წარსულმა, რაც დაკავშირებულია ამ სასახლესთან. აფხაზთა ფეოდალური გვარის კუთვნილი სასახლის ბედით წლების წინ დავინტერესდი და მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 10 წლის წინ სასახლის მდგომარეობა არ იყო სავალალო და მისი გადარჩენა-აღდგენა იმაზე ნაკლებ ძალისხმევას საჭიროებდა ვიდრე დღეს. ბოლო რამდენიმე წელია ყოველ წელს მივდივარ სასახლის სანახავად და იმ რეალობის გადასაღებად, რაც მხვდება იქ. სასახლე ამჟამად ეკუთვნის ნიკო აფხაზს - კონსტანტინე აფხაზის ნათესავს. ნიკო აფხაზს სასახლე კერძო მფლობელობაში გადასცა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2000-იანი წლების დასაწყისში. თავდაპირველად, როგორც ჩემთვის ცნობილია, სასახლეს მიუჩინეს მეთვალყურე, თუმცა მოგვიანებით სასახლე მეთვალყურის გარეშე დარჩა. ზუსტად რა მოხდა ჩვენთვის უცნობია'',- აცხადებს დათო ტაბახმელაშვილი.
ახალგაზრდა knews.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შენობა რთულ მდგომარეობაშია, აღარ აქვს კედლები და სახურავი. ასევე მიმდინარეობს მისი გაძარცვა.
,,სასახლე განეკუთვნება მე-19 საუკუნეს და იგი ეკუთვნოდა აფხაზთა ფეოდალურ გვარს. ამ გვარის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი იყო გენერალი კონსტანტინე აფხაზი, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან ილია ჭავჭავაძის მიერ გადაცემული სათავადაზნაურო ბანკის მთელი ფინანსური რესურსი ქართული უნივერსიტეტის დაარსებას და სახელმწიფოს გაძლიერებას მოახმარა.
საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ კი, როგორც ნამდვილი მამულიშვილი და მებრძოლი საკუთარი სამშობლოსი, საბჭოთა ხელისუფლებამ 1923 წლის 20 მაისს ვაკის პარკში დახვრიტა სხვა თანამემამულეებთან ერთად.
ასევე კონსტანტინე აფხაზი იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილი. ილია ხშირად სტუმრობდა დის - ნინო ჭავჭავაძის ოჯახს სოფელ კარდენახში, იმ სასახლეში, რომელიც დღეს გადასარჩენია. ცნობილია ის ფაქტიც, რომ ილია ჭავჭავაძემ, ლექსი ‘’ყვარლის მთებს’’ და პოემა - ‘’კაკო ყაჩაღი’’, სწორედ კარდენახში დაწერა'',-განაცხადა დათო ტაბახმელაშვილმა.
ახალგაზრდა საუბრისას ასევე ყურადღებას ამახვილებს სასახლის ისტორიულ მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, სამომავლოდ შენობის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
აღნიშნულ საკითხზე knews.ge გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული საკითხი მათ არ ეხებათ, რადგან შენობას კერძო მესაკუთრე ყავს.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ადგილიდან, სადაც კარგად ჩანს შენობის არსებული მდგომარეობა.