Loading

“Მდუმარე” დეპუტატის გავლენები მარნეულში ავტორები: აიდან იუსუბოვა და მანანა ღოღობერიძე

ოთხი წელია თამაზ ნავერიანი პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარია და კანონშემოქმედებითი აქტივობით ვერ დაიკვეხნის. 2018 წელს ის “მდუმარე” დეპუტატების სიაში მოხვდა. 49 პლენარული სხდომიდან სიტყვის უფლება არც ერთხელ გამოუყენებია. ნავერიანი იმ დეპუტატების რიგში იყო, “ქართულ ოცნებას” რომ “აუმხედრდნენ” და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებოდნენ.

წინააღმდეგობის მიზეზი ნავერიანს მართლაც რომ საკმარისად აქვს. საკუთარი ძალაუფლების სისტემა, რომელიც მარნეულში შექმნა, რისკებისგან უნდა დაიცვას. ახლა გარდამტეხი მომენტია: “ქართულმა ოცნებამ” ნავერიანი მაჟორიტარად აღარ დაასახელა და მის ადგილას მარნეულის ყოფილი მერი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ზაურ დარგალი არჩიეს. თუმცა, ამით ნავერიანების გავლენა მარნეულში არ დასრულდება, რადგან ამ წლების განმავლობაში მისმა გარემოცვამ რეგიონში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.

ნავერიანები ეკომიგრანტები არიან. მარნეულში 1987 წელს, სვანეთის სტიქიისას ჩამოასახლეს. მას შემდეგ ეს გვარი ფულთან, ძალადობრივ საქმიანობასთან, ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებასთან ასოცირდება.

დეპუტატი თამაზ ნავერიანი განათლებით ფიზკულტუროლოგია. მისი სამუშაო გამოცდილება სპორტკომპლექსის მეთოდისტობით იწყება.

1990-92 წლებში მარნეულის პრეფექტის და გამგებლის მოადგილე იყო. 1992-2016 წლებში ჯერ მწვრთნელი იყო, მოგვიანებით, სპორტკომპლექსს ხელმძღვანელობდა. 2005-2013 წლებში კი ძიუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი იყო.

შემდეგ სპორტიდან პირდაპირ პარლამენტში მოხვდა. 2016 წელს თამაზ ნავერიანი მარნეულში “ქართული ოცნების” მაჟოტიტარი დეპუტატი გახდა.

საპარლამენტო არჩევნებზე მისი ოპონენტი აჰმედ იმამყულიევი იყო. მისი თქმით, თამაზ ნავერიანმა ხმების მოსაპოვებლად მარნეულის აგრარული ბაზარი გამოიყენა: “ვინც მე მხარს მიჭერდა, ემუქრებოდნენ. მაღაზიები ვისაც ჰქონდა, იმათთან მივიდნენ და ეუბნებოდნენ, თუ ხმას ჩვენ არ მოგვცემთ, გადით ბაზრიდანო. ხელშეკრულებას აღარ უგრძელებდნენ.”

წინასაარჩევნოდ, თამაზ ნავერიანის ბაზარში სტუმრობას, მარნეულელი პოლიტოლოგი მურად მურადოვიც იხსენებს:

“მიდიოდნენ მოვაჭრეებთან, დაუჭირეთ მხარი ნავერიანს, იმიტომ რომ ჩვენი ბაზრის დირექტორიაო. ეს მოსყიდვა არა, უფრო ამომრჩეველზე ზეწოლა იყო.”

მურად მურადოვის თქმით, ნავერიანი მარნეულის სტადიონის თემითაც მანიპულირებდა. წინასაარჩევნოდ, ადგილობრივებს გარემონტებულ, თანამედროვე სტადიონს ჰპირდებოდა, თუმცა ეს მხოლოდ ხრიკი იყო ხმების მოსაპოვებლად. მარნეულელებს ახალი სტადიონი არჩევნებიდან ოთხი წლის შემდეგაც არ აქვთ.

“არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცენტრალური სტადიონის წინ გამართეს პრესკონფერენცია, იძახდნენ, ჩვენი არჩევის შემთხვევაში, ამას გავაკეთებთ, მარნეულში იქნება ევროპული სტანდარტების სტადიონიო… ტენდერიც იყო გამოცხადებული, მაგრამ არაფერია გაკეთებული. 200 ათასი ლარი მხოლოდ პროექტის შექმნაზე დახარჯეს და მესამედ აცხადებენ ტენდერს,“ - ამბობს მურადოვი.

მარნეულში ცენტრალური სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახლის მშენებლობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 2020 წლის ივნისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6.9 მილიონი ლარია.

ადგილობრივი აქტივისტი სოფელ წერეთელიდან, გიორგი მუმლაძე იხსენებს, რომ მარნეულელ აზერბაიჯანელებს მაჟორიტარად ნავერიანის არჩევა სვანების კრიმინალური წარსულის გამო არ სურდათ.

გიორგი მუმლაძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიისას, თამაზ ნავერიანი თავის ეთნიკურ წარმომავლობას უსვამდა ხაზს და ამას აჰმედ იმამყულიევის წინააღმდეგ უპირატესობად მიიჩნევდა:

“დადიოდნენ და ამბობდნენ, ახლა არჩევანია თათარს და ქართველს შორისო. ხალხს აფიცებინებდნენ, თათარს ხომ არ მივცემთ ხმასო. თათარმა არ უნდა მოგვიგოს, ამ მიწის წართმევა უნდათო. Ჩემს სოფელში ასე იყო ნამდვილად. ამით საზრდოობს ანტაგონიზმი.”

მურად მურადოვი გვიყვება, რომ 2016 წელს თამაზ ნავერიანს მარნეულელი მოსახლეობის მხარდაჭერა არ ჰქონდა, რადგან აქ უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია და მათივე ეროვნების დეპუტატი ერჩივნათ:

“მარნეულში მოსახლეობის 85% აზერბაიჯანელია და უნდოდათ ისეთი კანდიდატი, რომელიც მათგან არის გამოსული, შიგნიდან, მათი წარმომადგენელია და პრობლემებს, ეთნიკურ-კულტურულ სპეციფიკას იცნობს. ითხოვდნენ, ჩვენს ენაზე მოლაპარაკე დეპუტატი გვინდაო, ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს ნათქვამს გაიგებს, გაიაზრებს, გაიტანს სადღაც და შემდეგ მხარში დაგვიდგებაო.”

ასეთ ვითარებაში აჰმედ იმამყულიევს ექნებოდა უპირატესობა, თუმცა როგორც მურადოვი ამბობს, სვანებმა მის წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია და ამბობდნენ, ნამდვილი მარნეულელი არც ის არისო.

“იმამყულიევის წინააღმდეგ იყო კამპანია, რომ არ არის აზერბაიჯანელი, დედა ბერძენი და მამა თურქმენი ჰყავსო. ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს, მხოლოდ აქ დაიბადა, მაგრამ ჩვენიანი არ არისო. მე კი ვარ ნავერიანი, მაგრამ მარნეულში ვცხოვრობ წლებია, საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, იმამყულიევის წარსული კი საქართველოს არ უკავშირდებაო. ამაზე თვითონ აზერბაიჯანელი მოსახლეობაც საუბრობდა,“ - იხსენებს პოლიტოლოგი მურად მურადოვი.

მარნეულელი სვანების წარსულ საქმიანობაზე საუბრისას ადგილობრივებს ძარცვა, ყაჩაღობა, მოსახლეობის რეკეტი ახსენდებათ. არ ამბობენ, მონაწილეობდნენ თუ არა კრიმინალურ საქმიანობაში უშუალოდ ნავერიანები. თუმცა ხაზს უსვამენ, რომ 90-იან წლებში დანაშაულებრივ ჯგუფებში ჩართულმა სვანებმა შემდეგ თანამდებობები მიიღეს. ასეთი კი მარნეულში მხოლოდ ნავერიანების გვარია.

“სახელმწიფო დონეზე დაიწყეს ხალხის გატაცება. მერებით დაწყებული, ჩვეულებრივი ადამიანებით დამთავრებული, ყველა გაიტაცეს სათითაოდ და ფულს ითხოვდნენ. ჩვენთან სვანები იყვნენ ამ საქმის სათავეში. ურთიერთობების დალაგება გვინდოდა, მივიღეთ ისინი, ყველაფერი მივეცით, დავეხმარეთ, მაგრამ ქურდობა დაიწყეს. მერე ამათ თანამდებობები გადასცეს,” - ამბობს მარნეულში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა.

ამ გამოძიებაზე მუშაობის პროცესში თვალშისაცემი იყო მარნეულში მცხოვრებთა შიში ნავერიანების ხსენებისას. ჩვენი რესპონდენტების დიდმა ნაწილმა გვთხოვა, რომ მათი ვინაობა საჯაროდ არ დაგვესახელებინა.

როგორც ჩანს, წარსულთან ერთად, ადგილობრივებს ნავერიანის ახლანდელი საქმიანობაც არ მოსწონთ. მურად მურადოვი მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების პოზიციას გვიყვება: “ნავერიანის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ იმიტომ, რომ ადამიანი 4 წელია პარლამენტშია და არასდროს გამოსულა სიტყვით, კანონპროექტის ინიცირება არ გაუკეთებია, განხილვაში არ მიუღია მონაწილეობა, რეგიონის პრობლემებთან დაკავშირებით, ხელშესახები არაფერი გაუკეთებია.”

აქტივისტი გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ სვანი ეკომიგრანტების ჩამოსახლებამ ეთნიკურ ნიადაგზე არსებული კონფლიქტი გააღრმავა:

“ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ყაჩაღობის, ქურდობის, მკვლელობის. აზერბაიჯანელებს, ძირითადად, სვანებთან მოსდიოდათ კონფლიქტი. მათ ჰქონდათ იარაღი და მისი გამოყენებით ხდებოდა ადამიანების დარეკეტება, ქონების წართმევა. რამდენიმე წელი ამას ინტენსიური ხასიათი ჰქონდა. თუმცა, დოკუმენტირება არ ხდებოდა, საინფორმაციო ვაკუუმი იყო.”

სვანების მარნეულში ჩამოსახლებას ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა. ამის მიზეზი კი მათი განსხვავებული ტრადიციები და ცხოვრების წესი იყო. რონდელის ფონდის მკვლევარი, ალექსანდრე კვახაძე მარნეულის აზერბაიჯანულ დასახლებებში სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და რელიგიურ ვითარებას იკვლევს. ის ამბობს, რომ ეკომიგრაციის შემდეგ სვანებმა ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ კლანური მართვისას ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება, მარნეულის შემთხვევაში კი ეთნიკური ინტერესიც არსებობს:

“სამწუხაროდ, ბოლო წლებში, მარნეულში ადგილობრივი კლანების ძალაუფლებას ეთნიკური განზომილებაც აქვს და ადგილობრივი აქტივისტების თქმით, ის უფრო მეტად პოლიტიკაში ნავერიანების შემოსვლას უკავშირდება”.

მიქელაძის ინფორმაციით, მარნეულში სვანური კლანს ადგილობრივი ეპარქიაც ეხმარება. ისინი ერთმანეთის მიმართ ლოიალურები არიან, ამ ტიპის მმართველობა კი საბოლოოდ, დემოკრატიულ პროცესებს აფერხებს და ხალხს ადგილობრივი ხელისუფლების ნდობა ეკარგება. იურისტი ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია, მარნეულში კლანის არსებობა კი ამას ხელს უშლის.

“მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტს არც საჯარო და არც პირადი მიზნებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არ მიუმართავს. ამის მიზეზი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ სუსტი ნდობაა. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის წახალისებას ცდილობდეს, ის ამგვარი პრაქტიკების დაშვებით, თემის პოლიტიკურ აქტიურობას ასუსტებს და თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას აფერხებს,“ - ამბობს emc-ის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე.

ნავერიანის ნათესავები თანამდებობებზე

თამაზ ნავერიანთან ერთად, სვანურ ჯგუფს მიეკუთვნებიან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები მესტიიდან. მათ პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ფინანსური გავლენები აქვთ.

თამაზ ნავერიანის ნათესავებს თანამდებობები აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებაში და თვითმმართველობაში. მისი ძმისშვილი, მამუკა ნავერიანი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ბიძაშვილის შვილი, ზურაბ ფანგანი კი საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის წევრია.

ნავერიანის ახლო ნათესავები არიან დასაქმებულები მერიაშიც. მისი მეორე ძმისშვილი, ბეთქილ ნავერიანი განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას ხელმძღვანელობს. ბიძაშვილის შვილი ლერი ფანგანი კი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსია. დეპუტატ ნავერიანის ნათესავია ლიკა აფრასიძეც, რომელიც მერიის ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელია.

ფინანსური სიძლიერის წყარო

თამაზ ნავერიანის და მისი ნათესავების შემოსავლის მთავარი წყარო მარნეულის აგრარული ბაზარია. 2014 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, ბაზრის წლიური შემოსავალი 1.2 მილიონ ლარზე მეტი იყო. ეს ბიზნესი ნავერიანების ხელში 2010 წლიდანაა.

2014 წელს დეპუტატ ნავერიანსა და მის ძმისშვილებს შპს “ბაზრის” დამფუძნებელმა ბრალი წილების წართმევაში და ქონების უკანონოდ გასხვისებაში დასდო. ამ ამბავზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელიც დღემდე არაა გამოძიებული და დასრულებული.

შპს “ბაზარი” თავიდან დეპუტატის მოსახელესა და მოგვარეს, თამაზ ნავერიანს ეკუთვნოდა. შემდეგ კი მეწილეები გახდნენ მისი ძმა, ნოდარ ნავერიანი, დეპუტატი ნავერიანი და მისი ძმისშვილები, იაგო და მამუკა ნავერიანები. ამ დროს წილების საკონტროლო პაკეტიც დეპუტატისა და მისი უახლოესი გარემოცვის ხელში გადავიდა.

2012 წელს დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა და მისმა ძმისშვილმა, მამუკამ საკუთარი წილები მეუღლეებს აჩუქეს. 2014 წლის ზაფხულიდან კი მეწილეებს შორის ფინანსური დავა დაიწყო.

შპს “ბაზრის” დამფუძნებელი, თამაზ ნავერიანი ამბობს, რომ მისმა პარტნიორებმა აგრარული ბაზრის ტერიტორია ისე გაყიდეს, რომ მან და მისმა ძმამ არაფერი იცოდნენ. ტერიტორია კომპანიას ეკუთვნოდა.

მყიდველი კი დეპუტატ ნავერიანის შორეული ნათესავების კომპანია, შპს “ალგეთი” იყო. ეს “ალგეთი” ამ გარიგებამდე ორი თვით ადრე, საბა და ალექსანდრე ნავერიანებმა დააფუძნეს

კომპანიამ ბაზრის ტერიტორია რეალურ ღირებულებაზე, დაახლოებით, 4-ჯერ იაფად იყიდა. სამხარაულის ბიუროს ბაზრის ტერიტორია 4.3 მილიონ ლარად აქვს შეფასებული, შპს “ალგეთმა” კი ამ უძრავ ქონებაში 1.04 მილიონი ლარი გადაიხადა.

“ვინ ყიდულობს, მყიდველი მანახე-მეთქი, არაფერი მაჩვენეს. ეს შაბათი დღე იყო და ორშაბათს უკვე დარეგისტრირებული ჰქონდა. ექსპერტიზის შეფასება გავაკეთოთ-მეთქი და დღის ბოლოს მომწერეს, უკვე გაყიდულიაო,” - გვიყვება შპს “ბაზრის” დამფუძნებელი, თამაზ ნავერიანი. “წილი დათმე გინდა თუ არაო. 63 პროცენტიანი წილი ჰქონდათ მაგათ, შეკრეს პირი და ვითომ გაყიდეს. ეს არის ფორმალურად, მაინც თვითონ ესენი ფლობენ. ჩვენ ჩამოგვაშორა და დაგვიტოვა მხოლოდ ქაღალდი. 2013 წლის მერე არც მე და არც ჩემს ძმას არაფერი გვაქვს იქედან შემოსავალი. ჩემი აწყობილი ბიზნესი წამართვეს. ”

თამაზ ნავერიანის ნათესავები “ნაბეღლავის” დისტრიბუციაშიც არიან ჩართულები. მარნეულის ბაზარში დაგვიდასტურეს, რომ სვანებისაა საწყობი, საიდანაც მინერალური წყალი მარნეულის გარდა, ბოლნისში და გარდაბანშიც გააქვთ. დისტრიბუტორი შპს “თამარი 2017”-ია. კომპანია დეპუტატის ძმისშვილის, ბეთქილ ნავერიანის ცოლისდის, თამარ პირველის სახელზეა რეგისტრირებული.

დეპუტატ ნავერიანსა და საკრებულოს წევრ ზურაბ ფანგანს ეკუთვნით მარნეული-თბილისის სამგზავრო ტაქსების ხაზიც. ერთ -ერთი მძღოლი ამბობს, რომ ისინი ფანგანის კომპანიას, ყოველდღიურად, 6 ლარს უხდიან. საშუალოდ, მარნეული-თბილისის მიმართულებით, დღეში 30 ტაქსი მუშაობს.

“ამ ხაზს პატრონი ჰყავს. ცოტა ზურგიანი ადამიანია, სვანია, ზურაბ ფანგანი და მას ვუხდით. ჩვენ დღეში 500 კაცს ვემსახურებით და 6 ლარს ხაზის მეპატრონეს ვუხდით. თვითონ ხაზი ძვირია, 10 ათასი დოლარია, რომ იყიდო,” - გვითხრა ტაქსის მძღოლმა. მისი ვინაობაც დაფარულია, მისივე უსაფრთხოების მიზნით.

გარდა ამისა, თამაზ ნავერიანი წილებს ფლობს ოთხ კომპანიაში. მას 15 პროცენტიანი წილი აქვს შპს “აუტო რესორსში.” კოპანია ამერიკიდან ავტომობილების ჩამოყვანა-რეალიზაციით იყო დაკავებული. დეპუტატი საფეხბურთო კლუბ “ალგეთის” 34 პროცენტსაც ფლობს, აქ მისი ბიზნესპარტნიორები არიან ძმისშვილები, ბეთქილ და მამუკა ნავერიანები. დეპუტატ ნავერიანს 33 პროცენტიანი წილი აქვს შპს “ალგეთი 1”-ში და 16 პროცენტიანი წილი შპს “ლილეში.” ლილე მარნეულში ავტონაწილების ბაზრობას ფლობს.

თამაზ ნავერიანი ქვემო ქართლის ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის გამგეობის წევრია, ხელმძღვანელობს თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს კლუბს და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტიცაა.

უძრავი ქონება

დეპუტატი თამაზ ნავერიანი და მისი ოჯახის წევრები მიწის ნაკვეთებს და საცხოვრებელ სახლებს ფლობენ რაჭაში, სვანეთში, მარნეულსა და თბილისის შემოგარენში.

თავად თამაზ ნავერიანი ფლობს შვიდ ნაკვეთს თბილისში, მარნეულსა და მესტიაში (მესტიაში 16,856 კვ.მ. მიწა შენობა-ნაგებობებით სოფელ მულახში მემკვიდრეობაა; 500 კვ.მ. მიწა მარნეულში 2007 წელს 3,120 ლარად შეიძინა; 10,000 კვ.მ. მიწა თბილისში, ფონიჭალაში 2006 წელს 10,000 ლარად შეიძინა).

დეპუტატ ნავერიანის სახლი დიღომში

მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობა კი ასე გამოიყურება:

ნავერიანების კავშირი ადგილობრივ ეპარქიასთან

თამაზ ნავერიანს ახლო ურთიერთობა აქვს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მმართველთან. ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი მისი ნათესავი და თანასოფლელია. რონდელის ფონდის მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე გვიყვება, რომ მეუფე ჯამდელიანი ნავერიანებს გავლენების მოპოვებაში 2013 წლიდან ეხმარებოდა. ადგილობრივებს პირადად ნათლავდა და ასე მარნეულში სვანების სანათესაო წრეს ხელოვნურად ზრდიდა:

“სვანების პრობლემა არის ის, რომ ცოტა არიან, სულ 500 კაცი და სჭირდებათ მოკავშირე. ქრისტიანული მოსახლეობა 20 ათასს არ აღემატება იქ. ჯამდელიანის ტაქტიკა იყო, რომ სვანებს სჭირდებოდათ ხელოვნური დანათესავება იმერლებთან. დაიწყო იმ მრავალშვილიანი ოჯახების შვილების მონათვლა, რომლებიც მორწმუნეები და ხელისუფლების მიმართ ლოიალურები იყვნენ. პირადად ხდებოდა მათი ნათლია, ასე ფიქტიური ნათესავები და მოკავშირები გაიჩინეს.”

ეპისკოპოსი ჯამდელიანი 2014 წელს ქადაგებისას მრევლს მოუწოდებდა, მიწები აზერბაიჯანელებისთვის არ მიეყიდათ. მარნეულელი აქტივისტის რაშან ზიადალიევის თქმით, სასულიერო პირს ამ გზით ეთნიკურად ქართველების დაახლოება სურდა. ეს კი მარნეულში სვანების კავშირებს კიდევ უფრო გაზრდიდა: “ჯამდელიანი რომ მოვიდა, უმრავლესობა ერთმანეთის ნათლია და ნათესავი გახადა. 2014 წლის ვიდეოც არსებობს, სადაც ამბობს, უნდა შეიკრათ და აზერბაიჯანელებზე მიწა არ უნდა გაყიდოთო.”

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია 2013 წელს შეიქმნა, მანამდე ის რუსთავისა და მარნეულის ეპარქიაში ერთიანდებოდა.

“ჯამდელიანი დაეხმარა 2013 წლის მერე, მან მხარი დაუჭირა თამაზ ნავერიანს. მისი წყალობით გახდა პარლამენტის წევრი. ეს დაჯგუფება ერთად უფრო გაძლიერდა, დაირაზმნენ და ერთად დაიწყეს ძალაუფლების შეგროვება,” - ამბობს “ევროპული საქართველოს” მარნეულის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აჰმედ იმამყულიევი.

ეპისკოპოსი ჯამდელიანი ჩართული იყო თამაზ ნავერიანის კერძო დავის მოგვარებაშიც. შპს “ბაზრის” დამფუძნებელი თამაზ ნავერიანი ამბობს, რომ ის ბიზნესპარტნიორების შერიგებას ცდილობდა:

“ჯამდელიანსაც შევხვდი, ჩვენს შერიგებას ცდილობდა. მე ჯამდელიანს არ ვიცნობდი, იმათმა უთხრეს ეტყობა და მერე შევხვდით. როგორც სვანები, შერიგდითო, ამ კუთხით წაიყვანა საუბარი. ვუთხარი, გადამიხადოს რაც წილი მეკუთვნის-მეთქი. ჩემი პირობები ვუთხარი, ავუხსენი და თავს მიქნევდა, ცოდო ხარო მეუბნებოდა. მერე მაგათ რომ დაელაპარაკა, სხვანაირად ამბობდა.”

როგორც ჩანს, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ნავერიანებისგან დავალებულია. შპს “ალგეთმა,” რომელიც აგრარული ბაზრის ტერიტორიას ფლობს, 2015 წლის ივლისში, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას 22,695 ლარი ჩაურიცხა.

დეპუტატ თამაზ ნავერიანს, მის გარემოცვასა და ეპისკოპოს ჯამდელიანს ახლო ურთიერთობა აქვთ რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ “პრიმაკოვის ფონდის” ქართველ ხელმძღვანელთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან და “ქართული მარშის” ლიდერ აქტივისტებთან.

16 ივლისს მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას “ქართული მარშის” წევრები შეუერთდნენ. ისინი დემონსტრაციაზე ადგილობრივ მრევლთან და ეპისკოპოსთან ერთად იდგნენ. აქციის შემდეგ “მარშის” აქტივისტებთან საერთო ფოტო აქვთ გადაღებული მამუკა ნავერიანს, ლერი ფანგანს, დიმიტრი ლორთქიფანიძესა და ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანს.

“ქართული მარშის” წევრები მარნეულში პირველად ეპისკოპოს ჯამდელიანის მხარდასაჭერად ჩავიდნენ, მაშინ როდესაც მეუფე ქალაქის მერს, ზაურ დარგალს ღიად დაუპირისპირდა და ამას მარნეულელი აზერბაიჯანელების პროტესტი მოჰყვა. მაშინ ორგანიზაციის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მმართველს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა:

“მეუფე გიორგი ჯამდელიანს დაუდგება მთელი საქართველო, ჩემი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავ მას, ფიზიკურად დავიცავ. ის მოთხოვნა, რაც არის დაყენებული, უნდა შესრულდეს და შესრულდება აუცილებლად. ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს მოღალატეების ალაგმვაში. “ქართულ მარშს” მოვუწოდებ, სრული მობილიზაცია მეუფე გიორგის მხარდასაჭერად. დღეს მეუფე გიორგი წარმოადგენს საქართველოს თავისუფლების და სამართლიანი საქართველოს სიმბოლოს”.

მარნეულიდან “ქართული მარშის” ერთგული მხარდამჭერი და აქტივისტია ალეკო ფანგანი, რომელიც მარშელობის პარალელურად, “ქართული ოცნების” წევრების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავია.

ალეკო ფანგანის დედა, ლიკა აფრასიძე მარნეულის მერიის ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელია. მისი ერთი ბიძა, ლერი ფანგანი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ინფრასტრუქტურის სამსახურს ხელმძღვანელობს. მეორე ბიძა, ზურაბ ფანგანი მარნეულის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა. ალეკო ფანგანი ასევე მარნეულში “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის ნათესავია.

ალეკო ფანგანი მართავს Facebook გვერდს, “ალილო მარნეულში.” გვერდი ადგილობრივი ეპარქიის პოპულარიზაციას ეწევა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, თამაზ ნავერიანმა ჩვენთან ინტერვიუზე უარი თქვა. ასევე ვერ ვესაუბრეთ ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანსაც.

სტატიაზე მუშაობდნენ: ნინო ბაქრაძე, ია ასათიანი და ნანუკა ბრეგაძე

Created By
აი, ფაქტი ifact.ge
Appreciate