7 წლის წინ ჯავახეთში, ახალქალაქში, მეგობრები - ოთხი ჟურნალისტი და ერთი ინჟინერი - შეიკრიბნენ იმაზე სასაუბროდ, თუ რა შეეძლოთ ერთად რეგიონისთვს გაეკეთებინათ. გადაწყვიტეს, რომ ჯავახეთს ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, პრინციპების ერთგული მედიასაშუალება სჭირდებოდა, ხოლო დანარჩენ საქართველოს - ხმა ჯავახეთიდან. მათ კი მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილება ჰქონდათ.
ასე შეიქმნა „ჯეინიუსი“ (JNEWS) - ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ხუთმა ქალმა 1800 ევროიანი გრანტით დაიწყო.
„თავიდან გვინდოდა, რომ ბლოგი გაგვეკეთებინა ამ ბიუჯეტით, მერე ვიფიქრეთ, ვებგვერდის შექმნას შევძლებდით. ერთად გადავწყვიტეთ, რა იქნებოდა სახელი, ვიზუალი, ფერები. ოფისი არ გვქონდა, „ქუჩაში“ ვიკრიბებოდით ხოლმე“, - იხსენებს ქრისტინა მარაბიანი, „ჯეინიუსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჟურნალისტი. გამოცემა მასთან ერთად დააფუძნეს: რიმა ღარიბიანმა, შუშანა შირინიანმა, ანი მინასიანმა და აღუნიკ აივაზიანმა.
დღეს „ჯეინიუსი“ საქართველოში ცნობილი რეგიონული და ჯავახეთის წამყვანი ონლაინ მედიასაშუალებაა, რომელიც ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე საქართველოს და მასში მცხოვრებ უმრავლესობასა თუ უმცირესობებს მათთვის მნიშვნელოვან ამბებს უყვება. გამოცემას ყოველთვიურად 70000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ის არა მხოლოდ ეთნიკური სომხებით მჭიდროდ დასახლებული, ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვნი რეგიონის შესახებ აცნობს ამბებს საქართველოს, არამედ პირიქითაც - ერთ-ერთი მთავარი წყაროა ჯავახეთის მოსახლეობისთვის - საკუთარი ქვეყნის ამბები შეიტყონ.
რამდენიმე კვირის წინ, „ჯეინიუსის“ რედაქციის წევრებმა 2014 წლის დროინდელი „ბრეინშტორმინგის“ ჩანაწერები იპოვეს. აღმოაჩინეს, რომ ის მთავარი მიზნები, რაც ხუთმა ქალმა ახალი პროექტის შემქნისას 7 წლის წინ დაისახა - შესრულებულია.
„ჩვენ შევდექით“, ამბობენ გამოცემაში. და ამატებენ: „ჩვენ შევცვალეთ“.
თუმცა, ცვლილებები და მიზნების მიღწევა ადვილი არ ყოფილა. გზა რთული იყო, მათ შორის, გენდერული, ეთნიკური თუ სხვა კულტურული სტერეოტიპების გადალახვით, მაგრამ - საჭირო.
ხიდი
ჯავახეთში დღეს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი თანაცხოვრობს: სომხები, ქართველები - მათ შორის, ეკომიგრანტები, ბერძნები, რუსები. სომხური მოსახლეობა რეგიონში ყველაზე მეტია. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 4.5% სომხები არიან და ისინი ქვეყანაში ერთ-ერთი მრავალრიცხვოვანი ეთნიკური ჯგუფია. ახალქალაქის მაცხოვრებლებს შორის სომხები 92.2%-ს შეადგენენ, ნინოწმინდაში - 95%-ს.
„ჯეინიუსი“ იმ პერიოდში შეიქმნა, როცა ჯავახეთის მცხოვრებლებისთვის თითქმის „არ არსებობდა რეგიონში ინფორმაცია სომხურ ენაზე“, - იხსენებს ქრისტინა მარაბიანი. ძირითადად, ენობრივი ბარიერის გამო, მოსახლეობის ინფორმაციის მთავარი წყარო რუსული და სომხური მედია იყო. მეორე მხრივ, საქართველოს არ ჰქონდა აქტიური ადგილობრივი საინფორმაციო მედია საშუალება რომელიც, რეგიონში მიმდინარე ამბებს და განწყობებს დანარჩენ ქვეყანას სიღრმისეულად მოუყვებოდა.
„ჯავახეთი - ეს არის კომპაქტურად სომხებით დასახლებული რეგიონი საზღვართან. ჩვენ ვხედავდით, რომ ის ხდებოდა ხოლმე ერთგვარი გეოპოლიტიკური ვნებების ინსტრუმენტი. და ხშირად ისე გამოდიოდა, რომ ჯავახეთში არის დაძაბულობა, მათ გარკვეული სურვილები აქვთ... თუმცა, ეს რეგიონი თავისი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და ვიფიქრეთ, რომ თუ არ იქნება მედია, რომელიც ილაპარაკებს იმაზე, თუ რა სჭირდება აქ ხალხს, რაზე ფიქრობენ, მას ყოველთვის სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ, - იხსენებს რიმა ღარიბიანი, „ჯეინიუსის“ მთავარი რედაქტორი, - 2014 წელს ევროპული მედიაც კი წერდა რომ საქართველო თუ ნატოში შევიდოდა, მას ჯავახეთი გამოეყოფოდა... ვიფიქრეთ, რომ უნდა იყოს მედია რომ აქედან ინფორმაცია გადაიცეს. საბედნიეროდ, გამოვიდა.“
„მნიშვნელოვანია, ვიღაცამ ახსნას, მაგალითად, როცა ხალხი მიტინგზე გამოდის - რა უჭირთ მათ?... ეს უნდა აჩვენო, რომ საქართველომ გაიგოს. მაგალითად, იყო პერიოდი, საქართველოში აღგვიქვამდნენ, როგორც სეპარატისტებს - თითქოს არ გვინდოდა რამე კარგად ყოფილიყო... მაგრამ ეს ასე არ არის, ჩვენ ისეთივე პრობელმები გვაქვს როგორც სხვებს, ისეთივე საჭიროებები - როგორც სხვა მოქალაქეებს და ეს საკითხები ისე უნდა ნახოს საქართველომ, როგორც რეალურად ხდება... ამას ეხმარება სამართლიანი, ეთიკური ჟურნალისტიკა და მასზე დიდად დამოკიდებულია როგორი სიტუაცია იქნება რეგიონში“, - ამბობს კრისტინა მარაბიანი.
5 ქალი და ცვლილებები
ხუთი ქალის მიერ დაარსებულმა მედიაორგანიზაციამ წლების წინ პატარა პერიფერიულ ქალაქში არა მარტო საინფორმაციო გარღვევას დაუდო საფუძველი. ახალქალაქის ჩვეულ კულტურულ და პოლიტიკურ რუტინაში მოულოდნელი ხმაურიც შემოიტანა.
შუშანა შირინიანი 40 წლის იყო, როცა საინჟინრო პროფესია შეიცვალა და „ჯეი ნიუსის“ გუნდს როგორც ჟურნალისტი, ისე შეუერთდა. ახლა წერა და ჟურნალისტიკა საუკეთესო პროფესიად მიაჩნია. იხსენებს, რომ 2014 წელს, როცა მათმა გუნდმა ამბების გაშუქება, გამოკითხვა, პრობლემებზე საუბარი, კრიტიკა დაიწყო და, მაგალითად, სამთავრობო შეხვედრებზე დასწრება მოითხოვა - ამას სხვადასხვა წრეებში გაკვირვებით ხვდებოდნენ.
ერთ-ერთი პირველი - „ქალების ფაქტორი“ იყო:
„იყო სტერეოტიპი, რომ ქალებს არაფერი არ შეუძლიათ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეუძლიათ. ვიჯექით, ვმუშაობდით კაცებთან ერთად და ამით ვაჩვენებდით, რომ ქალებს შეუძლიათ რეგიონის საკითხების განხილვაში და გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღება, - იხსენებს შირინიანი, - მაგალითად, საკრებულოში არ იყვნენ მიჩვეული, რომ ქალები უნდა დასწრებოდნენ შეხვედრებს. ახლა, ეს შეცვლილია. მგონია, რომ ამაში წვლილი ჩვენს გუნდსაც მიუძღვის“.
წელს "ჯეინიუსის" თანამშრომლების უკვე 14-წევრიანი გუნდი, ძირითადად, ძველი და ახალი თაობის ქალებისგან შედგება. მაგრამ ჟურნალისტ ქალებს, გენდერულის გარდა, კიდევ სხვადასხვა სტერეოტიპის გადალახვა მოუწიათ, რამაც ქალაქში მიდგომებიც შეცვალა.
„როცა პატარა ქალაქში გასაშუქებლად მიდიხარ, იკვეთები ახლობლებთან, ნათესავებთან - სადაც თითქმის ყველას იცნობ. თავიდან იყო რთული. არ მოელოდნენ ჩვენგან - ან ვიღაცის შვილი ხარ, ან ვიღაცის ცოლი, გვეკითხებოდნენ, ასე როგორ ვწერდით. მაგრამ სიმართლე ჩვენთვის ყველაზე მაღლა დგას. ნელ-ნელა, ამას ყველა მიხვდა“, - იხსენებს შუშანა შირინიანი.
ნელ-ნელა ოფიციალური თუ სხვა უწყებები იმასაც მიხვდნენ და მიეჩვივნენ, რომ მათგან მედია ინფორმაციას გამოითხოვდა და მისი გადაცემის ვალდებულება ჰქონდათ. ჟურნალისტები იხსენებენ, რომ, თავდაპირველად, მედიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად აღქმა და მათთან საინფორმაციო თანამშრომლობა ოფიციალური უწყებების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. თუმცა, „ჯეინიუსის“ დამფუძნებლები ყველაზე მეტად მაინც მოქალაქეების გააქტიურებით და ჩართულობით ამაყობენ.
„თუ ადრე ჩვენ მივდიოდით რომელიღაც სოფელში, კილომეტრებს გავივლიდით, რომ პატარა კომენტარი მიგვეღო, ახლა თვითონ მოდიან, რომ გვითხრან პრობლემები, წამოვჭრათ საკითხები“, - ამბობს „ჯეინიუსის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი აღუნიკ აივაზიანი, რომელიც სამი წელია სომხურენოვანი განყოფილების რედაქტორია. ინტერესის გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ის გაშუქებული ამბებიც არის, რომლებმაც მოქალაქეების ცხოვრება მეტნაკლებად შეცვალა:
„ძირითადა ვწერთ, თუ რა ხდება რეგიონში, სოციალურ თემებზე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ განათლების საკითხებს, ვწერთ ადამიანურ თემებზე...მაგალითად, ერთ-ერთი ამბავი რაც მახსენდება, გავაშუქეთ მარტოხელა, 3 შვილის დედის ამბავი, რომელიც უსინათლოა და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა...როცა ადგილობრივმა დეპუტატმა ეს ამბავი გაიგო, დაურეგისტრირეს საცხოვრებელი, გაზი გაუყვანეს. ამის შემდეგ ხალხმა ჩვენთან კონტაქტი უფრო აქტიურად დაიწყო“, - ამბობს აივაზიანი და აღნიშნავს, რომ გამოცემის ინტერესის ქვეშ არა მხოლოდ ადგილობრივი სომხების, არამედ რეგიონის ყველა ეთნიკური ჯგუფის ისტორიები ექცევა.
სამშობლო
კითხვაზე, თუ რა განსხვავებული საკითხებია მნიშვნელოვანი ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხური მოსახლეობისთვის, „ჯეინიუსის“ ჟურნალისტები სხვადასხვა დროს ერთსა და იმავეს პასუხობენ: ჯავახეთში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, მათ შორის სომხები, ერთიანი რეგიონის ყოფით ცხოვრობენ და თანაცხოვრობენ. მათი ყოველდღიურობაც, ისევე როგორც მისწრაფებები თუ პრობლემები ერთნაირია - ვიდრე ეთნიკური ნიშნით განცალკევებული.
„უფრო არსებობს განსხვავებები ჩვენს რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის, ვიდრე ჩვენს რეგიონში შიგნით სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებს შორის... ეთნიკურ დონეზე გამოყოფა და პრობლემები არ გვაქვს. აზერბაიჯანელებიც ჩამოდიან, მარნეულიდან, ყიდულობენ კარტოფილს, თურქებიც ჩამოდიან“, - ამბობს ქრისტინა მარაბიანი, რომლის მეზობლებიც ძირითადად ქართველები არიან.
„პირად მაგალითზე მოგიყვები, - განაგრძობს კრისტინა მარაბიანი პასუხად კითხვაზე, თუ როგორ იცვლება ეთნიკური სომხების ინტეგრაციის პროცესი საქართველოში, - ეს ყველაფერი პირადად გავიარე. სომხურ სკოლაში ვსწავლობდი, უმაღლესი განათლება სომხეთში მივიღე და პირველად იქ გავიგე, რომ სომხეთის მოქალაქე არ ვიყავი. მაშინ გვქონდა ახლო ურთიერთობა სომხეთთან და არ მქონდა კონტაქტი ქართველებთან.“
ჟურნალისტები ამბობენ, რომ დღეს რეგიონში ინტეგრაციის უკეთესი სურათი გვაქვს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ქართული ენის სწავლების გაუმჯობესება და სამოქალაქო აქტიურობაა. მაგალითად, „ჯეინიუსმა“ გააშუქა, რომ წელს ახალქალაქიდან საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა 250-მა სტუდენტმა განაგრძო, მაშინ, როცა, მაგალითად 2010 წელს ეს ციფრი 186-ს შეადგენდა.
როგორ შეიძლება შევაფასოთ - რა არის საქართველო ეთნიკური სომხებისთვის? ამაზე „ჯეინიუსის“ მთავარი რედაქტორი რიმა ღარიბიანი ბევრს ფიქრობს, რადგან ინტეგრაციის საკითხების გაშუქება და მისი სიღრმისეული ანალიზი გამოცემის ერთ-ერთი პრიორიტეტია:
„ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ ეს არის ჩემი სამშობლო, მისი ნაწილი ვარ. მაგრამ, რაც შეეხება იმას, არიან თუ არა ქვეყნის, როგორც სისტემის ნაწილნი - ეს გრძნობა არ აქვთ [ეთნიკურ სომხებს]. გრძნობენ კავშირს მიწასთან. მაგრამ როცა პრობლემებია, ისინი მომთხოვნები არ არიან მთავრობის მიმართ. მაგალითად, როცა ვერ გადიოდნენ ქვეყნიდან, რადგან საზღვრები იყო ჩაკეტილი, ამაზე პასუხს მმართველობას კი არ სთხოვდნენ, ეძებდნენ ამისთვის სხვადასხვა გზებს“.
„ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიგვიღებენ დანარჩენ საქართველოში. თუ ისინი მიგვიღებენ როგორც უცხოებს, ჩვენ დავრჩებით უცხოები...“ - ამბობს ქრისტინა მარაბიანი.
- შენ თვითონ როგორ გრძნობ თავს, „უცხო“ ხარ, თუ არა?
- არ ვარ უცხო. მე ისეთივე უფლებები და ვალდებულებეი მაქვს, როგორც სხვებს. აი, რა განსხვავებაა: თუ შენ თავს მოქალაქედ გრძნობ, რჩები ქვეყანაში, სწავლობ ქართულს, ცხოვრობ რეგიონში. და როცა ამის შეგრძნება არ გაქვს - სხვა ქვეყანაში გადადიხარ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ხალხს იმედი არ გაუცრუო... როცა ადამიანი ვერ იგებს, რა ხდება მის ქვეყანაში, მაშინ მისთვის სულ ერთი იქნება - თუ რა ხდება. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ხალხმა ეს გაიგოს“.
ტექსტი: რუსუდან ფანოზიშვილი
ფოტო: ჯუდა ხატია ფსუტური, ართურ მოსოიანი
დიზაინი: ართურ მოსოიანი
სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის ფარგლებში