ბოსტნიდან ევროკავშირამდე იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე დაუბრკოლებლად შევიდეს, ქართველმა მეურნემ უნდა იცოდეს, როგორ დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები. უმთავრესი მოთხოვნაა, რომ პროდუქტი იწარმოებოდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნაკლები ქიმიური საშუალებების გამოყენებით.
პროცესი, რომელიც მოიცავს მცენარის მოყვანას, მოსავლის აღებას, ნაყოფის კრეფასა და ველური მცენარეების შეგროვებას, ცხოველის მოშენებასა და გაზრდას მის დაკვლამდე, რძის შეგროვებას, ნადირობასა და თევზჭერას.
სურსათის მწარმოებლად რეგისტრაცია
ნებისმიერი პირი, რომელიც ეწევა სურსათის პირველად წარმოებას მისი რეალიზაციის მიზნით, ვალდებულია დარეგისტრირდეს სურსათის მწარმოებლად.
სურსათის მწარმოებლად რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მეწარმე, რომელიც ახორციელებს პირველად წარმოებას, არ საჭიროებს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ბიზნესოპერატორად აღიარებას.
საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან აღიარებას არ ექვემდებარება:
ა) ოჯახური წარმოების სუბიექტი
ბ) ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს პირველად წარმოებას
ჰიგიენური მოთხოვნები პირველადი წარმოებისთვის
• პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან შეხებაში მყოფი ნებისმიერი მოწყობილობის სუფთა მდგომარეობაში შენახვა.
• სასმელი წყლის ან სუფთა წყლის მოხმარების უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში.
• პირველადი პროდუქტის დაცვა მავნებლებისგან.
• პირველადი წარმოების პროდუქტების დაბინძურებისგან დაცვა შენახვისა და გადაზიდვის დროს.
• ცხოველებიდან აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგის გათვალისწინება, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
• მხოლოდ ნებადართული საკვები დანამატებისა და ვეტერინარული დანიშნულების სამედიცინო პრეპარატების გამოყენება.
• მხოლოდ ნებადართული მცენარეთა დაცვის საშუალებების, აგროქიმიკატებისა და ბიოციდების გამოყენება.
მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები პირველადი წარმოებისათვის
მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია ბიზნესოპერატორს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს.
პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობაზე ეკისრება ბიზნესოპერატორს და თავისი საქმიანობის ფარგლებში იგი ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის უვნებლობა წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
საქართველოში წარმოშობილ პროდუქციად ჩაითვლება:
• საქართველოში მოყვანილი მცენარეული პროდუქტები
• საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ცოცხალი საქონელი
• საქართველოში განხორციელებული ნადირობითა თუ თევზჭერით მიღებული პროდუქცია
• საზღვაო თევზჭერით მიღებული ან სხვაგვარი პროდუქცია, ამოღებული ზღვიდან საქართველოს მცურავი საშუალებების დახმარებით, მისი ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ
• საქართველოს მცურავ თევზსარეწში წარმოებული პროდუქცია.
საქართველოდან ევროკავშირში საქონლის ექსპორტისას თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობისთვის, საჭირო იქნება საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის - EUR.1-ის აღება.
EUR.1 გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ. მას შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ექსპორტიორი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ექსპორტიორის პასუხისმგებლობით.
DCFTA ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო სისტემაში ევროკავშირში მოქმედი სისტემის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვას. მიზანი - საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემოს შექმნა, რომელიც საქართველოს მეწარმეებს მისცემს საშუალებას მინიმუმამდე შეამცირონ დანახარჯები საქონლის ექსპორტისას.