„II მსოფლიო ომის მძვინვარე დღეებში, ნოე ჟორდანიამ და მისმა ჯგუფმა იოსებ ელიგულაშვილს შესთავაზეს “ებრაელთა ხსნის გეგმა”, რაც გამოიხატებოდა ებრაული გვარებისათვის ქართული გვართწარმოებისათვის დამახასიათებელი დაბოლოებების დართვაში. ამ ხერხით იხსნეს ასობით ებრაელის სიცოცხლე ფაშისტთა კლანჭებიდან“, - ეს არის პირველი ისტორია, რომელიც მარინე სოლომონიშვილს ქართულ-ებრაული ურთიერთობების შესახებ ახსენდება. თუმცა, არა ერთადერთი:
„1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელს აწერს სამი ებრაელი: იოსებ ელიგულაშვილი, მოშე დავარაშვილი, ილია გოლდმანი. სამივე ამ პიროვნებას, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული განძის გადარჩენის, შენახვის საქმეში, ასევე პარიზში ლევილის მამულის შეძენაში ქართული სათვისტომოსათვის.“
ქართველი და ებრაელი ხალხის გამორჩეულ, 26-საუკუნოვან მეგობრობას, ალბათ ათასობით ისტორია ახსოვს. მათ შორის, ალბათ არის ამბებიც, რომლებსაც ტკივილით იხსენებენ. თუმცა, ამ დიდ, ხანგრძლივ მეგობრობაზე, სადაც არ უნდა ვეძებოთ - ადამიანებში, ბიბლიოთეკებში, თუ სამეცნიერო წყაროებში - ბევრია ამბავი, რომელთა მოყოლაც მთხრობელებს ეამაყებათ.
არაერთი ქართულ-ებრაული ორგანიზაციის დამფუძნებელი, ქართულ-ებრაული ურთიერთბების მკვლევარი, ჟურნალისტი, უფლებადამცველი, ტოლერანტობის ქომაგი მარინე სოლომონიშვილი ამბობს, რომ სწორედ ადამიანური ურთიერთობების ისტორიებია, რომელთა სიცოცხლე, თავის მხრივ, აცოცხლებს კულტურათა დიალოგსა და ტოლერანტობას:
„ბევრია ცნობილი თუ უცნობი ისტორიები, რომელთა კვლევა და წარმოჩენა მნიშვნელოვანია, და - გადაცემა მომავალი თაობებისთვის. საწუხაროდ, ახალგაზრდობა ნაკლებად იცნობს ქართულ-ებრაული, თუ სხვა ერებთან თანაცხოვრების ისტორიულ წარსულს თუ ამჟამინდელ ყოფას, რაც მნიშვნელოვანია ტოლერანტობის სფეროში ცნობიერების ამაღლებისა და კულტურათა დიალოგის გააქტიურებისთვის“.
სოლომონიშვილი, თვითონ, ერთ-ერთი მათგანია, ვინც ქართულ-ებრაული თანაცხოვრების ამბებს ქმნის.
ქართველი ებრაელის ამბავი
პროფესიით არქიტექტორი, მხატვარი და და ჟურნალისტი მარინე სოლომონიშვილი თბილისის ძველ უბანში დაიბადა და გაიზარდა. სხვადასხვა ექსპერიმენტულ არქიტექტურულ პროექტსა თუ საინფორმაციო გამოცემაში წლების განმავლობაში მუშაობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ისტორიულ სამშობლოს, ისრაელს პირველად ეწვია, 1996 წლიდან, მისი გრაფიკული ნახატების მთავარ თემად ებრაელი ხალხის ისტორია, ტრადიციები, ქალთა სახეები და ჰოლოკოსტი იქცა.
„ჩემს დედ-მამას ძალიან უნდოდა ისტორიული სამშობლოს, ისრაელის ნახვა, მაგრამ არ ეღირსათ. საბედნიეროდ მე მომეცა ეს შესაძლებლობა... იერუსალიმში, გოდების კედელთან პირველად მისვლისას საოცარი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს მეტად შევიგრძენი ის ძირძველი კულტურა,რელიგია და ტრადიციები, რაც ისტორიის მანძილზე თანსდევდა ებრაელებს“.
„ყოველგვარი ჩანახატების გარეშე დავიწყე პირდაპირ ხატვა... შევიგრძენი, რაოდენ მნიშვნელოვანია და თვითმყოფადია ებრაული თემა ჩემს შემოქმედებაში. ხელოვნებას საზღვრები არ აქვს და მისი მეშვეობით ნათქვამი უფრო მეტად ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის და ეროვნების ადამიანისათვის“, - ამბობს მხატვარი.
მარინე სოლომონიშვილი გრაფიკის გარდა, გამოყენებით ხელოვნებაშიც მუშაობს, მათ შორის, ქვასა და მინანქარზე. მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებაში ებრაულ თემატიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ამ მხრივ, ის ერთ-ერთი იშვიათი თანამედროვე ქართველი მხატვარია, მარინე სოლომონიშვილის ნამუშევრები საქართველოს მრავალფეროვნებას, მის კუთხეებს, რეგიონებს, მათ კულტურასაც ასახავს.
სწორედ ამ შთაგონებით, სპონტანურად შექმნა თოჯინების სერია „ქალები საქართველოს რეგიონიდან“.
„საქართველოს სიყვარული იმდენად ღრმადაა გამჯდარი ჩემში, რომ ძნელია, გაარჩიო სად მთავრდება ქართული, ან სად იწყება ებრაული... საქართველოს მრავალფეროვნების ასახვისას, საინტერესოა სხვადასხვა კუთხის ტრადიციები,სამზარეულო, სამოსი და სხვა. სხვადასხვა კუთხის ქალთა სახეების და სამოსის ჩემეული ხედვის გადმოსაცემად დავიწყე თოჯინების კეთება“, - იხსენებს მხატვარი.
სამსახურში
“საერთაშორისო ფონდი ლეა” და „ებრაელ ქალთა საერთაშორისო საბჭო საქართველოში“, „ებრაული ონლაინ საინფორმაციო ცენტრი“, „ანტისემიტიზმის პრევენციის საერთაშორისო ქალთა კომიტეტი“, ოჯახური კლუბი “მიშფახა“, „ქართველ და ებრაელ ახალგაზრდა მეცნიერთა და მოღვაწეთა გაერთიანება“ - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც წლების განმავლობაში მარინე სოლომონიშვილმა საქართველოში დააარსა და ხელმძღვანელობს.
ებრაულ თემში აქტიური მოღვაწეობა 25 წლის წინ, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მათი ხსოვნის პატივსაცემად დაიწყო. სხვადასხვა ორგანიზაციული საქმიანობით, სოლომონიშვილი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ქალის და ახალგაზრდობის როლი ებრაულ და ეროვნულ უმცირესობათა სათემოებში , გენდერული თანასწორობის და ოჯახური ძალადობის საკითხები, ქალთა და ეროვნულ უმცირესობათა კულტურული, სოციალური და ეკონომიური უფლებების დაცვა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, კონფლიქტები და სამშვიდო პროცესები და კულტურათა დიალოგი, ეკოლოგიური საკითხები, ჰოლოკოსტის ხსოვნა, ანტისემიტიზმის პრევენცია, ევროინტეგრაცია.
„განურჩევლად ეროვნებისა, აუცილებელია მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. ამავდროულად, პროფესიულ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწავლა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, არამედ მიღებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს კეთილდღეობისათვის. სწავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნების შემდგომ მიღებულ პროფესიულ გამოცდილებას ვუზიარებდი არა მხოლოდ ებრაელ ქალბატონებს და ახალგაზრდებს, არამედ ქართველ და სხვა ეროვნების კოლეგებს“, - ამბობს მარინე სოლომონიშვილი, როცა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იხსენებს.
მის მიერ დაარსებული ორგანიზაციები „საერთაშორისო ფონდი ლეა“ და „ებრაელ ქალთა საბჭო“ 2005 წლიდან სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები არიან. ბოლო ათწლეულებია, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კულტურათა და რელიგიათა დიალოგის განვითარებასა და ხელშეწყობაში, სხვადასხვა ეთნოსების ტრადიციების წარმოჩენასა თუ ამ მიმართულებით სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგსა და რეკომენდაციების შემუშავებაში.
სოლომონიშვილის მრავალწლიური აქტიურობა მის სამშობლოში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 2021 წლის ნოემბერში საქართველში „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო გადასცეს. საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მას პრიზი თავად სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გადასცა.
თანაცხოვრება
საქართველოში დღეისათის 3000-მდე ებრაელი ცხოვრობს.
ებრაელების კულტურასა თუ საქართველოში თანაცხოვრებაზე არაერთი წიგნის ავტორი მარინე სოლომონიშვილი ქართულ-ებრაული თანაცხოვრების გრძელი ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთებს იხსენებს:
„მოგეხსენებათ,საქართველოში ებრაელები დასახლდნენ დაახლოებით 26 საუკუნის წინ მცხეთაში, ქართლის რეგიონში. ისტორიული წყაროები ებრაელთა მოსვლის პირველ ნაკადს უკავშირებენ ძვ.წ.აღრიცხვის 586 წელს, სპარსეთის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის პერიოდს. მეორე ნაკადს უკავშირებენ ახალი წელთაღრიცხვის 70 წელს, ტიტუს ვესპაზიანეს, რომაელების მიერ იერუსალიმის დაპყრობის პერიოდს.
„მრავალი საინტერესო ისტორიული ფურცელია ებრაელების და ქართველების მრავალსაუკუნოვან თანაცხოვრებაში. არის ძველი და თანამედროვე ებრაული, მათ შორის თორის და თალმუდის არამეულის სადამწერლობო სისტემა. უძველესი ხელნაწერები მოიპოვება ძვ.წ. XII საუკუნეში.
„ საქართველოში ინახება ერთ ერთი უძველესი თორა -“ლაილაშის ბიბლია” (Xs.), დაწერილი ებრაულ ენაზე “ივრითზე”.
„მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში იყო 30-მდე სინაგოგა. დღეისათვის დარჩა - 14. აქედან, ერთი გადაკეთებულია დავით ბააზოვის სახელობის ებრაულ მუზეუმად, ორი მათგანი - აშკენაძეების სინაგოგა და სეფარიდების სინაგოგა - ფუნქციონირებს თბილისში ხოლო დანარჩენები - საქართველოს რეგიონებშია.
„თბილისის მთავარი მოქმედი სინაგოგა - “სეფარდების” დიდი ლოცვა - 1923 წლამდე ახალციხელების ლოცვად, მესამე სინაგოგად მოიხსენიებოდა. სინაგოგა ახალციხელმა ებრაელებმა ააშენეს (1904-1913) ე. წ. სომხური ბაზრის არეალში, ყოფილ ლესელიძის ქუჩაზე - დღევანდელი კოტე აბხაზის ქუჩა #47. თბილისში ებრაელთა კომპაქტურად დასახლებულ ამ უძველეს უბანს ბეთხაინი (ფეთხაინი) ეწოდებოდა”.
მიუხედავად ხელშეწყობისა და მრავალმხრივი კულტურული ურთიერთობისა, მარინე სოლომონიშვილი ამბობს, რომ სასურველია, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შენარჩუნების მეტი ხელშეწყობა, რათა ისინი არ დავკარგოთ. მათ შორის, გამოყოფს ახალციხის მეორე სინაგოგასა და ბათუმის მეორე სინაგოგას, რომლებსაც რესტავრაცია სჭირდებათ.
„ასევე, მნიშვნელოვანია, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის მეტი ხელშეწყობა. საქართველოს ებრაული თემიდან ბევრი მიგრაციაში წავიდა. მაგალითად მეოცე საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში იყო 80 000 -მდე ებრაელი.
„მართალია, საქართველოში არ ყოფილა პოგრომები, რითაც საქართველო წარმოჩინდება როგორც ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანა, მაგრამ მნიშვნელოვანია ანტისემიტიზმის საკითხზე ცნობიერების ამაღლება და ეთნიკურ/რელიგიათა დიალოგის გააქტიურება.“
ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი
ფოტო: ჯუდა ხატია ფსუტური, არქივი
დიზაინი: ართურ მოსოიანი
სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის ფარგლებში