"მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას, რაც არღვევს სიჩუმეს.”
ვიქტორ ჰიუგო
„არ ვფიქრობდი, რომ ამხელა გამოხმაურება ექნებოდა ჩემს მუსიკას. ის ფაქტი, რომ ყველა თაობის ადამიანი გვისმენს, მახარებს.”
„პირველ რიგში სამი სიმი დავინახე და ბგერები ვიგრძენი. მალე მე თვითონ დავიწყე ფანდურის კეთება. ჩემთვის საინტერესო სამყაროში მოვხვდი, სადაც ექსპერიმენტები დავიწყე და ასე მგონია, ჩემი ტალღა ვიპოვე. ფანდურის აღმოჩენა დიდი ცვლილება იყო ჩემს ცხოვრებაში. მგონია, ფანდურს ქვეცნობიერში ისედაც ვეძებდი, ამიტომ ეს შემთხვევით არ მომხდარა - არაფერი ხდება შემთხვევით. ახლა კი ისე შემიყვარდა ეს ინსტრუმენტი, რომ სულ ჩემს ცხოვრებაშია და თან დამყვება..."
მამა - არქიტექტორი, ბიძები - მხატვრები, სახლთან კი პატარა სახელოსნო, ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გააღვივა მისი ინტერესი და ხესთან მუშაობა დაიწყო. დღეს მუსიკოსისთვის, ეს საქმე და მხატვრობა გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა.
თავდაპირველად იყო რეგის სტილი, შემდეგ ქართულ ხალხურ სიმღერები. „რეგის რიტმი, რაც შიდა პულსია, ძალიან ჰგავს ქართულ ხალხურ რიტმს. ერთი შეხედვით შეიძლება ორი განსხვავებული რაღაცაა, მაგრამ მუსიკას აქვს შიდა პულსი, რომელიც ემთხვევა. ეს ბუნებრივი ტემპია, ხასიათია, გადაბმულია ერთმანეთში. ვერ ვიტყოდი, რომ რეგის მერე რაღაც დავიწყე. თუ თვლი რომ მუსიკოსი ხარ, ხან რეგის გააკეთებ, ხან ხორუმს, ხან კი „დიმპიტაურს“. ეს კი ერთმანეთს არ გამორიცხავს“.
„მიყვარს ძველი რაღაცების მოსმენა. მაგალითად, რადიოში ბავშვობის სიმღერის გაგონება. პირველ ნოტებს რომ მოვუსმენ, გადავდივარ სხვა დროში, იმ წუთას იქ მივდივარ...“
ნიაზ დიასამიძის მოგონებები მისივე შემოქმედებაში უხვად არის გადატანილი. ზუსტად ეს ქმნის ემოციას... ემოციას, რომელიც ვერ განმეორდება... ემოციას, რომელიც მხოლოდ მის ინდივიდუალურ მიდგომას ახასიათებს და ემოციას, რომელიც მის ყველა მსმენელს პირველივე ტაქტიდან ებადება. ნიაზ დიასამიძე კი, ახალ ალბომს სულ მალე შემოგვთავაზებს. ჰოდა, ჩვენ ისღა დაგვრჩენია მის ახალ შემოქმედებას დაველოდოთ. ვინ იცის, რა ახალ მეხსიერებებს გააღვიძებს ის თავის ერთგულ მსმენელში...
მომზადებულია საგან ,,მულტიმედიის" ფარგლებში. ხელმძღვანელი: ლიანა მარქარიანი; ავტორი: ხატია ნეკაშვილი