1959 წლის 27 იანვარს, სვერდლოვსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის 10 სტუდენტი, იგორ დიატლოვის ხელმძღვანელობით, ჩრდილოეთ ურალში ექსპედიციაში გაემგზავრა. ექსპედიციის ათი წევრიდან ცხრა ამოუცნობ ვითარებაში დაიღუპა.
ჯგუფი ურალის ტექნიკური უნივესიტეტის, ექსპედიციაში საკმაოდ გამოცდილი, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან შედგებოდა.
იგორ ალექსეევიჩ დიატლოვი - 23 წლის.
იური ნიკოლაევიჩ დოროშენკო - 21 წლის.
ლუდმილა ალექსანდროვნა დუბინინა - 20 წლის.
იური ალექსეევიჩ კრივონისჩენკო - 23 წლის.
ალექსანდრე სერგეივიჩ კოლევატოვი - 24 წლის.
ზინაიდა ალექსეევნა კოლმოგოროვა - 22 წლის.
რუსტემ ვლადიმიროვიჩ სლობოდინი - 23 წლის.
ნიკოლაი ვლადიმიროვიჩ ტიბეო-ბრინიოლი - 23 წლის.
სემიონ ალექსეევიჩ ზოლოტარიოვი - 38 წლის.
და იური იუდინი - ჯგუფის ერთადერთი წევრი, რომელიც სიკდვილს გადაურჩა, ისიც იმიტომ, რომ მან ექსპედიციის დაწყებამდე თავი შეუძლოდ იგრძნო და მთის მახლობლად არსებულ სოფელში დარჩენა გადაწყვიტა.
ექსპედიციის გეგმა შემდგომი იყო: 12 თებერვალს ჯგუფს სოფელ ვიჟაიშიმდე უნდა მიეღწია და ინსტიტუტის სპორტულ კლუბში დეპეშა გაეგზავნა, 15 თებერვალს კი უკან უნდა დაბრუნებულიყო. პირველი, ვინც ჯგუფის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელი, იური ბლინოვი იყო, თუმცა უნივერსიტეტი ჯგუფის დაბრუნებას კიდევ რამდენიმე დღე ელოდა, რადგან ადრე სხვადასხვა მიზეზის გამო მარშრუტზე შეფერხებები ხშირი იყო. 16 თებერვალს ფიზიკური აღზრდის განყოფილების უფროსმა სოფელს წერილი გაუგზავნა კითხვით - იმყოფებოდა თუ არა ექსპედიციის ჯგუფი იგორ დიატლოვის ხელმძღვანელობით მათ სოფელში - პასუხი უარყოფითი იყო.
სამძებრო სამუშაოები 20 თებერვალს დაიწყო.
26 თებერვალს, ჰოლაჭახლის მთის ფერდობზე თოვლით დაფარული კარავი იპოვეს. ფერდობისკენ მიმავალი კარვის კედელი გაჭრილი იყო იქიდან კი რვა ან ცხრა ადამიანის ნაკვალევი გამოდიოდა, რომლებიც ფერდობზე დაღმა, ხეებისკენ მიემართებოდნენ. გამომძიებლებზე დაყრდნობით, ჯგუფის წევრების ფეხსაცმელები და აღჭურვილობა კარავში იყო დატოვებული, ნაფეხურების ნაწილი კი მიანიშნებდა, რომ ზოგს ფეხზე მხოლოდ წინდები ეცვა, ზოგს - საერთოდ არაფერი. თავიდან დახეული კარვები აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ სტუდენტებმა შიშისგან შიგნიდან გაჭრეს კარავი და ღამით გაურკვეველი მიმართულებით გაიქცნენ.
ჯამში, პოლიციამ სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებით 9 სხეული აღმოაჩინა.
27 თებერვალს, კარვიდან ერთნახევარ კილომეტრში, ხეებით დაფარულ ტერიტორიაზე, გიგანტური ფიჭვის ქვეშ, იური დოროშენკოსა და იური კრივონიშჩენკოს ცხედრები იპოვეს. ორივე გარდაცვლილი ფეხშიშველი იყო და მხოლოდ ქვედა საცვლები ეცვათ. ხეზე, რომლის ქვეშაც გვამები იპოვეს, ტოტები ხუთი მეტრის სიმაღლემდე იყო დატეხილი, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ვიღაც ხეზე აძრომას ცდილობდა. იქვე ცეცხლის კვალიც ჩანდა.
დოროშენკოს მარცხენა ფეხისა და თმის დამწვრობა აღენიშნებოდა, დამწვარი იყო კრივონისჩენკოს ორივე ფეხი.
იურიდიული გამოძიება პირველი ხუთი გვამის აღმოჩენისთანავე დაიწყო.
გარდაცვალების მიზეზად ჰიპოთერმია დასახელდა. ჰიპოთერმიის დროს ადამიანებს პარადოქსული გახდა ხშირად ახასიათებთ, ისევე, როგორც ჰალუცინაციები, კარგავენ რეალობის აღქმას, შეიძლება სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ჯგუფი კარვიდან ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე დახმარების საძებნელად გამოიქცა.
მაგრამ ისტორია ამით არ მთავრდება. ორი თვის შემდეგ, ფიჭვის ხიდან კიდევ უფრო დაბლა, დაახლოებით 70 მეტრის სიშორეზე კიდევ ოთხი სხეული იპოვეს. თითოეული მათგანი სხვადასხვა ტრავმის შედეგად დაიღუპა. მოგვიანებით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ მსგავსი დაზიანებების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი დარტყმით, როგორიცაა მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანის დაჯახება ან დიდი სიმაღლიდან გადმოვარდნა.
ექსპედიციის ერთ-ერთ წევრს, ტიბეო-ბრინიოლის თავის ქალა ჰქონდა დაზიანებული, ხოლო დუბინინას და ზოლოტარიოვს გულმკერდის ძირითადი მოტეხილობები აღენიშნებოდათ.
ამასთან, დუბინინას ცხედარს ამოგლეჯილი ჰქონდა ენა, თვალები და ტუჩის ზედა ნაწილი.
ამბავს კიდევ უფორ იდუმალს ხდიდა ის ფაქტი, რომ დაღუპულების ტანსაცმელი რადიაციას ასხივებდა. საქმის მთავარი გამომძიებლის, ივანოვის ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ საბჭოთა ხელისუფლება მას გამოძიების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.
ამ ფაქტმა ახალი თეორიის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ამ თეორიის თანახმად ჯგუფი შემთხვევით საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც სწორედ მაშინ, რადიოაქტიური იარაღის ტესტირება მიმდინარეობდა.
მეორე ვერსია ურალის მთებში მცხოვრებ მანსის ტომს უკავშირდება - მაგრამ ეს თეორია მალევე გამოირიცხა, რადგან მანსის ტომის წევრები ურალის მთებს ერიდებოდნენ, დაწყევლილად და მას "მიცვალებულთა მთის" სახელით მოიხსენიებდნენ.
ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ჯგუფის კარავი ზვავმა დაფარა. გარდა ამისა, თუ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში თოვლის საფარის ქვეშ იმოფებოდნენ, ჰიპოთერმით სიკვდილი საკმაოდ რეალური იქნებოდა. მაგრამ ზვავი გარდაცვლილების სხეულზე არსებულ დაზიანებებს ვერ ხსნიდა.
საინტერესო იყო მეოთხე ვერსიაც, რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტს უკავშირდებოდა. უცნაურ ნათებებს სტუდენტების სხვა ჯგუფიც ადასტურებდა, რომელიც ამავე პერიოდში შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 კილომეტრში იყო დაბანაკებული.
საგამოძიებო სისტემის თქმით, ყველა მათგანის გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი სიკვდილი დასახელდა.