Loading

მსოფლიო და ქართული მედიცინა მუზეუმში

მედიცინა ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა. დაბადებიდან ღრმა სიბერემდე ადამიანს უამრავი დაავადება ესხმოდა თავს. მას კი უხდებოდა მათთან გამკლავება, ეპოქიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

საუკუნეებთან ერთად მედიცინამ არნახულ პროგრესს მიაღწია, განვითარდა, დაიხვეწა. თუმცა,არასდროს დაუკარგავს კავშირი წარსულთან. თანამედროვე მედიცინა წარსულ ცოდნას ეფუძნება. წარსულს, რომელიც იმსახურებს, რომ თანამედროვე სამყარომ მეტი იცოდეს მის შესახებ.

დაათვალიერეთ განსხვავებული, ორიგინალური, უნიკალური და საოცრად საინტერესო რამდენიმე მუზეუმი

იაპონია, ტოკიო. მეგუროს პარაზიტოლოგიის მუზეუმი

მეგუროს პარაზიტოლოგიის მუზეუმი დაარსდა 1953 წელს. ის წარმოადგენს სამედიცინო მუზეუმს, სადაც მთელი სივრცე ეთმობა უშუალოდ პარაზიტებს.

მუზეუმში 300-მდე ექსპონატის ნახვაა შესაძლებელი.
ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ პარაზიტების მრავალფეროვან სამყაროს.
გამოფენილ ექსპონატებს თან ერთვის წერილობითი და შემეცნებითი ინფორმაცია მათი თავისებურებების შესახებ იაპონურ და ინგლისურ ენებზე.
მუზეუმის მეორე სართული მთლიანად უკავია ადამიანის პარაზიტებს.

აქვეა დაცული 8 მეტრი სიგრძის პარაზიტი- თასმისებრი ჭია (დიფილობოტრიუმი). ის ძირითადად თერმულად დაუმუშავებელი, უმი თევზიდან ხვდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს ინფიცირებას.

მუზეუმში გამოფენილია სურათები, რომლებიც ასახავს სწორედ პარაზიტებით გამოწვეული დაავადებების მძიმე შედეგებს.

მუზეუმი კარგად აჩვენებს სამყაროს მრავალფეროვნებას და იმას, თუ რამდენად დიდი საფრთხის შემცელი შესაძლოა აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ხშირ შემთხვევაში თვალით უხილავი არსებები.

მიუთერის მუზეუმი, ფილადელფია
მუზეუმი 1858 წელს დაარსდა. მისი კედლები ინახავს ძვალ-სახსართა და შინაგანი ორგანოების პათოლოგიების ამსახველ არაერთ ექსპონატს.

აქ წარმოდგენილია თავის ქალების შთამბეჭდავი კოლექცია, ასევე ცვილის მოდელები, რომლებიც წარმოადგენს რეალური ავადმყოფობის ისტორიებს

სიამის ტყუპები
ბურჰაავის მუზეუმი, ნიდერლანდები

მუზეუმში მედიცინის ისტორიის უმნიშვნელოვანესი კოლექციებია წარმოდგენილი და დაცული.

მუზეუმში შესვლისთანავე დამთვალიერებელს გაოცებისა და ინტერესის გრძნობა ერთდროულად ეუფლება. მის თვალწინ იშლება მედიცინის მრავალფეროვანი სამყარო. გამოწვევებით, სირთულეებით, მიღწევებითა და იმედებით სავსე. მაგალითად, აქ ნახავთ კარანტინის სექციას, სადაც გამოფენილია ფოტოები, რომლებიც პანდემიების დროს ადამიანების პირად ისტორიებს ყვებიან. მუზეუმში წარმოდგენილია დროის ხაზი, რომელიც მედიცინაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ვაქცინების განვითარების ისტორიას ასახავს.

ანატომიის თეატრი
ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი

და რა აქვს ქართულ მედიცინას სათქმელი მსოფლიოსთვის? სინამდვილეში, სიტყვა დიდი ხანია ნათქვამიც არის და გაგონილიც. ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც არ იცის კოლხი ქალის, მედიცინის ჯადოქრის, მედეას შესახებ.

ლადო გუდიაშვილის ნახატი -მედეა (ინახება ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში)

ექიმი, ბალახთა და წამალთა მესაიდუმლე კოლხი მედეათი იწყება მედიცინის ისტორია. ის მიჩნეულია მედიცინის არაერთი დარგის უპირველეს წარმომადგენლად. მედეას შეეძლო მცენარისგან შხამის მიღება და შემდეგ შხამისგან წამლის, რაც ფარმაკოლოგიის ფუძემდებლური პრინციპია: ,,დიდი რაოდენობით ნებისმიერი წამალი შხამია, ხოლო მცირე რაოდენობით ნებისმიერი შხამი წამალი."

მედეა რომ თავად მეცნიერებამ აღიარა მოწმობს ისიც, რომ გერმანელი ბოტანიკოსის, ექიმის და მედიცინის ისტორიკოსის, კურტ იოაჰიმ შპრეგელის ცნობილი მედიცინის პრაგმატული ისტორიის ხუთტომეული სწორედ კოლხური მედიცინის ისტორიით იწყება, სადაც ნახსენებია მედეას ბაღის 36 მცენარე.

და მარტო ის რად ღირს თვით მედიცინის სახელი რომ მედეას უკავშირდება.

პირველად იყო მედეა და შემდეგ იყვნენ სხვები, ბევრნი, ცნობილები და უცნობები.

ზაზა ფანასკერტელი თავისი შედევრით, სამკურნალო წიგნით კარაბადინით, დაუდ-ხანი თავისი იადიგარ დაუდით.

იყვნენ სახალხო მკურნალები, რომლებიც მინიმალური შესაძლებლობებით მაქსიმალურ შედეგებს აღწევდნენ.

ექიმი გიორგი თედორაძე, რომელმაც 5 წელი ფშავ-ხევსურეთში გაატარა აღწერა ხევსურთა ყოფა-ცხოვრება და მათ შორის ხევსურთა სამკურნალო საქმე. მის მიერ აღწერილი და შეგროვებული ინფორმაცია უძვირფასესია ქართული მედიცინის ისტორიისთვის. აი, როგორ აღწერს ავტორი მგელიკა ლიქოკელის მიერ ჩატარებულ დაუჯერებელ, მაგრამ რეალურ ისტორიას ტრეპანაციის შესახებ :

,,ჯერ დაზიანებულ ადგილას ქალას ბურღავენ ტრეპანით და შემდეგ ფხეკის საშუალებით ჭრიან თავის ქალას. ფხეკენ ე.წ ხოწით (სკალპელით), რომელიც უბრალო რკინისგან არის გაკეთებული..."

ტრეპანაციის შემდეგ ჭრილობას მალამოთი კურნავდნენ.

ავადმყოფი ბიძურა არაბულის თავის ჭრილობა, სადაც გაკეთებულია ტრეპანაცია

ლიქოკელს სიმტკიცით, აუღელვებლად, უშიშრად 440 ოპერაცია აქვს გაკეთებული თავის სადასტაქრო პრაქტიკაში (ეს მხოლოდ ტრეპანაციები), მისი მალამოები და სხვა საშუალებები ეფექტური იყო ინფექციების, თვალის დაავადებების, სისხლდენის, ტუბერკულოზის და სხვა პათოლოგიების დროს.

ამ საქმეში არანაკლებ გაწაფული ყოფილა შინაური დასტაქარი, არხოტელი ალეკო ოჩიაური, რომელსაც 350-მდე ჭრილობიანი ავადმყოფი მოურჩენია.

მუზეუმში ასევე ინახება ძველი სამედიცინო იარაღები, რომელიც სხვადასხვა სახის მანიპულაციებისა და ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა.

ქართული მედიცინის ისტორიაში მცენარეებს, როგორც სამკურნალო საშუალებებს, მთავარი როლი აქვს. და ეს რა გასაკვირია მედეას სამშობლოში.

ეს კლდეში ნაკვეთი ქალაქის, ნაკვეთი აფთიაქია, სადაც თითო ნიშა თითო მცენარისთვის არის განკუთვნილი. სააფთიაქო ჭურჭლის მრავალფეროვნება იმ ეპოქაში ამ დარგის ძალიან კარგ განვითარებაზე მიგვანიშნებს.(როდინები, ნედლეულის სანაყი, სასწორები)

ვარძიის აფთიაქი (ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი)

მუზეუმში წარმოდგენილია ექიმის კაბინეტი, რომელიც შედგება არაერთი ცნობილი ექიმის ნივთისგან. მაგალითად: ვლადიმერ ვარონენის მაგიდა, ვლადიმერ ჟღენტის სკამი, ეგნატე ფიფიას წიგნის თაროები, გრიგოლ მუხაძის კიტელი და საოპერაციო ხალათი, მიხეილ შენგელიას ტელეფონი.

ეს მიხეილ შენგელიას მიერ დაარსებული ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმია - ეს ქართული მედიცინის და ქვეყნის საგანძურია.

ავტორი: მარიამ ფოლადაშვილი