Loading

პანკისელი ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისთვის

მშობლიურ ხეობაში

პანკისის ხეობაში მდებარე სოფელი დუისი თბილისიდან ორსაათნახევრის სავალზეა. 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის თანახმად, სოფელში 2,354 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 93.7% ეთნიკური ქისტია.

ერთ-ერთი მათგანია იიმან აბდულაევი. ის 23 წლისაა და მშობლიურ სოფელში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა - სწორედ მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემია დაიწყო. მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფილოლოგია შეისწავლა.

იიმანს სურდა, მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა, მაგრამ სამუშაო არსად ჩანდა. ახლა იხსენებს, რომ მზად არ აღმოჩნდა იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რომლებსაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადააწყდა.

პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდები ამბობენ, რომ იქ თვითრეალიზაცია სერიოზული გამოწვევაა, რაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა. სწორედ თვითრეალიზაციის სურვილმა გადააწყვეტინა ახალგაზრდებს ადგილობრივი ორგანიზაციის შექმნა; ორგანიზაციის, რომელიც შეკრებდა ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს და თვითმმართველობის საკითხებში მათ ჩართულობას წაახალისებდა.

„როდესაც ჩამოვედი ხეობაში და გარშემო ვუყურებდი რა და როგორ ხდებოდა, მე არ მქონდა ინფორმაცია იმაზე, თუ რაში შემეძლო მონაწილეობის მიღება, რაში შემეძლო ჩავრთულიყავი… რადგან ვიცოდი, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდასაც არ ჰქონდა ეს ინფორმაცია, ვიფიქრე, რომ რატომაც არა - გავიაროთ ტრენინგები, გავიგოთ მეტი მეც და სხვებმაც”, - ამბობს იიმან აბდულაევი. ამიტომ გადაწყვიტა, განეხორციელებინა პროექტი, რომელიც ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს პრაქტიკულ ცოდნას მიაღებინებდა.

საბოლოოდ, ორ თანამოაზრესთან ერთად, იიმანმა დააფუძნა ახალგაზრდული ორგანიზაცია „რეგიონის განვითარებისთვის”, რომელიც USAID-ის დაფინანსებით პანკისში მცხოვრებ 15-დან 25 წლამდე ასაკის პირებს ადვოკატირებაზე, საქმისწარმოებაზე, თვითმმართველობის საკითხებსა და საგრანტო პროექტების წერაზე უტარებს ტრენინგებს.

ახალგაზრდული ორგანიზაცია

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ორგანიზაციამ ტრენინგები 15 ახალგაზრდას ჰიბრიდულ ფორმატში ჩაუტარა: შეხვედრების ნაწილი ადგილზე დასწრებით, ნაწილი კი ონლაინ რეჟიმში შედგა.

თვითმმართველობაზე ჩატარებული ტრენინგის შემდეგ, ორგანიზაციამ ოთხი მონაწილე ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაგზავნა, სადაც მათ საშუალება მიეცათ, უშუალოდ შეესწავლათ თვითმმართველობის ყოველდღიური მუშაობა.

იიმან აბდულაევის თქმით, ხეობას არ გააჩნია გასართობი სივრცეები, სადაც ახალგაზრდები შეკრებას შეძლებენ. თუმცა, თვითმმართველობის პროექტებში მათი ჩართულობით, შესაძლებელია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა, რომელიც მსგავსი სივრცეების მოწყობას მოხმარდება.

ტრენინგების ერთ-ერთი მონაწილე, 23 წლის მარიამ მარგოშვილი ფსიქოლოგიის მაგისტრანტია. იგი მიიჩნევს, რომ ხეობაში მწვავედ დგას ახალგაზრდების მასობრივი გადინების საკითხი. თუმცა, ტრენინგებზე მიღებული ცოდნა მომავალ თაობას რეგიონის გასავითარებლად თავიანთი ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება.

„დავსწრებივარ სხვა შეხვედრებსაც, სადაც, ძირითადად, არის აზრთა სხვადასხვაობები. მაგალითად, ჩვენ გვგონია ხოლმე, რომ რაღაც სჭირდება ხეობას და უფროსმა თაობამ შეიძლება თქვას, რომ ეს სულ არ არის საჭირო, ან პირიქით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდულმა კავშირმა უფრო თავისი ხიბლი და მნიშვნელობა მისცა ამ ყველაფერს. ზოგადად, მნიშვნელოვანია მსგავსი ორგანიზაციების არსებობა, რათა კიდევ და კიდევ მოხდეს ჩვენი იდეების გაზიარება”.

მრავალფეროვნება

ახალგაზრდებს შორის იდეების გაზიარების მნიშვნელობაზე ხაზგასმით საუბრობს იიმან აბდულაევიც. მაგალითისთვის, იგი თავის სტუდენტობას იხსენებს, როდესაც შანსი მიეცა, განსხვავებული წარმომავლობის, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა და ღირებულებების ადამიანები გაეცნო და მათთან ემეგობრა.

იიმანი ამბობს, რომ ხეობაში ყველა ყველას იცნობს. სტუდენტობისას მრავალფეროვან ხალხთან დამეგობრებამ კი მას ბევრ საკითხზე შეაცვლევინა წარმოდგენა.

„შეიძლება ახლა ჩემს საზოგადოებაში იყვნენ ადამიანები, ვინც ვერ გამიგონ, რადგან სხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან მეგობრობა შემიძლია. როცა ჩამოვდიოდი და ჩემს მეგობრებზე ვყვებოდი, მეუბნებოდნენ, როგორ შეგიძლია მათთან მეგობრობაო. ამ დროს, მე ძალიან მინდოდა, რომ ყველას გაეცნო ის ადამიანები”.

პანკისელი ქისტების უმრავლესობის მსგავსად, იიმანი მუსლიმია. უნივერსიტეტში სწავლისას ჯგუფში ერთადერთი იყო, ვინც ჰიჯაბს ატარებდა. სწორედ ამიტომ, ბევრი ინტერესდებოდა მისი აღმსარებლობითა და წარმომავლობით. როგორც თავად იხსენებს, ზოგჯერ უკვირდათ კიდეც, რომ მას ქართულ ენაზე თავისუფლად შეეძლო საუბარი.

„საერთოდ, თავშლის ტარება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა… მე, უბრალოდ, მივხვდი, რომ ეს უკეთეს ადამიანად მაქცევდა. როდესაც მე თავშალი დავიფარე, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე”.

იიმანი აღნიშნავს, რომ ჰიჯაბის ტარება მისი პირადი, გააზრებული არჩევანია, რომელიც არასოდეს უნანია.

„ამდენი განსხვავებული ადამიანი როდესაც ერთად შევიკრიბეთ და საუბარი დავიწყეთ, ძალიან ახლოს ვიგრძენით თავი ერთმანეთთან. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, განსხვავებების მიუხედავად, ყველას გვქონდა რაღაც, რაც გვაწუხებდა; სირთულეები, რასაც ვაწყდებოდით იმ გარემოცვაში, რომელშიც ვიყავით… ყველა სადღაც მივხვდით, რომ რაც არ უნდა იყოს, მაინც ადამიანები ვართ და სადღაც ყველანი მაინც ვგავართ ერთმანეთს”.

ბავშვობის ოცნება

სამომავლოდ, იიმან აბდულაევი მაგისტრატურაში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. როგორც თავად ამბობს, მენეჯმენტის ან ეკონომიკის მიმართულებით. თუმცა, პარალელურად ფიქრობს ბავშვობის ოცნების ახდენაზეც: უნდა, რომ ტანსაცმლის დიზაინი შეისწავლოს.

მოდის მიმართ ყოველთვის ჰქონდა ინტერესი, მაგრამ, მისთვის შესაფერისი სამოსი მაღაზიებში ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. ამის მიუხედავად, ჰიჯაბისა და გრძელი კაბების ფერადი, მრავალფეროვანი თარგები იიმანის წარმოასახვაში დიდი ხანია, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

„ფორმისა და სტილის მხრივ, ჩემს თავში ძალიან ბევრი იდეა ტრიალებს, რომლებსაც სიამოვნებით მოვიყვანდი სისრულეში… ბავშვობაში ძალიან ბევრ მუქ ფერს ვხედავდი ქუჩაში და დღესდღეობით, როდესაც ვხედავ, რომ ახალგაზრდები ფერადი ტანსაცმლით გამოდიან, თითქოს სიხალისე და სილაღე შემოაქვთ”.

იიმანი აღნიშნავს, რომ საკუთარი საქმის პარალელურად, დიზაინერობის სურვილი არასოდეს უქრება და ამ საქმიანობას ახლა თუ არა, სიბერეში მაინც წამოიწყებს.

მომავალი

აკადემიურ და პროფესიულ გეგმებთან ერთად, იიმან აბდულაევის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა: მან საკუთარი ოჯახი შექმნა და პირველი შვილი შეეძინა

აცნობიერებს, რომ მშობლობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ აპირებს, კარიერის პარალელურად, მაქსიმალურად ჩაერთოს ბავშვის აღზრდაში, რათა ის დამოუკიდებელი პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

„მინდა, რომ ჩემი ცხოვრების გამოცდილება გავუზიარო და ისეთი ადამიანი გავზარდო, რომელიც ყველა არჩევანს თავად გააკეთებს”.

კითხვაზე, სად წარმოუდგენია მომავალში ცხოვრება, იიმანი გვპასუხობს, რომ მისთვის გარემოს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია თვითრეალიზაციის საშუალება ჰქონდეს. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, ბოლოს მაინც მშობლიურ თემთან მოისურვებს დარუნებას.

ტექსტი: თიკო ზურაბიშვილი

ფოტო, ვიდეო: ჯუდა ხატია ფსუტური

დიზაინი: ართურ მოსოიანი

სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის ფარგლებში

Created By
Artur Mosoyan
Appreciate