Loading

აფხაზეთი 2022 - რა იყო, რა იქნება და რას ელიან ადამიანები

სომელიე მადინა ტვანბა

„წელს მოვახერხე ახალ დონეზე გასვლა ჩვენი ბრენდის, „VineAbkhazia“-ს აფხაზური ვაზის ჯიშებიდან დამზადებული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. ჩვენ თვითონ ვზრდით ყურძენს, ვაკეთებთ ღვინოს, კონიაკს, ჭაჭას და ვფუთავთ. ახალ წლამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე გადავწყვიტეთ გაყიდვების წერტილის გახსნა სადგურ „გუმასთან“, სოხუმის ახალ კულტურულ მოედანზე. ეს მიმაჩნია ჩემს მთავარ მიღწევად. ახალი წლის ღამეც აქ გავატარე“.

გამოფენების კურატორი შარუდა ტუჟბა

„ახალ სფეროში მოვახერხე საკუთარი თავის რეალიზაცია. როდესაც ერთი წლით უკან იხედები, გეჩვენება, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მაგრამ მე მადლობელი ვარ ამ წლისაც და დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელს კიდევ უფრო მეტის გაკეთებას მოვახერხებ. „გუმას“ ხელოვნების მოედანზე მუშაობა მარტივი არ არის, რადგან მუდმივად შეხება გაქვს ხელოვან ადამიანებთან, მაგრამ ეს ძალიან საინტერესოა. და ვხედავ რეალურ სარგებელს იმისგან, რასაც აქ ვაკეთებთ. ახალ წელს მშობლების სახლში შევხვდი, სოფელში, ბუხართან, ოჯახთან ერთად, ოჯახური ღვინის ბოკალით ხელში“.

რეჟისორი ვალერი კურასკუა

„წელს ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცვლილება მოხდა. ტელევიზიაში სამსახური დავტოვე. თითქმის დავასრულე ჩემი სტუდიის, „აამტას“ რემონტი. პროდუქტი, რომელსაც კოლეგებთან ერთად ვამზადებ, ახალ, აქამდე ჩემთვის უცნობ სივრცეებში შევიდა - ინტერნეტში. 70 წლის ასაკში ცვლილებები მარტივად არ ხდება, მაგრამ კიდევ უფრო რთულია ისეთი ადამიანების ხელმძღვანელობით მუშაობა, რომლებიც საკუთარ პირობებს გკარნახობენ და არ ითვალისწინებენ შენს შემოქმედებით ჩანაფიქრებს. ახლა თავისუფალ ცურვაში ვარ, სიამოვნებას ვიღებ თავისუფლებით, რომელსაც ინტერნეტი მაძლევს“.

მძღოლი ალიას უბირია

„ძალიან რთული წელი იყო. მძიმედ გადავიტანე COVID-19. ბევრი ძალისა და ფინანსების დახარჯვა მომიწია მკურნალობისთვის. ოჯახში დანაკარგები გვქონდა, რომელიც რთულად გადავიტანეთ მეც და ჩემმა ახლობლებმაც. მაგრამ წლის ბოლოსკენ ცხოვრება თითქოს დალაგდა. ახალი საინტერესო სამსახური გამოჩნდა, ახლა მეუღლესთან ერთად მომავალი ზაფხულისთვის გეგმებს ვაწყობთ, რადგან ჩვენი ოჯახური ბიზნესი ტურიზმთან არის დაკავშირებული. იმედი მაქვს, რომ ახალი წელი სიხარულსა და ფინანსურ კეთილდღეობას მოიტანს. დანაკარგები წელსაც გვეყოფა“.

პენსიონერი ლუბა ვართაგავა

„ეს სრულიად არაშთამბეჭდავი წელი იყო. მიჭირს რაიმე განსაკუთრებული მოვლენის გამოყოფა. შესაძლოა, მესამე შვილიშვილის დაბადება. კიდევ ერთი ბიჭი ჩვენს ოჯახში. დამამახსოვრდა ცხელი ზაფხული და ძალიან ბევრი ადამიანი პლაჟებზე. ასეთ რამეს გადავეჩვიეთ, ამდენი ტურისტი ჩვენთან, სოხუმში, ალბათ, 1980-იან წლებში თუ მინახავს. ზამთარიც არც ისე სასიამოვნოდ დაიწყო - ელექტროენერგიის მუდმივი გათიშვები მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. ხან წყალს თიშავენ, ხან დენს. მაგრამ ახლა თითქოს ყველაფერი დასტაბილურდა. იმედი მაქვს, მომავალ წელს მხოლოდ ამ უხერხულობას გავიხსენებთ“.

Created By
JAMnews კავკასია
Appreciate