Loading

“ანაგი” დიღმის ტყე-პარკში მშენებლობას გეგმავს ავტორი: მარიამ უგრეხელიძე

სამშენებლო კომპანია “ანაგი” დიღმის ტყე-პარკში, 4,900 კვ.მ.-ზე ორანჟერიის, საგამოფენო და საკონცერტო ცენტრის აშენებას გეგმავს. მერიამ მათ მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უკვე დაუდგინა. “ანაგში” ახლა არქიტექტურულ პროექტზე მუშაობენ.

თუ მერია “ანაგს” მშენებლობის ნებართვას მისცემს, მაშინ ამ გადაწყვეტილებით უგულებელყოფს 2006 წელს მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც დიღმის ტყე-პარკი გამწვანების სპეციალურ ზონად გამოცხადდა და მასში ნებისმიერი ტიპის მშენებლობა აიკრძალა.

კომპანია “ანაგი” ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ხმაურიან პროექტებს, “პანორამა თბილისსა” და ხეების გადატანის სამუშაოებს ასრულებს.

“ანაგისთვის” მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას დაემთხვა ცვლილებები თბილისის გენერალურ გეგმაშიც. თებერვალში თბილისის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთა გენ.გეგმის სამუშაო ვერსია, რომლის თანახმადაც დიღმის ტყე-პარკის მთლიან ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი ენიჭებოდა. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში კი ყველა ტიპის მშენებლობა აკრძალულია, გარდა ისეთი ნაგებობებისა, რომელიც ამ სივრცის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.

“ანაგმა” მის კუთვნილ ტერიტორიაზე მშენებლობის პირობების დასადგენად მერიას მაისში მიმართა. ივნისში მერიამ თანხმობა მისცა. 5 ივლისს კი არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე გენ.გეგმის ახალი ვერსია გამოჩნდა, რომლითაც “ანაგის” მიერ სამშენებლოდ გამოსაყენებლი ტერიტორია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში კი აღარ ხვდება, არამედ საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში, სადაც მშენებლობა დასაშვებია. თბილისის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გენ.გეგმის სწორედ ეს ვერსია გაუგზავნა.

გენ. გეგმის თანაავტორი, მერაბ ბოლქვაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ მერიამ გზისპირა ზოლისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის შენარჩუნებაზე საუბარი, დაახლოებით, 2-3 თვის წინ დაიწყო. ეს პერიოდი “ანაგის” მიერ მერიაში განცხადების შეტანას ემთხვევა.

გზისპირა ზოლში “ანაგის” ნაკვეთთან ერთად საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში მოექცა 13 სხვა ნაკვეთიც, რომელთაგან ნაწილზე სამეურნეო ობიექტები მდებარეობს, მაგალითად მარკეტები და ბენზინ-გასამართი სადგურები.

მაია ბითაძე, თბილისის მერის მოადგილე “აი, ფაქტთან” საუბრისას აცხადებდა, რომ სწორედ ამ ობიექტების არსებობის გამო გადაწყვიტეს, ამ ტერიტორიისთვის აღარ მიენიჭებინათ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი. თუმცა, გენ.გეგმის საბოლოო ვერსიით ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა ტყე-პარკის შუაგულში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს.

გენ.გეგმის ერთ-ერთი ავტორი, მერაბ ბოლქვაძე ფიქრობს, რომ ამ განაპირა ზოლს, სადაც სამეურნეო ობიექტებია განთავსებული, ახალი გეგმით სარეკრეაციო ზონის სტატუსი უნდა მინიჭებოდა. თუმცა, მერიამ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ამ ტერიტორიაზე მყოფ კერძო მესაკუთრეთა კომპენსაციას დიდი ფული დასჭირდებოდა. ბოლქვაძე ამბობს, რომ მერიას მათთვის არ უჩვენებია შესაბამისი კვლევა, რომელიც კომპენსაციის მოცულობას დაადგენდა. ჩვენ მერიისგან მოვითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია და პასუხს ველით.

ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე კი გვიხსნის, რომ სამეურნეო ობიექტების ნაკვეთებისთვის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება აუცილებლად მათ დემონტაჟს არ ნიშნავს.

დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მცხოვრებნი შიშობენ, რომ ამ გზისპირა ზოლისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის შენარჩუნება შენობების კიდევ უფრო გაფართოებასა და ტყის ზონის ათვისებას გამოიწვევს.

ურჩობის მაგალითად შპს “მ-მ” გამოდგება, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის დასაწყისში, გზაზე მდებარეობს. კომპანიას ეკუთვნის სუპერმარკეტი, რომლის უკანა ნაწილი დიღმის ტყე-პარკს ესაზღვრება. მარკეტის მთლიანი ტერიტორია მოქცეულია სპეციალური გამწვანების ზონაში, სადაც ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია. მეპატრონემ მშენებლობა მერიის ნებართვის გარეშე წამოიწყო. ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების შემდეგ, 2016 წელს კომპანია 10,000 ლარით დაჯარიმდა და შენობის დემონტაჟი დაევალა. მეპატრონე ამბობს, რომ ჯარიმა ჯერ არ გადაუხდია და არც არაფერი დაუნგრევია. პირიქით, აშენებულის კეთილმოწყობაზე ზრუნავს. გამოდის, რომ კანონი ამ ზოლში განთავსებულ ყველა მეწარმეს ერთნაირად ვერ აშინებს.

ჩვენ ვკითხეთ მაია ბითაძეს, მერის მოადგილეს, რა გარანტია აქვთ, რომ ამ გზისპირა ზოლში განთავსებული ობიექტები იმავეს არ გაიმეორებენ, რასაც “მარი მარკეტის” მეპატრონე აკეთებს. მით უფრო, თუ ზონას შეუნარჩუნდება საზოგადოებრივ-საქმიანის სტატუსი?

გზისპირა ზოლში განლაგებულ არც ერთ სამეურნეო ობიექტს კანალიზაცია არ აქვს. ფეკალური მასები პირდაპირ მიწაში ჩაედინება და ადგილობრივ ეკოსისტემას აზიანებს. პრობლემაა ტყის მიმდებარედ ბენზინგსამართი სადგურების არსებობაც, რომლებსაც საწავავით სავსე ცისტერნები პირდაპირ მიწაში აქვთ ჩადგმული.

მერიის წარმომადგენელი ზურაბ სახვაძე დაგვპირდა, რომ ამ მდგომარეობას შეამოწმებდა. მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური მისული იყო დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე და შემდეგ კვირაში აზომვითი სამუშაოები ჩატარდება, რათა გაარკვიონ სამხედრო გზის გასწვრივ მდებარე შენობები იჭრებიან თუ არა ტყე-პარკის სარეკრეაციო ნაწილში.

მაია ბითაძე, მერის მოადგილე აცხადებს, რომ ისინი 10 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებენ დიღმის ტყე-პარკის კერძო მესაკუთრეებისგან უკან გამოსყიდვის მიზნით. ანა გაბრიაძე წლების მანძილზე ითხოვდა პროკურატურისგან, გამოეძიებინათ როგორ ყიდულობდნენ სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირები მიწებს დიღმის ტყე-პარკში. პროკურატურა ამ საქმით არ დაინტერესებულა. მაია ბითაძე, მერის მოადგილეც ამბობს, რომ კითხვები დიღმის ტყე-პარკის გასხვისებასთან დაკავშირებით მათაც აქვთ. დღეისთვის დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის 53 პროცენტი სახელმწიფოსა და მერიის საკუთრებაა.

თქვენ რომ მიწის ნაკვეთის ყიდვა გინდოდეთ, იყიდდით მას ისეთ ზონაში, სადაც ვერაფერს ააშენებდით? კომპანია “ანაგმა” კი ასეთი 3 ნაკვეთი იყიდა და ჯამში 3 მილიონ აშშ დოლარამდე გადაიხადა. “ანაგის” გარდა დიღმის ტყე-პარკში ნაკვეთებს ფლობენ თამარ ჩარკვიანი, შპს “პსპ ფარმა,” შპს ჯორჯიან პეტროლ - 2009” და 35 ფიზიკური თუ იურიდიული პირი. რამდენიმე მათგანმა სცადა ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მიეღო მერიისგან, მაგრამ ყველას უარი უთხრეს, გარდა “ანაგისა” და შპს “ზამბახისა,” რომლის ტერიტორიაზეც Wissol-ის ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს.

ჩვენ შპს “ანაგს” ვკითხეთ, რატომ იყიდეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მიწის ნაკვეთი, მაშინ როცა მისი სამშენებლოდ გამოყენების უფლება ვერ ექნებოდათ. პასუხს თავი აარიდეს და მოგვწერეს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობას არ აპირებენ.

ურბანისტი ზურა ბაქრაძე ამბობს, რომ სარეკრეაციო ზონის სტატუსი არაა იმის გარანტი, რომ იქ მშენებლობა არ დაიწყება. “სპეციალური ზონალური შეთანხმების წყალობით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მერიას მოთხოვოს თავის ნაკვეთზე ზონის შეცვლა. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ცვლილების უამრავი შემთხვევა ახსოვს ამ ქალაქს,” ამბობს ბაქრაძე.

ვიდრე ქალაქში სარეკრეაციო ზონებს დეველოპერები ითვისებენ, თბილისი ჰაერის დაბინძურებით მსოფლიოში 70-ე ადგილასაა და საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 101 ადამიანი ჰაერის დაბინძურების გამო იღუპება.

მასალაში გამოყენებული ნახატების ავტორია ანა გაბრიაძე;

NextPrevious

Report Abuse

If you feel that the content of this page violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.