Loading

“როდესაც მარტო ვრჩებით, ოსურ ენაზე ვსაუბრობთ”

სამშვიდობო გზავნილი

ქართველი და ოსი მსახიობების მონაწილეობით, თბილისში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სცენაზე მაყურებელმა ქართულ-ოსურ ენებზე დადგმული სპექტაკლის - “თამარ მესფე და დავით სოსლანის” - პრემიერა იხილა.

თეატრალურ წარმოდგენაში თამარ მეფისა და დავით სოსლანის დინასტიური ქორწინებაა ასახული, რომელიც, მისი შემქმნელების განმარტებით, ქართულ-ოსური მჭიდრო ისტორიული ურთიერთობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ არის მიჩნეული.

„ქართულ და ოსურ ენებზე შესრულებული სპექტაკლი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ერთგვარი გაგრძელებაა, სპექტაკლს ქართულ და ოსურ ენებზე თამაშობენ ქართველი და ოსი მსახიობები. თამაშობენ დიდი სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით, დიდი პატივისცემითა და დიდი ღირსებით. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ურთიერთობებს დიდი მომავალი აქვს“, - ამბობს სცენარის ავტორი ნინო პოპიაშვილი.

სპექტაკლზე ერთდროულად მუშაობდნენ ეთნიკურად ქართველი და ოსი ავტორები და მსახიობები. მასში, ისტორიული და ლიტერატურული, აუდიო და ვიზუალური მასალაა გამოყენებული, მათ შორის, მე-20 საუკუნის ქართველი და ოსი კომპოზიტორების მუსიკალური ნაწარმოებები.

ქართულ- ოსური სპექტაკლი არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიურმა მოზაიკამ” “კობერმის” [COBERM - Confidence Building Early Response Mechanism] და ევროკკავშირის მხარდაჭერით დაგეგმა. თუმცა, “თამარ მეფე და დავით სოსლანი” ქართულ-ოსური თეატრალური ურთიერთბების პირველი მაგალითი არ არის. ორგანიზაციამ 2018 წელსაც იმუშავა სპექტაკლზე “ამბავი ნართებისა”, რომელიც ასევე ქართულ და ოსურ ენებზე დაიდგა შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსწავლეთა სასახლის სცენებზე.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს არის სამშვიდობო გზავნილი ქართველებსა და ოსებს შორის და მსგავს ინიციატივებს დიდი კულტურული დატვირთვა აქვს.

“ჩვენი სურვილია, რომ ეს ინიციატივა ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი. შესაბამისად, სპექტაკლის ჩანაწერი გავრცელდება, როგორც ქართულ, ასევე ოსურ დაინტერესებულ აუდიტორიაშიც”, - ამბობს პოპიაშვილი

ახალი ქართულ-ოსური თეატრალური წარმოდგენის იდეის ავტორი თსუ-ის პროფესორი და ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევაა.

“ვფიქრობ, განათლება და კულტურა ამ ორი ხალხის დაახლოებისა და ურთიერთობების აღდგენის ერთ-ერთი საინტერესო გზაა”, - ამბობს ბაპიევა. ის, მრავალი წელია, ქართულ-ოსურ საკითხებზე მუშაობს, მათ შორის, სამეცნიერო კუთხით.

ორი ქალის ამბავი

85 წლის თინა კუდუხაშვილი საკუთარ ეზოში მოსულ შინდს კრეფს და მის გასაყიდად, კვირაობით სამარშუტო ტაქსით თბილისში ჩადის ხოლმე. ნავაჭრი ფულით კი, სახლში ზეთი, შაქარი და ყოველდღიურად საჭირო საკვები ჩამოაქვს. სოფელში, სადაც ის ცხოვრობს, არც სასურსათო მაღაზიაა და არც აფთიაქი. თითქმის დაცარიელებულ სოფელში არავინაა ისეთი, ვისაც თუნდაც მცირე ჯიხურის გახსნა უღირს.

ოსური სოფელი ნიგოზა შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ოდესღაც ხალხმრავალი სოფელი დღეს უკაცრიელად გამოიყურება. არც ეზოებსა და ბაღებში საშემოდგომო სამუშაოებისთვის გამოსული ადგილობრივები გვხვდებიან.

თინა კუდუხაშვილი და მისი მაზლის ცოლი, 80 წლის ევგენია ჯიოევა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსები, იმ მცირეთაგანი არიან, ვინც სოფელში დარჩა. ორი მარტოხელა პენსიონერი ქალი დღეს ერთმანეთის გვერდიგვერდ სახლებში ცხოვრობს და სოფლის ყოველდღიურ რუტინას ინაწილებს. ერთმანეთში კი, მხოლოდ ოსურ ენაზე საუბრობენ.

თინა

“მე ამ სოფელში დავიბადე, - გვიყვება თინა კუდუხაშვილი. მამაჩემმა აკვანშივე დამნიშნა მეზობელ ბიჭზე, რომელიც ზუსტად იმ დღეს დაიბადა, როდესაც - მე. ჩვენმა მამებმა იმავე დღეს მოილაპარაკეს - ესენი ცოლ-ქმარი იქნებიანო. მთელი ბავშვობა ვიცოდი, რომ ის იყო ჩემი ქმარი. სიმართლე გითხრათ, პროტესტიც კი მქონდა ამის გამო და ვბრაზდებოდი ხოლმე პატარაობისას, მაგრამ მაინც ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. მის ჯარში წასვლამდე დავინიშნეთ და დაბრუნების შემდეგ ვიქორწინეთ”.

თინა კუდუხაშვილის ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მათი შვილები, კი, უკვე საკუთარი ოჯახებით სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ.

“ჩემმა შვილებმა ეთნიკურ ქართველებზე იქორწინეს. ჩვენთვის შერეული ოჯახები არ არის უცხო”.

თინა კუდუხაშვილისგან განსხვავებით, მისი მაზლის ცოლი და კარის მეზობელი ევგენია ჯიოევა ზნაურის რაიონში [ამჟამად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა] დაიბადა. 23 წლის იყო, როდესაც მისი მომავალი ქმარი, სოფელ ნიგოზას მკვიდრი გაიცნო და ქორწინების შემდეგ ისიც ამავე სოფელში გადავიდა საცხოვრებლად.

“ისეთი ლამაზი ბიჭი იყო ჩემი ქმარი, რომ ყველაფერი დავტოვე და გამოვყევი აქეთ”, - გვიყვება ევგენია.

დღეს ცოცხალი აღარც მისი ქმარია. მათი შვილებიც თბილისში ცხოვრობენ. ქალმა კი დარჩენილი ცხოვრების გატარება სოფელში არჩია.

ქართულ-ოსური კონფლიქტი ეთნიკური ოსების ცხოვრებაში

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსების უფროსი თაობა, განსაკუთრებით სოფლებში, ერთმანეთს ოსურ ენაზე ელაპარაკება, მათ ხშირად საკუთარი თავი ეთნიკურ უმცირესობად არც მიაჩნიათ და ამბობენ, რომ “არაფრით გამოირჩევიან” დანარჩენი საზოგადოებისგან.

2019 წელს ღია საზოგადების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა კვლევა სახელწოდებით „ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა“. კვლევის შედეგებით, ოსები, ერთადერთი გამოკითხული უმცირესობათა ჯგუფი აღმოჩნდა, რომელთა დიდი უმრაველსობაც საქართველოში სრულფასოვან მოქალაქეებად გრძნობს თავს.

ამის მიუხედავად, ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა მაინც არასასურველი გავლენა იქონია იმ ოსებზე, რომლებიც მუდმივად საქართველოში ცხოვრობდნენ და კონფლიქტში არ ჩარეულან. ისინიც საკუთარი ნების წინააღმდეგ ამ საომარ დაპირისპირებაში ჩათრეულები აღმოჩნდნენ.

არანაკლებ მძიმედ აისახა ქართულ-ოსური კონფლიქტი ევგენია ჯიოევაზეც, რომელსაც ოჯახის წევრები ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. კონფლიქტმა და 2008 წლი ომმა კი ოჯახი საბოლოოდ გახლიჩა.

“რა დამავიწყებს ჩემი მომაკვდავი უმცროსი ძმის ბოლო დღეებს. როგორ უნდოდა ჩემი ნახვა სიკვდილის წინ და ვერ მნახა. 2008 წლის ომის შემდეგ ჩაკეტილი გზის გამო შეუძლებელი იყო იქეთ ჩასვლა, ეს რა ცხოვრება დაგვიდგა?”, - ცრემლნარევი გვიყვება საკუთარ სატკივარზე ევგენია ჯიოევა.

წლიდან წლამდე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსების რაოდენობა მცირდება. ე.წ. ოსური სოფლები, რომლებიც, ძირითადად, შიდა ქართლსა და კახეთში მდებარეობს, იცლება. ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ მცირდება თემი, ქართულ-ოსური კონფლიქტია 1990-იან და 2008 წლებში, რომელიც პირდაპირ და ირიბად შეეხო თემს.

თსუ-ს პროფესორი და ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევა ქართულ-ოსურ ურთიერთობათა რამდენიმე ასპექტზე გვიყვება:

თანაცხოვრება და შერეული ოჯახები

“ქართველების და ოსების თანაცხოვრება მრავალსაუკოვანი გახლავთ”, - ამბობს ბეპიევა. Მისი მისი თქმით, არც ერთ ეთნიკურ ჯგუფში არ არის “ამდენი შერეული ოჯახი, რამდენიც ქართულ-ოსურია. ეს, თავის მხრივ, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან კულტურით, ტრადიციებით, ეთნო-ფსიქოლოგიით.

“როდესაც ქართულ-ოსური დაპირისპირება დაიწყო, ბევრი შერეული ოჯახი დაინგრა, მაგალითად, ცოლი და შვილები წავიდნენ და ქმარი დარჩა, ან პირიქით”, - ამბობს ბეპიევა.

ოსური ენა სკოლებში

რამდენიმე წლის წინ განათლების სფეროში რეფორმებისა და სკოლების ოპტიმიზაციის შემდეგ, როდესაც სკოლების რაოდენობა შემცირდა, ოსური ენის სწავლების პროცესშიც ცვლილებები მოხდა. დღეს ოსურ ენას საქართველოში კახეთისა და ქართლის რეგიონების რამდენიმე სკოლაში სწავლობენ, თუმცა, ის ზოგან არჩევითია.

"საქართველოში მცხოვრებ ოსებს, თითქმის ყველა ტრადიცია შენარჩუნებული აქვთ"

ტრადიციები

ნაირა ბეპიევა გვიყვება, რომ საქართველოში მცხოვრებ ოსებს, თითქმის ყველა ტრადიცია შენარჩუნებული აქვთ. ისეთი უჩვეულო ტრადიციაც კი, როგორიცაა მკვდრის პატივისცემა, რაც მიცვალებულისთვის სასაფლაოზე სამ ღამეს კოცონის დანთებას და გათენებას გულისხმობს.

“ოსებში არსებობს გაგება იმისა, რომ თუ საფლავთან არ გაათიე სამი დღე, მიცვალებული შეიძლება ბოროტმა სულებმა “გადაიბირონ”.

“ტრადიციები არსებობს ასევე ქორწილებშიც, სადაც აუცილებლად სვამენ ლუდს. ქალები და მამაკაცები კი ცალ-ცალკე სხდებიან. პატარძალიც მარტო დგას. თუმცა, თანამედროვე ცხოვრებაში უკვე ბევრი რამ იცვლება”.

ქართულ-ოსური ცენტრი

რამდენიმე წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ქართულ ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო ცენტრი. მის საქმიანობას უკავშირდება სხვადასხვა გამოცემა, მათ შორის, ოსურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც ცენტრმა პირველად 2012 წელს გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით გამოსცა.

ცენტრს გამოცემული აქვს ასევე აქვს სასკოლო ლექსიკონიც. ასევე, ნართების ეპოსი ოსურ და ქართულ ენებზე ბავშვებისთვის ფერადი ილუსტრაციებით და ოსი კლასიკოსების კრებულები.

“ივანე ჯავახიშვილის ინიციატივა იყო, რომ ოსური ენა ესწავლათ უნივერსიტეტში. მან უნივერიტეტის დაარსების პირველივე სხდომაზე განაცხადა, რომ 1918 სექტმბრიდანვე უნივერსიტეტში უასნდა ისწვლებოდეს ოსური ენა. ამ ენის სწავლება კი აკადემიკოს გიორგი ახვლედიანს დაავალა, რომელმაც თავის მხრივ, შეადგინა სასწავლო პროგრამა.

„ამავე პერიოდში იწყება გაძლიერებული სამეცნიერო ურთიერთობები, რომელიც ამჟამადაც აქტუალურია. მაგალითად, ახლა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენციისთვის ვემზადებით. როგორც წესი, მსგავს კონფერენციებზე ერთად სხდებიან ქართველი და ოსი მეცნიერები”, - ამბობს ექსპერტი ნაირა ბეპიევა.

ავტორი: ნინო კახიშვილი, ნეტგაზეთი

დიზაინი: ართურ მოსოიანი

სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის ფარგლებში