Loading

საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის

„თუ არ იბრძოლებ საკუთარი უფლებებისთვის, შენი გარემო არ შეიცვლება. რაც უფრო აქტიური იქნები, უფრო თავისუფალ და სამართლიან გარემოში იცხოვრებ”, - სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას ამ სიტყვებს თავისი საქმით საქართველოში ბევრი ეთანხმება. ამ პროექტში სწორედ მათ ნაწილს გაგაცნობთ: აქტივისტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ვისაც, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი უფლებებისთვისაც უკვე ბევრი უბრძოლიათ, ცვლილებებისთვისაც მიუღწევიათ და ამ საქმეს დღესაც აგრძელებენ. ვარდი პაპიკიანი, ქამრან მამედლი, სამირა ბაირამოვა და ტიგრან თარზიანი საკუთარი აქტივიზმის შესახებ თვითონვე გვიყვებიან:

ვარდი პაპიკიანი, 18 წლის, სტუდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ჩემი ოფიციალური სახელი ვარდითერია, მაგრამ ვარდის მეძახიან. დავიბადე 2003 წელს, ფოკაში, ნინოწმინდის რაიონში. ფოკის სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ყველა საგანი ძალიან მომწონდა, მაგრამ, განსაკუთრებით - საბუნებისმეტყველო.

სკოლის ასაკიდან აქტიური ვიყავი, ვმონაწილეობდი სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადაში. მახსოვს, თუ რამე აქცია იყო ჩვენს რაიონში, ბუნებასთან ან დასუფთავებასთან დაკავშირებით, ვერთვებოდით მეც, ჩემი კლასელებიც და ჩვენი მასწავლებელი.

ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მხოლოდ ექიმი უნდა ვყოფილიყავი. ვიცი 5 ენა, ფილოლოგიაც ძალიან მიყვარდა, ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, მაგრამ საბუნებისმეტველო - ეს სხვა სამყაროა ჩემთვის. წელს რომ ჩავაბარე, ერთდროულად ორგან მოვხვდი: 100%-იანი გრანტით მოსამზადებელზე, რომელიც ეთნიკური უმცირსობებისთვის არის განკუთვნილი 1+4 პროგრამის ფარგლებში, თუმცა, ასევე, ჩემი ცოდნით გადავლახე ჩვეულებრივი მისაღები გამოცდების კონკურსი და მოვხვდი სამედიცინოს პირველ კურსზეც. ნორმალური ქულებიც დავაგროვე, მაგრამ გრანტი ვერ მოვიპოვე და ვარჩიე, მოსამზადებელზე დავრჩე. სკოლაში რეპეტიტორები არ მყოლია. ძალიან კარგად ვისწავლე ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია სომხურ ენაზე და ასევე - ვისწავლე ქართული ენა. ერთი წიგნი მქონდა, ენციკლოპედია, სადაც ეწერა, რა ტერმინს რა ჰქვია ქართულად და იმით ვხელმძღვანელობდი.

რამდენიმე წლის წინ, ასეთი რამე ვკითხე ჩემს თავს:

- ვარდი, შენ თუ გინდა, რომ იყო აქტიური მოქალაქე, ჯერ შენ თვითონ ხარ სრულყოფილი მოქალაქე? მხოლოდ სკოლაში რომ დადიხარ და მერე სახლში მოდიხარ, საინტერესოა ეს ცხოვრება შენთვის? არ იცი ქართული ენა კარგად, არ გყავს ქართველი მეგობრები...

აქედან დავიწყე. ჯერ ქართული ენა ვისწავლე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კომუნიკაცია ჩემთვის ძალიან აუცილებელია. მერე გავიგე, რომ ტრენინგებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა შემიძლია. ახლა მყავს ქართველი, აზერბაიჯანელი მეგობრები, მე აქ ვცხოვრობ, ჩემი მომავალი აქ არის.

2020 წლიდან „ნინოწმინდის ჰაბის“ აქტიური მონაწილე და სპიკერი ვარ. ვმონაწილეობდი ტრენინგებში, ბანაკებში, კონკურსებში. ვარ „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი 2020“, რომლის ფარგლებშიც, მოვემზადე, ვისწავლე სპიკერობა და შემდეგ ნატოსა და საქართველოს შესახებ სხვადასხვა სოფლებში ტრენინგები ჩავატარე, სამიზნე ჯგუფი მე-10-12 კლასელები იყვნენ.

ერთი წლის წინ ასოციაცია ტოლერანტის დამფუძნებელმა, ქალბატონმა ცირამ გვითხრა, აქტიური ახალგაზრდები გვჭირდებაო და ვიფიქრეთ, რომ ყველაზე აქტიურები ჩვენი კლასელები ვიყავით. ჯერ ტრენინგები გავიარეთ, მაგალითად, ადვოკატირება, კორონავირუსის საკითხები. შემდეგ კი დავაარსეთ ჩვენი ორგანიზაცია „ლეველ აფი“.

ფოკა

ვფიქრობდით, რა იყო უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენთან, რისი მოგვარებით შეგვეძლო დაგვეწყო, მაგალითად, მდინარის დაბინძურება და ა შ... მაგრამ სკოლაში არ გვაქვს ლაბორატორია. მე, როგორც აქტიურ მოსწავლეს, ძალიან კი მიყვარდა ფიზიკა და ქიმია, მაგრამ ძალიან ძნელი იყო ჩემთვის რეაქციის წარმოსახვით გაგება. გვინდა, რომ იყოს ლაბორატორია, პატარა ოთახი, ფიზიკის და ქიმიის შესაბამისი აღჭურვილობით. ჯერ ეს ჩვენი პირველი პროექტია. თუმცა, ახლა ველოდებით, ორგანიზაციის ყველა წევრს 18 წელი შეუსრულდეს, რომ ის ოფიციალურად დავაარსოთ და ამ იდეისთვის ფინანსები ოფიციალურად მოვიპოვოთ. მაგრამ ვიცით, რომ შესაბამისი დონორები არიან. „ლეველ აფის“ ხუთი დამფუძნებელი ვართ, ოთხი მოსწავლე: მე, ლამარა ფნჯოიანი, გრიშა მარკოსიანი, ალვარდ მკრტჩიანი და ჩვენი ქართული ენის მასწავლებელი, სალომე ლომიძე.

რატომ ლაბორატორია ფოკაში? იცით, ნინოწმინდაში კარგი ბავშვები ცხოვრობენ, მაგრამ მათ მოტივაციის წყარო არ აქვთ, რომ მაღალ დონეზე ისწავლონ. მე მინდა, რომ უფრო აქტიურები იყვნენ, ვიდრე ახლა და ჩაერთონ საზოგადო საქმეებში.

მე შემიძლია, მათ ჩემი გამოცდილება გავუზიარო, რომ ისწავლონ კარგად ქართული, მიიღონ სხვადასხვა რამეში მონაწილეობა. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ჩვენი პროექტის სამიზნე ჯგუფი ახალგაზრდობა უნდა იყოს. ნინოწმინდელ ბავშვებს ჩემი რეკომენდაციაც ვუთხრა: საქართველოში ვცხოვრობთ და ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, ვისწავლოთ ენა, თუ გვინდა, რომ საინტერესო ცხოვრება გვქონდეს.

ქამრან მამედლი, 31 წლის, სამოქალაქო აქტივისტი, მკვლევარი

მე ვარ ქამრან მამედლი, ოფიციალურად „მამედოვი“. სამწუხაროა, რომ დღეს არ მაქვს უფლება, სრულყოფილი იდენტობა მქონდეს. „ოვი“ რუსული გვარის დაბოლოებაა, ჩვენი, აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფისთვის შექმნილი.

ქამრან მამედლი

როგორც მკვლევარი, საქართველოში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საკითხებზე ვმუშაობ და ასევე ვარ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქე. სრულ განაკვეთზე “სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ ვმუშაობ. ვიკვლევ ეთნიკური ჯგუფების უფლება-მოვალეობებს, პოლიტიკური თვითმყოფადობის, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს.

2019 წელს დავაფუძნეთ პლატფორმა „სალამი“ - ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციასა და კვლევით საქმიანობაში ვიყავი ჩართული, გვინდოდა, მეტად გვეაქტიურა. „სალამის“ დაფუძნება პანდემიის პირველი დღეებს დაემთხვა. ეთნიკურ აზერბაიჯანულ ჯგუფებში პანდემიის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებით დავიწყეთ. ამას მოჰყვა პროექტი, რომელიც ძალიან მცირე რესურსით გავაკეთეთ, მაგრამ 500-მდე ადამიანს დავეხმარეთ: პანდემიის შემდეგ პრემიერმა გამოსცა ბრძანება თვითდასაქმებულების კომპენსაციის შესახებ. თუმცა, ის ადამიანები, ვინც საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ ქართული არ იციან, ამას ვერ შეძლებდნენ - აპლიკაციები მხოლოდ ქართულად იყო. მარნეულის, ბოლნისის, დმანისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, 25 სოფელში ვიყავით, 500-მდე ადამიანი დავარეგისტრირეთ, რომლებიც, რომ არა ჩვენი მუშაობა, ამ კომპენსაციებს ვერ მიიღებდნენ.

გარდაბნის სოფელ ქესალოში ერთი ბაბუ, ტაქსის მძღოლი, დამცინოდა, „შვილო, ამ ქვეყნიდან არაფერი ხეირი არ მიმიღია და ახლა პანდემიის გამო კომპენსაციას მომცემენო?“. მე ვუთხარი, დავნიძლავდეთ-მეთქი. თანხა რომ დაერიცხა, დამირეკა, დიდი სიხარულით: ამ ქვეყნის რწმენა დამიბრუნეო. ჩემთვის ძალიან დიდი ამბავი იყო ეს.

ასევე ვმუშაობთ სოფლების საჭიროებებზე. დიდი დისბალანსია მუნიციპალიტეტებს შიგნით. ამის ადვოკატირებას ვცდილობთ მერიებთან, საკრებულოებთან. შარშან, ჩვენი ადვოკატირების შედმეგ სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში გზა გაიყვანეს. ამ სოფელს 100 წელია, წყალი არ აქვს, ერთი წყაროთი სარგებლობს. წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ წყლის გაყვანის პროექტის ტენდერი გამოაცხადა და იმედი გვაქვს, შედეგები მალე იქნება.

მცხეთაში, სოფელ ციხისძირში დავიბადე. ქართულ სკოლაში დავდიოდი. ხშირად ამბობენ, უმცირესობებმა ქართული ენა თუ კარგად ისწავლეს, ამით ინტეგრაციის პრობელმები მოგვარდებაო. მაგრამ ვაწყდებით მეორე საკითხსაც - მე, მაგალითად, სრულყოფილად ვერ ვაზროვნებ ჩემს მშობლიურ ენაზე, აზერბაიჯანულზე. მას სამუშოად ვერ ვიყენებ და ახლა ვფიქრობ, ქართულის ცოდნის პარალელურად, ისიც კარგად ვისწავლო.

სკოლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ჩავაბარე. მაშინ ისეთი გარემოებები იყო, ვერც კი წარმომედგინა, რომ თბილისში სწავლის გაგრძელება შემეძლო. 2005 წლის განათლების რეფორმის შემდეგ იმედი მომეცა. გადავწყვიტე, ინგლისური კარგად მესწავლა და გამოცდებზე გავსულიყავი. ჩვენი კლასიდან 10 მოსწავლე გავედით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მხოლოდ მე ვიყავი. გვყავდნენ „ვარსკვლავი მოსწავლეები“, მაგრამ მე მათ შორის არ ვირიცხებოდი. თუმცა, ისე მოხდა, რომ სწორედ მე ჩავაბარე.

თსუ-ში ერთმა ლექტორმა მითხრა: „რა საყვარელი და შრომისმოყვარე ბიჭი ხარ და რა სამწუხაროა, რომ მართლმადიდებელი ქართველი არ ხარო“. საქართველოში სწავლასა და განვითარებას, ახალი მეგობრების შეძენას, ასეთი დეტალებიც სდევდა თან.

2013-2014 წლები რუმინეთში ვსწავლობდი, „ერასმუსის“პროგრამის ფარგლებში. 2017-2019 წლებში მაგისტრატურა აშშ-ში, „ფულბრაიტის“ გაცვლითი პროგრამით ვისწავლე Eastern Mennonite University-ში, კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროგრამაზე. ჟან პოლ ლედერახი, რომელიც კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელია და ჰოვარდ ზერისი, რომელიც აღდგენითი სამართლიანობის მიმართულების იდეოლოგიური და ფილოსოფიური „მამაა“, ჩემი ლექტორები იყვნენ.

თავდპირველად, ჩემი მომავალი საქართველოში, საჯარო სამსახურში წარმომედგინა. წლების წინ, პარლამენტში სტაჟირებაც კი გავიარე. თუმცა, შემდეგ საგარეო საქმეთა, თავდაცვის, გარემოს დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებში სხვადასხვა დროს გამოცხადებულ კონკურსებზე შემქონდა საბუთები, მივდიოდი ბოლო ეტაპებამდე, მეუბნებოდნენ, რომ ბრწყინვალე კანდიდატი ვიყავი, მაგრამ ბოლოს მაინც სხვას იყვანდნენ, ან მარიგებდნენ, სად სჯობდა წავსულიყავი. მაგალითად, ერთგან მირჩიეს, შენი ადგილი „სოფლის მეურნეობის სამინისტროშიაო“.

ამის მერე გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერთან ბრძოლა იყო საჭირო.

„სალამი“ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მიერ დაკომპლექტებული ორგანიზაციაა, რომელიც თემის თვითორგანიზებაზე მუშაობს. როცა სადმე ჩავდივართ, სადაც პრობლემაა, ვამბობთ არა „დაგეხმარებით“, არამედ: „ერთად უნდა დავორგანიზდეთ, რომ არსებული რეალობა შევცვალოთ".

„სოციალური სამარლთანობის ცენტრიდან“ კი ჩართული ვარ „სოლიდარობის პლატფორმაში“, რომელშიც საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური და აღმსარებლობის მქონე ჯგუფები არიან გაწევრიანებული, მათ შორის, ქართველებიც, რა თქმა უნდა. ვცდილობთ, სოლიდარობის კულტივირებას შევუწყოთ ხელი. რატომ არის ეს საჭირო? სხვადასხვა ეთნიკური თუ სხვა ტიპის ჯგუფები დღეს იზოლირებულები ვართ, ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ. ამ პლატფორმებით, ახალი პროცესებით, ამ გარემოებებს ვცვლით. პლატროფმა გვეხმარება საჭიროებების გამოთქმაში, გაზიარებაში, საინტერესოა სხვადასხვა ჯგუფების გამოცდილებებსაც რომ ვხედავთ. საინტერესოა, მაგალითად, როგორ გავეცანით აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმების ამბებს და საკითხებს. ამ პლატფორმაში ასევე არიან სხვა სფეროს წარმომადგენლები, „ახალგაზრდა მწვანეები“ და სხვა ქართული ორგანიზაციები.

ტიგრან თარზიანი, 27 წლის, სამოქალაქო აქტივისტი

ტიგრან თარზიანი, 27 წლის, სამოქალაქო აქტივისტი

მე ვარ ტიგრან თარზიანი ნინოწმინდიდან, სოფელ უჩმანადან, პროფესიით პოლიტიკის მეცნიერი. ვმუშაობ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“, როგორც ახალქალაქის და ნინოწმინდის წარმომადგენელი, პერიოდულად ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტებშიც. 1 წლის წინ დავაარსეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“.

ორგანიზაცია ნინოწმინდაში და ახალქალაქში დავაარსეთ. ჩვენი აზრით, საკმაოდ პასიურია ამ რეგიონში აქტივიზმი და მესამე სექტორი. არ ისმოდა ხმები ჯავახეთიდან. ახალგაზრდების მობილიზება დღემდე გამოწვევაა, თუმცა, მაინც განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი, მათ შორის, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის ამაღლებისა და ადვოკატირების კუთხით.

საინტერსო პროექტია ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომელსაც ვუტარებთ ყველას, ასაკის და სქესის განურჩევლად. პროექტის გაკეთება გადავწყვიტეთ არა წმინდად იურიდიული და მხოლოდ ლეგალური მხარეების მოყოლით, არამედ, სახელმძღვანელოებით, სადაც ადამიანები მარტივ ენაზე წაიკითხავენ, სიტუაციურ სავარჯიშოებს პრაქტიკულად შეასრულებენ და ასე გაიგებენ უფლებების დაცვის შესახებ. ევროსაბჭოს ერთ-ერთ ტრენინგზე ვნახე ასეთი მოდელი და გადმოვიტანეთ. ნინოწმინდის ახალგაზრდულ ჰაბში 22 ახალგაზრდა უკვე შემოგვიერთდა, მაგრამ ისეთი ინტერესი გაომიწვია, ახალი ტრენინგი დავამატეთ.

მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურ უფლებებზე ვისაუბროთ, მათ შორის, ჯავახეთშიც, და ეს რეგიონი არ დარჩეს მხოლოდ იმის მაგალითად, რომ იქ „ენობრივი ბარიერია“ და თითქოს სხვა პრობლემები არ არის, ან სხვა ტიპის განათლების საჭიროება არ არის.

ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლება, უზრუნველყოფილი ჰქონდეთ ისეთი საჭიროებები, როგორიცაა, მაგალითად, საბავშვო ბაღი, რომელიც აქ ან არ არსებობს, ან არის, მაგრამ არ არის დაცული შესაბამისი პირობები, ჰიგიენა, სტანდარტები და ა შ.

ჩემი სამოქალაქო აქტივიზმი უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე დაიწყო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ერთხელ ლექტორმა ბლოგის დაწერა შემომთავაზა. 2019 წელს აქტუალური იყო დეცენტრალიზაციის საკითხი, პარლამენტში გაჟღერდა. მე დავწერე, რომ დეცენტრალიზაცია არ არის სეპარატიზმი, ასევე მიმოვიხილე ნინოწმინდის ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები. ასე დავინტერესდი მესამე სექტორით. იქამდე კერძო სექტორში ვმუშაობდი. კარგი ხელფასიც მქონდა და თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ მივხვდი, ეს ჩემთვის არ იყო. დავტოვე სამსახური და ჩემს მშობლიურ ნინოწმინდაში დავბრუნდი, გავერკვიე პრობლემებში და დავიწყე მუშაობა.

არ ვიცი, რამდენად დავეხმარები ჩემს მხარეს, მაგრამ, ვიცი, რომ რაღაცაში დავეხმარები. მაგალითად, შემიძლია შევხვდე საერთაშორისო, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათ ჩვენს საკითხებზე მოვუვყე. ნინოწმინდაში არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისი ან ფილიალი. საკითხების გაჟღერება გვჭირდება, რათა რეგიონებში განვითარდეს სამოქალაქო საზოგადოება, რაც თანასწორი, თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიული პროცესებისთვის აუცილებელია.

ჩემს სოფელში ადრე 130-მდე კომლი ცხოვრობდა, ახლა -- 40-45. საბჭოთა ინფრასტრუქტურიდან ძირითადად ნანგრევებია დარჩენილი. ახლა გვინდა, ბიბლიოთეკის აღდგენაზე შევიტანოთ პროექტი. მუნიციპალიტეტს ვთხოვთ, რემონტი თავის თავზე აიღონ, წიგნებისა და კომპიუტერების საკითხებს ჩვენ მივხდეავთ.

ნინოწმინდაში ყველაფერი მიყვარს. ჩემი მეგობრები ამბობენ, აქ ხეები რომ არ არის, უჰაერობააო. სინამდვილეში, აქ ყველაზე კარგი ჰაერია.

ნინოწმინდაში ბევრი ტბაა, განვითარების დიდი პოტენციალით. საქართველოს თავისი პოტენციალით მე შვეიცარიას ვადარებ ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გაახმოვანონ ნინოწმინდის შესაძლებლობები, რომ ქვეყანამ მის ინფრასტუქტურაზე დაიწყოს ზრუნვა.

სიტყვები „ეთნიკური უმცირესობა“ არ მიყვარს, მგონია, ეს დამკვიდრებული ტერმინი უნდა შევცვალოთ, თუ ინტეგრაცია გვინდა - თავის თავში ისევ გაყოფას მოიცავს.

ინტეგრაცია ერთმხრივად არ ხდება. როცა მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო იქნება კეთილგანწყობილი ადგილი სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფების მიმართ, რომლებიც, თავის მხრივ შეძლებენ, საკუთარი კულტურული დღესასწაულები თუ სხვა ღონისძიებები იზეიმონ და სხვებსაც გაუზიარონ.

სამშობლო ჩემთვის ის ქვეყანაა, სადაც დავიბადე და ვცხოვრობ, ის ქვეყანა, სადაც ოჯახთან ერთად დრო გამიტარებია. მინდა, ჩემი საქმიანობით ქვეყნის განვითარებას, წინსვლას დავეხმარო. ყველაზე დიდი სურვილია, ჩემი ორი შვილისთვის უკეთესი მომავალი შევქმნა ამ ქვეყანაში, ისეთი, რომ რა პრობლემებზეც ახლა ვსაუბრობ, მათ აწმყოში აღარ იყოს და უკეთეს სამშობლოში ცხოვრობდნენ.

სამირა ბაირამოვა, 33 წლის, სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი

სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი

ახლა ვმუშაობ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაში, თუმცა ჩემი საზოგადოებაში ჩართულობა არასდროს ყოფილა მაინცდამაინც სამსახურთან დაკავშირებული. სამოქალაქო აქტივიზმი ჩემთვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, რომელიც ვალდებულებად მიმაჩნია - ჩემს საზოგადეობას დავეხმარო და აქტიური ვიყო.

თავდაპირველად მინდოდა დამემტკიცებინა, რომ საზოგადოების განვითარება, აქტიურობა თუ გინდა, არ არის სჭირო ორგანიზაცია გქონდეს და მისი თავმჯდომარე გახდე. სამოქალაქო აქტივისტის სტატუსი საკმარისია, რომ ბევრი რამე შეცვალო.

2009 წლიდან ვმუშაობ ამ მიმართულებით. პირველი საკითხი არასრულწლოვან გოგოებთან მუშობა და ქალთა უფლებების დაცვა იყო - ნაადრევ ქორწინებასა და ოჯახურ ძალადობაზე. იქამდე, რეგიონში ფიქრობდნენ, რომ ეს უფრო ტრადიციები იყო, თუმცა 10-წლიანი მუშაობის შემდეგ, მოსახლეობას ეს საკითხები უკვე პრობლემად მიაჩნია და ვფიქრობ, ეს დიდი ცვლილება და წარმატებაა.

ასევე, ჩართული ვარ ქვემო ქართლის რეგიონში უმცირესობების დაცვის კუთხით, რამდენიმე პროექტში კოორდინატორი ვიყავი, რომელიც ქალთა უფლებებისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე, აქტივიზმის განვითარებაზე მუშაობდა. ბოლო წლებში უფრო საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებებში ვარ ჩართული, რათა ჩვენი უფლებების დაცვა უმაღლეს დონეზე მოვითხოვოთ. მათ შორის იყო ინიციატივები: „ნოვრუზი გახდეს უქმე დღე“, "აფხაზეთის ომის გმირი ანვარი ჰუმბატოვი გვახსოვს“ „უფასო პრიორიტეტული საგნების და ქართული ენის სწავლა საქართველოს ყველა სტუდენტებისთვის“, „ყველასთვის თანასწორი და სამართლიანი ბიუჯეტი“.

რატომ არის აქტივიზმი მნიშვნელოვანი? თავიდან, ჩემთვის ამის მოტივაცია ქალების ფაქტორი იყო - საზოგადოება ფიქრობდა, რომ იქ მხოლოდ კაცების ადგილია, ხოლო ქალები არ უნდა იყვნენ ჩართული სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებში. მინდოდა, ამის საპირისპირო დამემტკიცებინა. შემდეგ, როცა ერთს ვაღწევდი, ახალი მიზნები ჩნდებოდა. უკვე დავინახე, როგორ ირღვეოდა ჩემ გარშემო ადამიანების უფლებები, რთულდებოდა სოციალური კეთილდღეობა. მომეცა მოტივაცია, რომ უფრო მეტი მეაქტიურა, რადგან, თუ არ იბრძოლებ საკუთარი უფლებებისთვის, შენი გარემო არ შეიცვლება. რაც უფრო აქტიური იქნები, უფრო თავისუფალ და სამართლიან გარემოში იცხოვრებ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რატომაც აქტივიზმი ავირჩიე, „უცხოობის“ შეგრნება იყო - რომ მე, ჩემი მშობლები, ჩემი საზოგადოება უცხოები ვიყავით, როგორც მოქალაქეები. მინდოდა, რომ სამართლიანი, დემოკრატიული და ტოლერანტული სახლმწიფოს მშენებლობაში მიმეღო მონაწილეობა, როგორც საქართველოს მოქალაქეს - ეს არის ჩემი კონსტიტუციური უფლება და მინდა, რომ ეს უფლება ჩვენთვისაც გავრცელდეს და ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო .

მაგალითად, ადგილობრივი მერიისგან წლები ვითხოვდით, რომ ჩვენს სოფელშიც ყოფილიყო საჯარო ტრანსპორტი. რამდენიმე წლის შემდეგ ეს მერიამ უზრუნველყო. შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უფრო მეტად დაიწყო მოქალაქეების აზრის გათვალისწინება.

საინტერესო მომენტი იყო შარშან, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულზე, კარანტინის დარღვევის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ოფიციალურად მივმართეთ, ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს: მოეცათ უფლება, კომენდანტის საათის გარეშე გვეზეიმა, მაშინ, როცა ეს გამონაკლისი სხვებისთვის დაშვებული იყო. გამოვაცხადე, რომ 21 მარტს, მარნეულში გარეთ გავიდოდი, ჩემს დღესასწაულს აღვნიშნავდი და კარანტინს დავარღვევდი. თავიდან, თითქოს არ ელოდნენ ქალისგან. მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემომიერთდა, მათ შორის ჩემი ბევრი ქართველი მეგობარი თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან. ეს იყო მნიშვნელოვანი დღე, როცა სახელმწიფოს ვაჩვენეთ, რომ როცა ორმაგ სტანდარტებს ქმნი, მას დავარღვევთ და ამაში მოქალაქეები ერთმანეთს მხარს ვუჭერთ.

ჩემთვის მთავარია, ერთმანეთს მივცეთ საშუალება, თანასწორ, სამართლიან საზოგადოებაში ვიცხოვროთ.

არ მინდა, ზოგი იყოს „მიღებული“ და ზოგი „მიუღებელი“ ადამიანი. სანამ სიძულვილის ენა არ შეიცვლება, ვერ ვიქნებით ძლიერი საზოგადოება, სულ იქნება შიდა კრიზისი. მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობებს სულ უწევთ იმის დამტკიცება, რომ მათ უყვართ საქართველო, მაშინ, როცა სხვა ეთნიკურ ქართველებს ამაზე კითხვებს არ უსვამენ.

მე მიყვარს ჩემი სამშობლო, აქ დაბადებული ვარ, მინდა ჩემი რესურსი აქ დავხარჯო და იძულებული არ გავხდე, წავიდე.

მოამზადა: რუსუდან ფანოზიშვილმა

ფოტო: ჯუდა ხატია ფსუტური

დიზაინი: ართურ მოსოიანი

სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის ფარგლებში

Created By
Artur Mosoyan
Appreciate