Loading

ვიტამინი B1 თიამინი

B1 ვიტამინი მიეკუთვნება წყალში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს. მას არ ახასიათებს ორგანიზმში დაგროვების უნარი, ამიტომ აუცილებელია მისი გარედან მიღება.

B1 ვიტამინი აუცილებელია:

  • ნახშირწყლების მეტაბოლიზმისთვის
  • გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის
  • ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებისათვის
  • ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასტიმულირებს ტვინის მოქმედებას.აუცილებელია აცეტილქოლინის ცვლისთვის, რომელიც ნერვული აგზნების გადაცემისათვის
  • ორგანიზმში არსებული უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის
  • კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

B1 ვიტამინი ნაკლებობის ნიშნებია:

  • მეხსიერების დაქვეითება
  • მომატებული გაღიზიანებადობა
  • დაღლილობა
  • მოუსვენრობა
  • თავის ტკივილი
  • უძილობა
  • მადის დაქვეითება
  • კუნთების სისუსტე, ტკივილი
  • ხელების კანკალი
  • მცირე ფიზიკური დატვირთვისას ქოშინი
  • წონაში კლება
  • ტკივილი მუცლის არეში

მწვავე დეფიციტისას ვითარდება:

  • ვერნიკეს ენცეფალოპათია
  • ბერი-ბერი, რომელიც თავის ტვინის, ნერვებისა და გულის მუშაობის დარღვევებით ხასიათდება

მშრალი ბერი-ბერი: ვითარდება ნერვებისა და კუნთების პათოლოგია. სიმპტომები მოიცავს ჩხვლეტით შეგრძნებებს თითებში, წვის შეგრძნებას ქვედა კიდურებში, რომელიც უარესდება ღამით და ფეხის კუნთების კრუნჩხვით სპაზმს და ტკივილს იწვევს. კუნთები მცირდება ზომაში, ატროფირდება და სუსტდება.

სველი ბერი-ბერი: ვითარდება გულის პათოლოგიები. გული გადატუმბავს ნორმით გათვალისწინებულზე გაცილებით მეტი რაოდენობით სისხლს და სწრაფად. სისხლძარღვები ფართოვდება, რაც კანს ხდის თბილს და ნოტიოს. დროთა განმავლობაში გულის აღნიშნული დატვირთვით მუშაობა იწვევს გულის უკმარისობას. შედეგად ხდება სითხის დაგროვება ფილტვებში და ქვედა კიდურებში სისხლის წნევა ქვეითდება, მოსალოდნელია შოკის და სიკვდილის განვითარებაც.

თიამინის დეფიციტი ზოგჯერ თან ახლავს B ჯგუფის სხვა ვიტამინების დეფიციტს. პირები, რომელთა რაციონი უპირატესად მოიცავს მაღალრაფინირებულ ნახშირწყლებს (როგორიცაა: პრიალა ბრინჯი, თეთრი მაღალხარისხინი ფქვილი, თეთრი შაქარი) იმყოფებიან თიამინის დეფიციტის განვითარების რისკის ქვეშ. პრიალა ბრინჯი დამუშავების დროს მთლიანად კარგავს ვიტამინებს. დეფიციტის მიზეზი შესაძლოა გახდეს ღვიძლის დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ასევე, ალკოჰოლი თიამინის აქტიურ ფორმაში გადასვლასა და შეწოვას აფერხებს.

B1 ვიტამინის სადღეღამისო ნორმა ქალებისთვის 1 მგ-ია, მამაკაცებისთვის კი – 1,2 მგ.

B1 ვიტამინის მოთხოვნილება იზრდება:

  • ფიზიკური დატვირთვისას
  • ცივი კლიმატური პირობებისას
  • ნერვული გადაძაბვისას
  • ორსულობისა და ლაქტაციისას
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას
  • შაქრიანი დიაბეტისას
  • ქრონიკული ინფექციებისას
  • ანტიბიოტიკოთერაპიისას
B1 ვიტამინის საკვები დანამატის სახით მიღების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია

B1 ვიტამინის საკვები წყაროა:

  • ხორცი
  • ღვიძლი
  • კვერცხი
  • მარცვლეული
  • თხილეული
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • კარტოფილი
  • ფორთოხალი