Loading

პონტო, ზღვა ვრცელი

ამბავი

დმანისის რაიონის ერთ პატარა, მთიან სოფელს ჩემი სოფელი ჰქვია, გორა. მერე რა, რომ სულ უფრო და უფრო იშვიათად ვხვდები იქ. სამაგიეროდ, არასდროს დამავიწყდება ქვის სახლები, მკაცრი ბუნება, ზანზალაკების ხმა საღამოობით, ძროხების დაბრუნებისას, რძის, ყველის, ფუნის, მოხარშული კარტოფილის, ნივრის და კვამლის სუნი, კარაქის სადღვები, უგემრიელესი, ცოტა მძაფრსუნიანი ყველი და პონტოური ენა, რომელზეც ხმამაღლა და თითქოს ჩხუბით ლაპარაკობდნენ თავსაფრიანი ქალები.

ეს ჩემი ბავშვობაა, ახლა კი სევდიანი აწმყო- იქ მომრავლებული საფლავები ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოსა და სასაფლაოზე. თუ ბერძნულ მითოსსა და ფილოსოფიაში მოგზაურობა გინდათ, ამ საფლავის ქვების წარწერების წაკითხვა მოგიწევთ- არისტოტელე, სოკრატე, ჰერაკლე, ათენა და კიდევ ბევრი სახელი თავისივე ბერძნული გვარით - ჩემი წინაპრები და წინაპრების წინაპრები.

მე პონტოელი ბერძენი ვარ, სამშობლოდან - შავიზღვისპირა ქალაქიდან საუკუნეების წინ გამოდევნილი. ვიცი თუ არა რამე? - ბევრი, წაკითხული, ამბად გაგონილიც - ტრაპიზონის წმინდა დიმიტრის სახელობის ტაძრის წინამძღვრისა და მისი ბევრი შვილის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი-ჩემი პაპის პაპა აღმოჩნდა, კავკასიისკენ შეცდომით წამოსულმა სახლი მთიან დმანისში მოძებნა, იქ პატარა ეკლესიაც ააშენა. ეს ეკლესია დღესაცაა, 28 აგვისტოს იქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პონტოელი ბერძნები იკრიბებიან. ეს უბერებელი, დაუვიწყარი ტრადიციაა, აგვისტოს ბოლოს აუცილებლად უნდა დაბრუნდე წინაპრების სოფელში.

ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ჰელადოს“ ხომ გახსოვთ? ამბავი სოხუმიდან საბერძნეთში ვერდაბრუნებულ ბიჭზე, იანგულიზე, რომელიც სამუდამოდ შავი ზღის ნაპირზე დარჩა. მხოლოდ მოთხრობა წაგიკითხავთ, თუ ეკრანიზაციაც გინახავთ? ეს ის იშვიათი მხატვრული ფილმია, სადაც პონტოური დიალექტი ისმის. იანგულის ამბავი ერთი პატარა წვეთია იმ დიდი ისტორიისა, რთული, ტრაგიკული საუკუნეებისა, დაკარგვის, სიკვდილის და დაბრუნებისა, რასაც პონტოელ ბერძენთა ისტორია ჰქვია.

ისტორია

პონტოს მიწა დიდ ამბებსა და ცივილიზაციებს ინახავს, პარალელურად კი, დიდ და პატარა ადამიანურ ტრაგედიებს. დევნის, გადახვეწის, გადასახლების, სიკვდილის, ცეცხლწაკიდებული გემების, გზაში დახოცილი ბავშვებისა და მოხუცების, კაბის კალთებში გამოკერებული ჩვილების ამბავს.

პონტოს სამეფო, უხსოვარი დრო, ბერძნული კოლონიები, ბიზანტიის სახელმწიფოს ნგრევა, ოსმალური სახელმწიფო. ბევრი ისტორიული პერიპეტიაა ამ ტერიტორიასთან დაკავშირებული. მთავარი ისაა, რომ შავი ზღვისპირა პონტოს მოსახლეობას ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართველურ სამყაროსთან. მსგავსება ცხადია ფოლკლორსა და წეს-ჩვეულებებზე დაკვირვებისას. მახსენდება ჩემი ენათმეცნიერების ლექტორი, მიხეილ ქურდიანი, რომელიც ლექციაზე ხშირად ამბობდა, შენც ჩვენიანი ხარ, შავიზღვისპირეთის კულტურული ხაზი ერთიანია და ძალიან ახლობელიო. ამას არაერთი ეთნოგრაფი და ლინგვისტი ამტკიცებდა, თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა.

და მაინც, რამდენიმე სიტყვა ისტორიაზეც. როგორ და როდის მოხვდნენ ბერძნები საქართველოში? მიგრაციის ტალღა ერთჯერადი არ ყოფილა და არც დროის კონკრეტული წრით შემოზღუდული. საქართველოში მცხოვრებ ბერძენთა ნაწილი მცირეაზიელ ბერძენთა შთამომავალია, ნაწილი-შავი ზღვისპირეთიდან, პონტოდან წამოვიდა. მიგრაციის თანდათანობითი პროცესი ბიზანტიის სამეფოს დაცემისა და ამ ტერიტორიის ოსმალეთის მიერ დაპყრობის მერე დაიწყო, თუმცა მასობრივი მიგრაცია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში განხორციელდა, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს და უფრო გვიან, როცა ქრისტიანული მოსახლეობა კიდევ უფრო დიდი დევნის ობიექტი გახდა.

რა იყო მიზეზი? რელიგია, ეთნიკური შუღლი, პოლიტიკური დაპირისპირება, ბერძნები გამოყარეს საკუთარი სოფლებიდან და ქალაქებიდან, დაუწვეს სახლები, გემები, სავაჭრო დახლები, ყველაფერი, რაც ჰქონდათ, არადა, ბევრი რამ ჰქონდათ. როგორც ამბობენ, ზღვისპირა ქალაქებში მცხოვრები ბერძნები განსაკუთრებით შეძლებულები იყვნენ. თუ გუგლში პონტოელი ბერძნების გენოციდს ჩაწერთ, ისეთ ფოტოებს ამოგიყრით, ცხოვრებაში რომ არ დაგავიწყდებათ.

ეთნიკური ბერძნების სისტემური დევნა და განადგურება აღმოსავლეთ თრაკიასა და მცირე აზიაში 1914-1923 წლებში თურქეთის ქემალისტური მთავრობის დაგეგმილი იყო. ამ პროცესს თითქმის 400 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყოველი წლის 19 მაისს საბერძნეთში გლოვის დღე აღინიშნება, ას წელზე მეტი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან, რომლის დროსაც მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მხოლოდ მათი ეროვნებისა და რელიგიის გამო დაიღუპა. ასიათასობით დაღუპული და დაკარგული, მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ბერძნები, რომლებიც თანდათან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ.

ამბები მრავალია და სხვადასხვაგვარად ტრაგიკული, როდესაც ტრაპიზონში, სმირნასა და სხვა ქალაქებში ბერძნების დევნა დაიწყო, საბერძნეთისაკენ გაქცეულ ჩემს დიდ პაპას გზა შეეშალა და ასე აღმოჩნდა სულ სხვა ქვეყანაში. მართალია ეს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ის, რომ ამ დევნისა და მიგრაციის დროს ძალიან ბევრი პონტოელი ბერძენი დაიღუპა, ზოგი გზაში, ზოგი ზღვაში, დიდი ნაწილი კი ეთნიკურ წმენდას ემსხვერპლა.

საქართველოში ბერძენთა ორი ძირითადი ენობრივი ჯგუფი ცხოვრობს- ბერძნულენოვნები, რომლებიც ბერძნული ენის პონტოურ დიალექტზე ლაპარაკობენ და თურქულენოვნები – ანატოლიელი ბერძნები, რომელთა სასაუბრო ენად თურქულის ურუმთა დიალექტს მიიჩნევენ.

პონტოელი ბერძნების ყველაზე მრავალრიცხოვანი პოპულაცია საქართველოში, დმანისის, წალკის, ბორჯომ-ბაკურიანის, აფხაზეთის, განსაკუთრებით, ზღვისპირეთის სოფლებსა თუ ქალაქებში დასახლდა.

ბერძნებმა თავიანთ ახალ საცხოვრებელს ძველი სახელები დაარქვეს, ეს გადარჩენის, ახალ სივრცეში ორიენტაციის ფორმულაა - ახალ სივრცეს ძველის სახელი უწოდო, რომ არ დაიკარგო, არ დაიბნე. ასეა ფერეიდანშიც, ქართველებით დასახლებულ სოფლებში, სადაც ტოპონიმების გარდა ქართული გეოგრაფიული სახელებიც შეგხვდებათ, ეს თან ისტორიული მეხსიერებაა, თან ახალ ტერიტორიაზე თავის დაკვიდრების საშუალება.

ენა, დაბრუნება

პონტოური ბერძნული, პონტოური დიალექტი ან რომეიკა, როგორც მას თავად პონტოელი ბერძნები უწოდებენ, ბერძნული ენის დიალექტია, რომელიც ძველი ბერძნულისა და ბიზანტიური ბერძნულის ნიშან-თვისებებს ატარებს და ახალი ბერძნულისგან ძალიან განხვავდება. თურქული, ქართული, სომხური, ლაზური გავლენები და ნასესხობანი ამ დიალექტს ძალიან საინტერესო ენობრივ ნიმუშად აქცევს, რომელიც პონტოელი ხალხის ისტორიას გვიყვება.

პონტოური დღეს საფრთხის ქვეშ მყოფი ენობრივი მეტყველებაა, თაობის ცვლასთან, რეპატრიაციის თუ უნიფიკაციის პროცესებთან ერთად ისიც იკარგება და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ პონტოელ ბერძენთა ახალი თაობა საბერძნეთსა თუ სხვა ქვეყნებში უკვე ნაკლებად საუბრობს პონტოურად, ისევე, როგორც ქართველი პონტოელები.

პონტოურ დიალექტზე შემონახულია ძალიან საინტერესო ფოლკლორული და ზეპირსიტყვიერი მასალა, მუსიკალური ფოკლორი, ზღაპრები და თქმულებები. მათ შორის, საინტერესო ფოკლორული მემკვიდრეობითაა მდიდარი ქართველ პონტოელთა მეტყველებაც, დღესასწაულები, ტრადიციები, ზღაპრები, კერძები, ყოფითი კულტურა, შრომა, სახლის შენებისა და მჭედლობის ხელოვნება. ბერძნები ძალიან მშრომელი ხალხი იყო, ადგილობრივები მათ კარგ მჭედლებად, მშენებლებად, მეურნეებად ახასიათებენ.

საბერძნეთში დაბრუნების პროცესიც რამდენიმე ეტაპიანი იყო, მეოცე საუკუნის დასაწყისში პონტოელ ბერძენთა რეპატრიაციის საქმეში ცნობილი ბერძენი მწერალი, ნიკოს კაზანძაკისიც იყო ჩართული, უკუმიგრაციის მეორე ეტაპი უკვე საბჭოთა პერიოდში, სამოცდაათიანი წლებიდან განხორციელდა, მაშინ საქართველოს ტერიტორია პონტოელი ბერძნებით სავსე რამდენიმე გემმა დატოვა. კიდევ ერთი, მასშტაბური მიგრაციული მოძრაობა ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოდან, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში იყო, მაშინ ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო ქართველი ბერძნების დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო. თუმცა კავშირი არასდროს გაუწყვეტიათ.

ეს ხანგრძლივი, რთული პროცესი იყო, განსხვავებულ ენაზე მოლაპარაკე, განსხვავებული კულტურის ხალხს დიდხანს უფრთხოდა მეორე მხარეს დარჩენილი, მასპინძლის როლში აღმოჩენილი ისტორიული ძმა. რეპატრიაციის პროცესმა ენობრივი უნიფიკაციაც განაპირობა, საბერძნეთში დაბრუნებულ ბერძენთა ახალი თაობა უკვე ახალ ბერძნულზე საუბრობს.კადრი, სამშობლო

დიანა და სტუდენტები

კადრი, სამშობლო

საბერძნეთის ჩრდილოეთ ოლქში, მაკედონიაში, განსაკუთრებით ბევრი პონტოელი ბერძენი დასახლდა, ზოგან – საკმაოდ კომპაქტურადაც. ერთ-ერთი ასეთი კომპაქტური დასახლება ქალაქის ის ნაწილია, სადაც ჩემი და ცხოვრობს თავისი ოჯახით. ჰოდა, შუაგულ საბერძნეთში დმანისის მთიანი სოფელი გორა დამხვდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ არც მთები იყო, არც საქონელი, არც კამეჩისმაწვნიანი ქილები, არც კარაქის სადღვებელა-საქანელა, არც ის უცნაური სოკოები, შეხებისას რომ მტვრად იქცეოდნენ – მთავარი დამხვდა: დმანისელი ბერძნები, განსაკუთრებით – მოხუცები, ვინც, მიუხედავად ცხოვრების უკეთესი პირობებისა, დიდი თეთრი სახლებისა, ლამაზი ქუჩებისა და ბერძნული თბილი მზისა, მაინც თავიანთი მთის სოფლის მიწას, ჰაერსა და ბალახს ნატრობდნენ. ისინი ისეთ სასწაულებს ჰყვებოდნენ თავიანთი სოფლის შესახებ, რომ საკუთარ მეხსიერებაში ეჭვიც კი შემეპარა, იქნებ რამე არ მახსოვს, ან დრომ გადამავიწყა- მეთქი. თითოეულ მათგანს, სადღაც საწოლთან, ტუმბოსა თუ უჯრაში შენახულ, საგულდაგულოდ დაკეცილ და ფუთაში გამოკრულ ერთ ხელ სუფთა თეთრეულსა და ახალ ფეხსაცმელებთან, რომელსაც მარადიული მოგზაურობისთვის წინასწარ იმზადებენ, შენახულია დაბადების მოწმობაც, სადაც დაბადების ადგილად მინიშნებულია – ქვეყანა – საქართველო. იმავე წელს, საქართველოში დაბრუნებულმა, ჩემი სოფლის მონახულება გადავწყვიტე. საამისო მიზეზიც გამიჩნდა – იქ, საბერძნეთში, ჩემი სოფლიდან წასულმა ბერძენმა გოგონამ ბავშვობისდროინდელ შეყვარებულთან წერილი გამომატანა მეზობელ სოფელში. ვიბორიალე სომხეთის საზღვართან და წერილი რომ ადრესატს ჩავაბარე, მერე ამ ჩემს სოფელში გამოვიარე.

დამხვდა რა, პირობითია ეს დახვედრა: დაცლილი სოფელი, ჩამოშლილი სახლები, უკაცური ორღობე, დაკეტილი სკოლა, უპატრონო ძაღლები, ნასახლარებზე მოდებული ეკალ-ბარდი და თითო-ოროლა სახლიდან ამოსული კვამლი. სულაც არ ჰგავდა ეს ნაცრისფერი სოფელი იმ მზით განათებულ, ნაყოფიერ ადგილს, რომელსაც დღესაც დაატარებენ გულით და წარმოსახვით საბერძნეთში “დაბრუნებული” ბერძნები.

ტექსტი: დიანა ანფიმიადი

ფოტო: არქივი, ჯუდა ხატია ფსუტური

დიზაინი: ართურ მოსოიანი

სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის ფარგლებში

Created By
Artur Mosoyan
Appreciate