Loading

ყველაფერი, რაც აღდგომის შესახებ უნდა იცოდეთ

აღდგომა საეკლესიო დღესასწაულებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდაა, რადგან ის არამხოლოდ უფლის, არამედ მთელი კაცობრიობის აღდგომაა.
აღდგომის დღესასწაული ყოველ წელს სხვადასხვა რიცხვში აღინიშნება, რომელიც არ უნდა ემთხვეოდეს ებრაელთა პასექს.

დღესასწაული სავსეა ფერადი კვერცხებით, პასკებით, კურდღლის ფორმის ნამცხვრებით და სხვა ტრადიციებით, რომლებიც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას უკავშირდება.

კვერცხები განიხილება, როგორც ნაყოფიერების უძველესი სიმბოლო.

კვერცხის საღებავები ოდესღაც მზადდებოდა ბუნებრივი ნივთიერებებისგან, როგორებიცაა, ხახვის ფურცლები, ხის ქერქი და ყვავილების ფურცლები. დღეს კი ყველაზე ლამაზი წითელი ფერის მისაღებად სპეციალურ მცენარეს, ენდროს იყენებენ.

წითელი ფერი ასოცირდება ქრისტესათვის წამებული პირველი ადამიანების მიერ დაღვრილ სისხლთან. გადმოცემის მიხედვით, მათ საწამებლად კვერცხის ფორმის რკინის გალიაში ათავსებდნენ და შემდეგ გარედან ცეცხლს უნთებდნენ.

აღდგომის კიდევ ერთი განუყოფელი ნაწილი მწვანე ჯეჯილია, რომელსაც ბზობის კვირას თესავენ.

ჯეჯილი ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ გვაჩუქა, ხოლო მასზე გაგორებული წითელი კვერცხი - სიკვდილზე გამარჯვების.

საიდან მოდის სააღდგომო პასკის ტრადიცია და როგორ მოვამზადოთ ის ყველაზე გემრიელად

პასკა არის იმ მთის სიმბოლო, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. ის აგრეთვე აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოა. უფალი ამბობს: „მე ვარ პური ზეცით გადმოსული".

აღდგომის დღესასწაული პასკის გარეშე წარმოუდგენელია. მისი გამოცხობის მრავალი მეთოდი არსებობს, მათ შორის კლასიკური რეცეპტით, ლიმონის ან ხაჭოს პასკა და ფენოვანი პასკა.

აღდგომის კიდევ ერთი ტრადიცია უფლისთვის ბატკნის შეწირვაა, რომელიც კულინარებმა სააღდგომო დესერტად აქციეს და ბატკნის ფორმის ნამცხვარი შექმნეს.

ყველა ქვეყანას თავისებური სიმბოლოები და ტრადიციები აქვს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით. სააღდგომო ბატკნის კექსი ბევრი ევროპული სუფრის განუყოფელი ნაწილია.

კურდღელი ლუთერანული, კათოლიკური, ბაპტისტური, ანგლიკანური და პროტესტანტული სამყაროს სააღდგომო ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი დეკორაციაა.

აღდგომის დეკორატიულ სიმბოლოდ კურდღლის გამოყენება მე-16 – მე-17 საუკუნეების გერმანიაში იღებს სათავეს. ამ პერიოდში, გერმანელებს სჯეროდათ, რომ აღდგომის ღამეს ბავშვებისთვის საჩუქრად ფერადი კვერცხები კალათით კეთილ, ჯადოსნურ თეთრ კურდღელს მიჰქონდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სააღდგომო მისალოც ბარათებზე კურდღელი პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დახატეს. მას შემდეგ დასავლურ სამყაროში აღდგომის დღესასწაულზე, შეღებილ კვერცხებთან და პასკასთან ერთად, კურდღლის ქანდაკებაც განუყოფელი სიმბოლოა.

აღდგომის დღესასწაულის კიდევ ერთი სიმბოლო თეთრი შროშანებია, რომლებიც სიწმინდეს, მხიარულებასა და სიმშვიდეს გამოხატავენ.

ადრეულ ნახატებში ხშირად ჩანს ანგელოზი გაბრიელი, რომელიც ქალწულ მარიამს თეთრი შროშანების თაიგულს გადასცემს. სხვა ნახატებში წმინდანები მარიამსა და პატარა იესოს შროშანებით სავსე ჭურჭელს აწვდიან. ამბობენ, რომ მშვენიერი თეთრი შროშანები პირველად გეთსიმანიის ბაღში გამოჩნდა, სადაც იესო იმყოფებოდა მანამ, სანამ იუდა მას უღალატებდა.

აღდგომა აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის, მას წინ უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება. ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზეც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველები ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით, ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.