2018 წლის 5 მარტის შუაღამე თითქმის 2 საათით იქნებოდა გადასული. თბილისში, ვასილ ბარნოვის ქუჩის მე-9 ნომრის ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე, სამზარეულო ოთახის პატარა მაგიდაზე 74 წლის მედეა ბოჭორიშვილს დოკუმენტების დასტა ჰქონდა გაშლილი და გულმოდგინედ ემზადებოდა სასამართლო პროცესისთვის, რომელიც მეორე დღეს, 4 საათზე, უნდა გამართულიყო.
მედეა მთავარ მომჩივნად მარტო, მაგრამ ასევე სამი მეზობლის: ნუნუ გეგეშიძის, მანანა გაბაშვილისა და ნატო ქარჩაიძის სახელითაც უნდა გამოსულიყო. ბარნოვის ქუჩის ოთხი მცხოვრები მათი სახლის წინ, კომპანია “თრიფელ ეის” სასარგებლოდ თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის იმ გადაწყვეტილების გაბათილებას მოითხოვდნენ, რამაც კომპანიას ორ კულტურულ ძეგლს შორის, მამადავითის მეწყერსაშიშ ფერდობზე, 45 გრადუსამდე დახრილობის, გეოლოგიური და მეზობელ შენობებზე გავლენის შესწავლის გარეშე, სამშენებლო კომპანიას 14.2 მეტრის სიმაღლის შენობის აღმართვის ნებართვა მისცა.
მედეას იურისტი არ ჰყავდა და თვითონ უნდა დაესაბუთებინა ყველაფერი. იურისტის დასაქირავებელი ფული აღარ დარჩა - მეზობლების შეგროვებული 100 ლარი მხოლოდ სასამართლოს ბაჟს ეყო.
- კიდევ ერთხელ გადავიმეორე ჩეთვის, რა უნდა მეთქვა სასამართლოზე. როგორ, როდის? რა საბუთები მქონდა? რის საფუძველზე გაცემული? რომელი დოკუმენტი რომელი ოქმიდან გამომდინარეობდა? ყველაფერი თავიდან გავიაზრე, დავალაგე და დროც უცებ გავიდა.
დილის ოთხი საათი დადგა. მედეა ჯერ კიდევ მუშაობდა. გვერდით ოთახში მისი შვილი - ქეთი ჭავჭანიძე გრუხუნმა გააღვიძა და დედა მოიკითხა. ქეთის ოთახის ფანჯარა ქუჩას გადაჰყურებდა. დედა-შვილმა ფანჯრიდან დაინახა, რომ მთელი ქუჩა დიდი ფარნებით იყო გადანათებული, შუაში ორმო იყო ამოთხრილი და ექსკავატორი გამალებით მუშაობდა.
მედეამ პატრული გამოიძახა. ხმაურზე სხვა მეზობლებიც გამოვიდნენ. პოლიციის მოსვლამდე, მუშა ბრიგადის ხელმძღვანელმა ქუჩის მცხოვრებლებს ბოდიში მოუხადა, ღამით თხრის ნებართვა აჩვენა და უთხრა, რომ მშენებლობის წყალმომარაგების მიზნით მუშაობდნენ. საქმე დილის 6 საათამდე უნდა დაესრულებინათ.
ქუჩის თხრა დილამდე გაგრძელდა. მედეა ისევ სახლში ავიდა, სასამართლოს დოკუმენტებს მიუბრუნდა და დილის 8 საათამდე გააგრძელა მუშაობა. შემდეგ დაწვა, რომ სასამართლომდე დარჩენილი რამდენიმე საათი მაინც დაეძინა.
6 მარტის დილის 11 საათსა და 40 წუთზე მშენებელი კომპანიის დირექტორის, ნინო სიხარულიძის, ზარმა გააღვიძა [მედეა ბოჭორიშვილსა და ნინო სიხარულიძეს შორის საუბარი 91 წამს გაგრძელდა].
- ‘მილიონები მაქვს ჩაყრილი ამ მშენებლობაში და დემონტაჟი რომ გამიკეთონ, როგორ ფიქრობ, გაცოცხლებ?’ - მედეა ამბობს, რომ ასე დაემუქრა დეველოპერი, მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი წარუდგინა.
მედეამ ისევ გამოიძახა პატრული, რომ მუქარა პოლიციისთვის შეეტყობინებინა. პატრული და იურისტები მოვიდნენ, ოქმი შეადგინეს. მედეას დაჰპირდნენ, რომ საქმეს გამოსაძიებლად გადასცემდნენ. მალე სასამართლოშიც უნდა წასულიყო: სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათიღა დარჩენილიყო.
სასამართლოს შენობაში რომ შეაღწია, ოთხი საათის შესრულებას რამდენიმე წუთიღა აკლდა. სწორედ მაშინ უნდა დაძრულიყო ხალხით სავსე ლიფტი. მედეამ შიგ მდგომ ხალხს ლიფტი გააჩერებინა, მე-6 საართულზე ავიდა და 33-ე დარბაზში ფეხად შეუსწრო მოსამართლეს. როცა მისი ჯერი დადგა, მოსამართლე გააფრთხილა, რომ იურისტი არ ჰყავდა და შესაძლოა, სათქმელი კანონის ენით გამართულად ვერ ჩამოეყალიბებინა.
- ემოციურად გამოვდიოდი - მოსამართლეც არ მაჩერებდა. ამით ბოროტად ხომ არ ვისარგებლებდი? თავი მოვთოკე. ზუსტად მახსოვს, რომ შენობის დემონტაჟი მოვითხოვე, მაგრამ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა დამავიწყდა. ახლა ვნანობ: თავი არ უნდა შემეკავებინა.
ამჟამად მშენებლობაზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორი დასკვნა არსებობს. ერთი 2017 წლის 17 ივლისს გაიცა, მეორე კი - იმავე წლის 1 ნოემბერს. ორივე დასკვნის თანახმად:
- შენობის კონსტრუქციული ნაწილი ხარვეზებსა და შეუსაბამობებს შეიცავს;
- გადასამოწმებელია უბანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
- მასში მოცემული მასალა არასრულია;
- ახალმა მშენებლობამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს იქვე მდგარ სკოლაზე - საძირკვლების დეფორმაციები გამოიწვიოს.
სანამ ვასილ ბარნოვის ქუჩის #10-ზე მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა - 397 კვადრატული მეტრი ფართობი მწვანე საფარით იყო დაფარული.
-გამთენიისას, გეგონებოდა, რომ სოფელში ხარ, ისეთი იდილია იყო : ყველანაირი ჩიტები - შაშვები, გვრიტები, შოშიები - გალობდნენ. მართალია, ამ ტერიტორიაზე მოხვედრის საშუალება არ გვქონდა, მაგრამ ლამაზი ხედითა და ჰაერით ვტკბებოდით.
მშენებლობის დაწყებამდე ბარნოვის ქუჩის #10-ში 'თბილწყალკანალის' [ამჟამად Georgian Water and Power] კუთვნილ ბეტონის წყლის სადაწნევო კოშკიც იდგა.
ყოველი ახალი მშენებლის გამოჩენას ბარნოვის ქუჩაზე მცხოვრებლებს რკინა-ბეტონის სწორედ ეს კონსტრუქცია ‘ამცნობდა': ყოველი ახალი დეველოპერი ამ კოშკის დემონტაჟის მცდელობით იწყებდა. ყოველი ასეთი შემთხვევის დროს მედეა მერიის ზედამხედველობის სამსახურში რეკავდა და წყალგანაწილების ამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დანგრევას აპროტესტებდა.
კოშკის დემონტაჟი, ამ თუ სხვა მიზეზებით, დროებით ჩერდებოდა.
2017 წლის 6 მაისს კოშკი უკვე დანგრეული იყო. ბარნოვის #10-ში ‘კამაცუს’ ტიპის ყვითელი ბულდოზერი გამოჩნდა. მაშინ მშენებლობასთან საინფორმაციო აბრა არ იყო გაკრული და ყვითელი მანქანის გამოჩენა მოულოდნელი იყო.
მედეამ პატრული გამოიძახა. მერიის ზედამხედველობის სამსახური ორი დღის შემდეგ მივიდა და კონტრაქტორი კომპანია - My Building - დროებით შეაჩერა.
2017 წლის 29 მაისს ბარნოვის მცხოვრებლები თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის განყოფილებაში დაიბარეს. შეხვედრას ყველა მხარე ესწრებოდა: განათლების სამინისტროს ორი წარმომადგენელი [49-ე სკოლის ინტერესების დასაცავად], ბარნოვის ქუჩის სამი მცხოვრები, მთაწმინდის რაიონის მაშინდელი დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, მშენებელი კომპანია "თრიფელ ეის" დირექტორი ნინო სიხარულიძე და მისი არქიტექტორი.
მედეამ და მისმა მეზობლებმა მშენებლობის სანებართვო ყველა დოკუმენტის ბათილად ცნობა მოითხოვეს. მერიამ მშენებლობა დროებით შეაჩერა.
ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მშენებლობა შეჩერებული იყო. ამის საპასუხოდ ნინო სიხარულიძემ მერიას უჩივლა. საჩივარში ის აცხადებდა, რომ კონტრაქტორ კომპანია "My Building"-ს უკვე გადაუხადა სამშენებლო ღირებულების ნაწილი - 228, 363 ლარი; მისი საინვესტიციო პროექტი ზარალდებოდა და შეჩერება უკანონო იყო.
2017 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის ახალი მერის - კახა კალაძის - არჩევნების გარდამავალ პერიოდში, მერიის იურიდიულმა სამსახურმა კომპანიას მშენებლობის გაგრძელების ნება ისევ მისცა. სწორედ მერიის 5 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვენ ამჟამად მედეა ბოჭორიშვილი და მისი სამი მეზობელი მოსამართლე ივანე აღნიაშვილისგან.
კიდევ ერთი მუქარა
2018 წლის 23 მაისის დილას, დაახლოებით 8 სააათზე, მედიკო ჯერ კიდევ ლოგინში იყო, როცა ნაჯახის ხეზე კაკუნის ხმა გაიგონა და აივანზე გავიდა.
- ნუ ჩეხავთ ხის ფესვებს, - დაუძახა მუშებს.
- გადავიხდით, ქალბატონო, გადავიხდით, - უპასუხეს მუშებმა.
მუშები მედეას აკაციის ხის ნაცვლად დეკორატიული ხის დადგმას დაჰპირდნენ. მედეასა და მუშებს შორის ეს დიალოგი პატრულის სამხარე კამერის ჩანაწერიდანაც ისმის.
პატრულის ინსპექტორმა ბესიკ ქურციძემ ოქმი 08:54 საათზე შეადგინა. დაახლოებით ერთ საათში ადგილზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი, ნინო სიხარულიძეც მივიდა.
- ასე მიმართა: ‘ტ***ი მიაყენე, თორემ არ ვიცი, რას გიზამ!’ - ეს სიტყვები ზუსტად მახსოვს. ქალბატონი ნინო აშკარად აფექტურ მდგომარეობაში იყო. არ შეხებია, მაგრამ სულ ხელების ქნევით ელაპარაკებოდა. უკან რომ არ გაწეულიყო ქალბატონი მედეა, ალბათ, დაარტყამდა. შემდეგ კიდევ უთხრა რაღაც სიტყვები, მაგრამ მე ვერ გავიგე, რადგან ბავშვები მშენებლობის მხარეს ამოდიოდნენ და ვაკვირდებოდი, რომ არაფერი ჩამოვარდნილიყო და არ დაშავებულიყვნენ’.
49-ე სკოლის დარაჯი ლილი ხუხუა სკოლის კარებთან იდგა და მოსწავლეები გაკვეთილებზე შეჰყავდა, როცა ნინო სიხარულიძემ მედეა ბოჭორიშვილს, მისი თქმით, ამ სიტყვებით მიმართა.
23 მაისს, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, ჯიმშერ ბერძენიშვილიც მივიდა. მედეა ამბობს, რომ მისი მოსვლის მომენტში ადგილზე გამოძახებული გამომძიებელი რომეო კოტრიკაძე მას ჰკითხავდა. როცა ადგილზე უცნობი მამაკაცი მივიდა, კოტრიკაძემ დროებით შეწყვიტა მედეას დაკითხვა.
'მოწიწებით მიესალმა' და მოიკითხა, როგორც ‘ბატონი ჯიმი’, - იხსენებს მედეა.
გამქრალი ვიდეო-მტკიცებულება
მოგვიანებით, მედეამ 23 მაისს პატრულის სამხარე ვიდეოს მიერ ჩაწერილი ყველა მასალა გამოითხოვა. პასუხად ორი DVD დისკი მიუვიდა: ერთი ასახავს მის დავას აკაციის ფესვების დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელიც დღის პირველ ნახევარში, დილის 10 საათამდე ჩაიწერა.
მეორე დისკზე ჩაწერილი მასალა 23 მაისის დღის მეორე ნახევარში მომხდარი შემთხვევების მხოლოდ რამდენიმე წუთს ასახავს. ვიდეო არასრულია: წინა ნაწილი ან მოჭრილია, ან პატრული სწორედ მედეასა და ნინო სიხარულიძეს შორის შელაპარაკების ნაწილს არ იწერდა.
ნინო სიხარულიძე & ჯიმშერ ბერძენიშვილი
ნინო სიხარულიძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსან ჯიმშერ (ჯიმი) ბერძენიშვილს შორის კავშირს საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს: 2018 წლის 5 აპრილს ჯიმშერ ბერძენიშვილმა და ნინო სიხარულიძემ ლისის ტბასთან, სოფელ ოთხთვალაში 40,000 დოლარად, 800 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინეს ერთად.
დეკლარაციის მიხედვით, 2012 წელს ჯიმშერ ბერძენიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ პასუხობენ კითხვაზე, მუშაობს თუ არა ბერძენიშვილი დეკლარაციაში მითითებულ ან სხვა თანამდებობაზე ამჟამად.
ამხანაგობა "ბარნოვი 10" და სასამართლოს თავმჯდომარე
ბარნოვის #10-ზე მიწის იმ ნაკვეთს, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, მშენებელი კომპანია "თრიფელ ეის" დირექტორმა ნინო სიხარულიძემ 2016 წლის 21 თებერვალს, 370,000 აშშ დოლარად ირანის მოქალაქე ამირ პურსადეყსუფიანისგან იყიდა, რომელსაც მიწის ეს ნაკვეთი, თავის მხრივ, 2012 წლის 12 სექტემბერს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა "ბარნოვი 10"-სგან ჰქონდა ნაყიდი ნახევარ მილიონ აშშ დოლარად.
ხსენებულ მიწის ნაკვეთზე გაყიდვის დოკუმენტზე ხელმომწერი, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა "ბარნოვი 10"-ს თავმჯდომარე მამუკა სონღულაშვილია, რომელსაც, სხვადასხვა დროს, მაღალი თანამდებობები ეკავა, მათ შორის, იყო მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
მუქარის საქმის გამოძიება
პარასკევს, 15 ივნისს, მედეა იურისტ ლია თოდუას ოფისში, თავის რიგს ელოდა. ოთახში იურისტის ბენეფიციარები შემოდიოდნენ და ოფისის მარჯვნივ ჩამწკრივებულ სკამებზე სხდებოდნენ. შავებში ჩაცმულმა, პენსიონერმა ქალმა ქონება დაკარგა. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, მედეას რიგიც დადგა. უნდა გაეგო, გამომძიებელმა რომეო კოტრიკაძემ 23 მაისს მომხდარ შელაპარაკებაზე მასა და ნინო სიხარულიძეს შორის რა მუხლით დაიწყო გამოძიება.
- საერთოდ აღარ ვმუშაობ საპატრულო პოლიციაში. საქმეები სხვას გადავაწერე და სავარაუდოდ, ეგ საქმეც გადაწერილი მაქვს.
- არ გახსოვთ, ეს საქმე ვის გადააწერეთ?
- არ ვიცი, მე პატაკი დავწერე და დანარჩენი ხელმძღვანელობის პრეროგატივაა. არ მაქვს უფლებამოსილება, დეტალებზე გესაუბროთ, - ამბობს რომეო კოტრიკაძე და ტელეფონს თიშავს.
რომეო კოტრიკაძე ასევე არ პასუხობს მედეას კითხვაზე, ვინ და რა მიზნით გამოიძახა 23 მაისს ბარნოვის ქუჩაზე, დეველოპერსა და მედეას შორის შელაპარაკების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ჯიმშერ ბერძენიშვილი. ამ კითხვაზე არ პასუხობს კომპანიის დორექტორი, ნინო სიხარულიძეც.
სამი კვირის შემდეგ, საქმის დეტალების გასარკვევად, მუქარის საქმის ახალი გამომძიებელი, გიორგი კაციტაძე, მედეას კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობასთან იბარებს.
გამომძიებელს ბევრი დრო არ აქვს. მისი ტელეფონი არ ჩერდება. შენობის შიგნით, სხვა საქმეზე, ელოდებიან. მედეა ცდილობს გამომძიებელს საქმის დეტალები მოუყვეს. გამომძიებელი ამბობს, რომ ნინო სიხარულიძე აღიარებს, რომ 23 მაისს მედეა ბოჭორიშვილს დაემუქრა. საქმის გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს. გამომძიებლის თქმით, მუქარის შემთხვევას ადასტურებს საქმეზე გამოკითხული ორი პატრულიც. ნინო სიხარულიძეს ეს დანაშაული, შესაძლოა, ვერ დაუმტკიცდეს.
თუმცა, ამბობს გამომძიებელი, პროკურორმა მარინე ლომიძემ, შესაძლოა, საქმე გადააკვალიფიციროს და სისხლის სამართლის ნაცვლად, ადმინისტრაციული გახადოს.
- ამჟამად, პროკურორი შვებულებაშია. საქმის საბოლოო პასუხი ორ კვირაში მეცოდინება. ხვალ დაგირეკავთ და გეტყვით პროკურორის ნომერს', - ამბობს გამომძიებელი. მედეას ნომერს ინიშნავს და ემშვიდობება.
მედეა და გამომძიებელი ერთმანეთს ივლისის ბოლოს შეხვდნენ. გიორგი კაციტაძეს მედეასთან მას მერე არც დაურეკავს და არც ის დაუზუსტებია, რა ეტაპზეა ამჟამად მუქარის გამოძიება: სისხლის სამართლის მუხლი დარჩა თუ ადმინისტრაციულად გადაკვალიფიცირდა?
ლექციებიდან დაბრუნებული მედეა ცდილობს გაარკვიოს, როდის არის ჩანიშნული სასამართლოს მეორე სხდომა [პირველი სხდომა 6 თვის წინ, 6 მარტს, გაიმართა]. თანაშემწე მედეას ატყობინებს, რომ მოსამართლე ივანე აღნიაშვილი ისეთი დაკავებულია სხვა საქმეებით, რომ მომავალი 12 თვე ბარნოვის საქმის განხილვისთვის ვერ მოიცლის.
- გინდათ, დაელოდოთ თუ სხვა მოსამართლეს გადააბარებთ თქვენს საქმეს? - ეკითხება თანაშემწე.
მედეა პასუხობს, რომ ერთი წელი ვერ დაელოდება - მშენებლობა უფრო ადრე დამთავრდება, ვიდრე სასამართლოს ეს საქმე - მშენებლობის დასრულებამდე 6 თვე დარჩა.
ბარნოვის ქუჩის დასაწყისში, გურიის ქუჩასთან, ამოთხრილი ღრმულია, სადაც მშენებლობა 10 წლის წინ დაიწყო, მაგრამ არასოდეს დამთავრებულა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ახალმა მშენებლობამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს 49-ე სკოლაზე და საძირკვლების დეფორმაციები გამოიწვიოს.
სკოლის მარცხენა ფლიგელიდან, რომელიც მასთან ყველაზე ახლოსაა, მშენებლობას 7 საკლასო ოთახი პირდაპირ გადაჰყურებს: პირველი სართულიდან ერთი ინკლუზიური საკლასო ოთახი, მეორე სართულიდან - პირველი, მეორე და მესამე კლასების ოთახები, ხოლო მესამე სართულიდან - მეხუთე, მერვე და მეთერთმეტე კლასების ოთახები.
49-ე სკოლის ის ფლიგელი, რომელიც სასტუმროს უშუალოდ ესაზღვრება, სკოლის ცენტრალური ნაწილია და საკლასო ოთახების უდიდესი ნაწილია განლაგებული.
ნახევრად გაუქმებული ტროტუარი
- არამიზნობრივად მიგვაჩნია ეს მშენებლობა სკოლის გვერდით - სასტუმროს მშენებლობა საგანმანათლებლო მიზნებს არ ემსახურება, - ამბობს 49-ე სკოლის დირექტორი, ეკატერინე ცაავა.
Credits:
ცირა გვასალია