Loading

დარბაზობა

შუქურ ალიევი

სოფლიდან რომ დავიწყო, მგონი, სჯობს. ჩემი დარბაზი ბოლნისის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელია. უმაღლესში ჩაბარების შემდეგ, ხშირად ვერ ჩავდივარ, მაგრამ ქალაქში რომ ვარ, რომ ვსწავლობ, ზუსტად იმ სოფლის, სკოლის და კარგი ადამიანების დამსახურებაა. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, აქ არ ვიქნებოდი.

სოფელი

ერთ-ერთი ვერსიით, ჩვენი დიდი და ისტორიული სოფელი თამარ მეფის დროინდელია - მის დროს აქ თავადები და აზნაურები ისვენებდნენ და თამარიც მოდიოდა ხოლმეო. არსებობს კიდევ გადმოცემა, რომ მას “დარბაზი” თავისი განლაგების გამო დაერქვა: სამი მხრიდან მთებითაა შემოღობილი, ერთ მხარეს კი, ჭიშკარივით, ღიაა და შემოსასვლელი აქვს. სიტყვა “დარბაზა” კი ჭიშკარს ნიშნავდა და ამიტომ დაარქვესო.

დარბაზში, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ჩემი მშობლებიც იქვე, მეზობელ სოფლებში გაიზარდნენ. აზერბაიჯანელების თემი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებიდან, ქართველების შემდეგ, სიდიდით მეორე ადგილზეა - 6,3 %-ს შეადგენს.

ახლა დარბაზში, ძირითადად, ასაკიანი და შუა ხნის ხალხი ცხოვრობს. მთიანი სოფელია, მაგრამ არც ისე დაცარიელებული. თუმცა, ზაფხულში უნდა ნახოთ, როცა ყველა ჩამოდის და აქაურობა ივსება, ვხუმრობთ ხოლმე, რომ დარბაზი მეგაპოლისს ემსგავსება.

სკოლა

ახლა მთავარი: ჩემი სკოლა.

ჩვენი სოფლის სკოლა არის უზარმაზარი, ძალიან ლამაზი და, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ცნობილი სკოლა ქვემო ქართლის რეგიონში. საბჭოთა კავშირის დროს, 2 ცვლა სწავლობდა, ყოველწლიურად კი 100-ზე მეტ მოსწავლეს ამზადებდა უმაღლესი სასწავლებლებისთვის. რადგან მე იმ თაობის წარმომადგენელი არა ვარ, ძველ დროზე ბევრს ვერ ვილაპარეკებ.

სამაგიეროდ, მოგიყვებით ერთ პატარა ისტორიას, თუ როგორ შემიყვარდა სკოლა, გაკვეთილები და ქართული ენა.

ვინც ამას კითხულობთ, ალბათ, ყველამ იცით, 14 აპრილი რა დღეა, ხომ?

ჩვენ არ ვიცოდით.

ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, ვისი მშობლებიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში მიდიოდნენ სამსახურის საძიებლად თუ საცხოვრებლად - ძირითადად, აზერბაიჯანში და რუსეთში. შესაბამისად, ვინც ქალაქიდან შორს ვიზრდებოდით, ქართული ენის სწავლის ინტერესი დიდად არ გვქონდა. ახლაც არის მსგავსი პრობლემა, მაგრამ მე ახალი თაობის დიდი იმედი მაქვს.

აა, ის პატარა ისტორია უნდა მოგიყვეთ. ზუსტად არ მახსოვს, 2007 თუ 2008 წელი იყო. ჩვენს სკოლაში სახელმწიფო პროგრამით ქართული ენის მასწავლებელი ჩამოვიდა. ჩემს კლასში უმეტესობას საერთოდ არ ჰქონდა ინტერესი ენისა და, ზოგადად, განათლების მიღების მიმართ.

ჩვენმა ქართული ენის მასწავლებელმა მოკლე დროში თავი ისე შეგვაყვარა, რომ სხვა გაკვეთილებიდან მის გაკვეთილებზე გავრბოდით. წარმოიდგინეთ, კლასელებმა, ვინც სკოლაში თვეში ერთხელ ან მოდიოდნენ, ან არა - სკოლაში სიარული დაიწყეს. ყველა, მშობლებიდან დაწყებული - სკოლის მასწავლებლებით დამთავერბული, გაოცებული იყვნენ, ამ ბავშვებს რა დაემრთათო, რამ შეცვალათო.

ქართული ენის გაკვეთლებზე ვზეიმობდით ჩვენს დღესასწაულებს, ქართულ დღესასწაულებს, 14 აპრილს - დედა ენის დღეს და უამრავ კარგ საქმეს ვაკეთებდით.

ქართული ენის ოთახში ბევრი რამე გვქონდა, ენის წიგნებიდან დაწყებული, ხის ტოტებით დამთავრებული... რაში გვჭირდებოდა ხის ტოტები? - მასწავლებელი ქართულად რასაც გვასწავლიდა, მაგალითად, სიტყვებს - ყველაფრის სცენებს ვდგამდით. ენას ვსწავლობდით ფქვილში წყლის შერევით, კულინარიით, საჭმლის მომზადებით და ეს ყველაფერი - ჩვენივე, ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით. ეს თამაში ძალიან სახალისო და საინტერესო, დიდი მოტივაცია იყო ჩვენთვის. დიდი მადლობელი ვარ ლიანა “მასის”.

ხომ იცით, კომფორტის ზონიდან გასვლა და წესრიგი ბევრს არ უყვარს… არადა, ლიანა მასის მოსვლის მერე, ჩვენს სკოლაში სხვანაირად არ გამოდიოდა. ცვლილება და გამოცოცხლება მარტო ჩვენ არ გვეხებოდა. მოსწავლეებმა ვერასდროს გავიგეთ, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ ჩვენს მასწავლებელს იმაზე ადრე მოუწია სკოლის დატოვება, ვიდრე ყველა ველოდით. თუმცა, ეს მცირე დროც - თითქმის ერთი წელი, ჩვენთვის თითქოს საკმარისი აღმოჩნდა.

მაშინ პატარები ვიყავით და ქართულის მასწავლებლის მიერ დატოვებული მოტივაციით სწავლა გავაგრძელეთ... დავამთავრეთ სკოლა და აბიტურიენტები გავხდით. 20 წლის შემდეგ, იმ უზარმაზარი სკოლიდან პირველი მოსწავლეები ვიყავით, ვინც უნივერსიტეტში ჩავაბარეთ. 1993 წლიდან 2013-მდე უმაღლეს სასწავლებელში ჩვენი სკოლიდან არავინ აბარებდა - ზოგს მოტივაცია არ ჰქონდა, ზოგს რესურსი, ზოგს კი - ინტერესი.

დარბაზობის შემდეგ - ინტეგრაცია

სტუდენტი რომ გავხდი, ცოტა ვღელავდი, ცოტაც კი მეშინოდა. მაგალითი არავინ გვყავდა ჩვენამდე, რომ სხვის გამოცდილებას ჩვენი გაემარტივებინა… მეორე მხრივ, ცოტაც მახარებდა ის, რომ ამ მხრივ პირველი თანამედროვე თაობა ვიყავით.

გასულ წლებს რომ ვიხსენებ, უბრალოდ ვიღიმები: საიდან სად მივედით, დიდი შრომის შემდეგ.

ახლა ვმუშაობ საქართველოს რეფორმების ასოციაციაში, ფაქტ-მეტრის რეგიონულ ანალიტიკოსად. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და გუნდი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგ, თბილისში კიდევ სხვადასხვა “სკოლა” დავამთავრე - მედიის, საგამოძიებო ჟურნალისტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის.

მედიის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. ვცდილობ, ეს სპეციალობა ნელ-ნელა ავითვისო და ჩემს მხარეს, რეგიონს, სოფელს, მოსახლეობას დავეხმარო. ყველა სპეციალობას აქვს თავისი სირთულეები, მაგრამ ჟურნალისტიკა თან ძალიან საინტერესო პროფესიაა. ბევრ ადგილას ხვდები, დადიხარ, საინტერესო თემებზე მუშაობ და, რაც მთავარია და მიყვარს - ახალი ადამიანებს იცნობ. იმ ადამიანებს, ვინც ჩვენსავით, თავის რეგიონსა და მოსახლეობაზე ფიქრობენ, რაღაც აწუხებთ, რაღაცის მოგვარებას ცდილობენ. მაგალითად, იბრძვიან თანასწორობისთვის, ადამიანის, განსაკუთრებით, ქალთა უფლებებისთვის, რომელიც ხშირად ირღვევა ჩვენს ქვეყანაში. მაინტერესებს იმ ახალგაზრდების აღმოჩენა, ვისთან ერთადაც საერთო საქმისთვის ვიბრძვით.

ერთ-ერთი მათგანი თოზუ გიულმამმედლია. და რადგან ამ პროექტისთვის ჩემს თემს, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს გაცნობთ, რესპოდენტად თოზუ შევარჩიეთ. ისიც ჩემი თაობის წარმომადგენელია - ოღონდ, სხვა რეგიონიდან, კახეთიდან.

თოზუს ამბავი

თოზუ გიულმამმედლი 26 წლისაა, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალნოში დაიბადა და გაიზარდა. ახლა თბილისში, ქალთა უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციის, კავშირ „საფარის“ თანამშრომელია. მე და ჩემმა მეგობარმა, ჟურნალისტმა სემა გასანოვამ თოზუს “საფარის” ოფისში მივაკითხეთ და ვესაუბრეთ იმაზე, თუ რას აკეთებს, რას ფიქრობს თავის საქმეზე, აზერბაიჯანელების ცხოვრებაზე საქართველოში და არა მარტო - ის დღეს ხომ მთლიანად, საქართველოში მცხოვრები ქალების უფლებებს იცავს. ამ ბრძოლისთვის მას 2021 წელს საქართველოს ქალთა ფონდმა “კატო მიქელაძის სახელობის” პრემია გადასცა. თოზუმ ეს ჯილდო თავის კოლეგებთან, ბაია პატარაიასთან და ელისო რუხაძესთან ერთად მიიღო.

***

ისევ სოფლით დავასრულებ, ჩემი დარბაზით. დღეს ის მიხარია, რომ ამ ბოლო დროს ჩემი თემის ახალგაზრდები ენას სწავლობენ, უმაღლეს განათლებას იღებენ და შემდეგ საკუთარ რეგიონს უბრუნდებიან, არასამთავეობო ორგანიზაციებს, სათემო ცენტრებს ხსნიან და ბავშვებს თავის ცოდნას და გამოცდილებას გადასცემენ. დიდ შრომას დებენ ამ საქმეში. ვფიქრობ, ახალგაზრდების განვითარებისთვის და ინტეგრაციისთვის არაფორმალური განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანიც ხომ ესაა, ჩვენი საქმით უფრო ინტეგრირებული და მრავალფეროვანი გავხადოთ ქვეყანა, თავისი მრავალფეროვანი მოქალაქეებით.

ავტორი: შუქურ ალიევი

დიზაინი: ართურ მოსოიანი

სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის ფარგლებში

Created By
Artur Mosoyan
Appreciate