Loading
2008 წელი

3+2 ფორმატი 3+3-ის წინამორბედი

პლატფორმის შექმნის შესახებ ინიციატივა თავდაპირველად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის პერიოდში -13 აგვისტოს, მოსკოვში, უმაღლესი დონის შეხვედრაზე გაჟღერდა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ე.წ. 3+2 _ ის ფორმატში თანამშრომლობა შესთავაზა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებსა და რუსეთს. დღევანდელისგან განსახვავებით ფორმატში ირანის ჩართულობა გათვალისწინებული არ იყო.

2020 წლის 10 დეკემბერი

ერდოღანს სამხრეთ კავკასიაში “ექვსეულის პლატფორმის” შექმნა სურს

ყარაბაღის კონფლიქტის დასასრულებლად - 2020 წლის 9 ნოემბრის კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმებიდან ერთი თვის თავზე ექვსეულის პლატფორმის შექმნის შესაძლებლობის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა ბაქოში განაცხადა. მისი შეფასებით, თანამშრომლობა რეგიონის განვითარებას წაადგებოდა.

“დღეს ჩემს ძმასთან (ალიევთან) ერთად განვიხილე ექვსი ქვეყნის პლატფორმის შექმნა, რომელშიც შევლენ აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სურვილის შემთხვევაში, სომხეთიც. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის”, – თქვა ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

2020 წლის 11 დეკემბერი

სალომე ზურაბიშვილი ექვსეულის პლატფორმაზე

ერდოღანის განცხაებიდან ერთი დღის შემდეგ კავკასიური პლატფორმის ინიციატივაზე საქართველოს პრეზიდენტმა პირველად პარლამენტის ტრიბუნიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა.

" შესაძლებელია ვიფიქროთ „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე, რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ასეთი პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას. გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის „hub“- ის როლი."

ამავე გამოსვლაში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თბილისმა დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც კავკასიური იდენტობისა და კავკასიური კვლევების ცენტრმა, რადგან მისივე თქმით, თუ ჩვენ ამას არ ვითავებთ, ამისთვის ბევრი სხვა კანდიდატი უკვე მზადაა...."

2020 წლის 23 დეკემბერი

სალომე ზურაბიშვილის მეორე გამოხმაურება ერდოღანის ინიციატივაზე „კავკასიური პლატფორმა“ სალომე ზურაბიშვილმა უკვე მეორედ 2020 წლის 23 დეკემბერს ყარაბაღის კონფლიქტის შეჩერების პროცესში საქართველოს პასიურობის კონტექსტში ახსენა.

ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამდა, რომ 2021 წელი „ჩვენი გაცოცხლების წელი“ იქნებოდა, მისივე თქმით, საქართველო „კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორე ხარისხოვანი“.

2020 წლის 23 დეკემბერი

“საქართველომ შეძლო ნეიტრალიტეტის დაცვა” – გახარია ყარაბაღის კონფლიქტზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადების პარალელურად, სადაც ის მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართული არ ყოფილა: "ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. "

იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კი ამ მოცემულობას პირიქით წარმატებად მიიჩნევს. გიორგი გახარიას თქმით, მთიან ყარაბაღში განვითარებული პროცესებთან დაკავშირებით საქართველომ “ნეიტრალიტეტის დაცვა შეძლო, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები შეგვენარჩუნებინა ჩვენს მეზობლებთან”.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის მიმდინარეობისას გახარიამ სომხეთსა და აზერბაიჯანს დიალოგისთვის თბილისში შეხვედრა შესთავაზა. "ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში" - განაცხადა გახარიამ 2020 წლის 30 სექტემბერს.

2020 წლის 23 დეკემბერი

პრეზიდენტის გნცხადების შეფასებები

ექვსეულის პლატფორმასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ დისკუსია გამოიწვია როგორც უცხოელ დიპლომატებში, ასევე ქვეყნის შიგნით.

«რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს ხმა ეძლევათ თქვენს რეგიონალურ საქმეებში?“ — ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

საზოგადოების კრიტიკას ოფიციალური წერილით გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. «უსაფუძვლო აჟიოტაჟი» ასე შეაფასა ადმინისტრაციამ საზოგადოების რეაქცია.

«ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი.»- ვკითხულობთ ოფიციალური განცხადებაში.

2021 წლის 26 იანვარი

სერგეი ლავროვის განცხადება ექვსეულის პლატფორმაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას.

2021 წლის 27 იანვარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია პლატფორმის ინიციატივაზე

ოფიციალური პირევბის პირველი გამოხმაურება ინიციატივაზე ასეთი იყო: “საქართველო ვერანაირად ვერ იქნება ჩართული იმ სამშვიდობო პლატფორმაში, რომლშიც მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა”, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კომენტარს იმის შესახებ, რომ რუსეთი მიესალმება ირანის, თურქეთისა და საქართველოს მისწრაფებას, წვლილი შეიტანონ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენაში.

2021 წლის 28 იანვარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის რეგიონალური ტურნე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი საქართველოში კავკასიური რეგიონალური ტურნეს ფარგლებში 2021 წლის 28 იანვარს ჩამოვიდა. საქართველოში ჩამოსვლამდე იგი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებში იმყოფებოდა. ასევე, მოსკოვში შეხვდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. თბილისში ვიზიტის შემდეგ კი ირანელი დიპლომატი ანკარას ეწვევა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაქოში 25 იანვრის ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა ჯავად ზარიფსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის, ასევე აზერბაიჯანის უმაღლესი რანგის დიპლომატებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ბაქოს შემდეგ, 26 იანვარს ირანელი დიპლომატი მოსკოვს ეწვია, სადაც ის სერგეი ლავროვს შეხვდა. მოსკოვის შემდეგ ზარიფი ერევანს 27 იანვარს ესტუმრა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

საქართველოში ვიზიტის შესახებ ჯავად ზარიფმა ტვიტერის საკუთარ ანგარიშზეც დაპოსტა, სადაც აღნიშნავდა, რომ მას თბილისში შესანიშნავი დისკუსია ჰქონდა ორმხრივი კავირების გაფართოებისა და რეგიონული კავშირების შესხებ.

“შესანიშნავი დისკუსია მრავალწლიანი ორმხრივი კავშირების გაფართოებისა და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ - განსაკუთრებით შავი ზღვის სპარსეთის ყურესთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანი.”

2021 წლის 12 ივნისი

ბაქომ თბილისისა და ვაშინგტონის შუამავლობით 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ", – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 2021 წლის 12 ივნისს გაავრცელა.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

2021 წლის 8 სექტემბერი

სომხეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტი საქართველოში

8 სექტემბერს, საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ორი ქვეყნის რეგიონულ თანამშრომლობასა და შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

„საუბარია სატრანზიტო გზებზე, ენერგეტიკულ პროექტებზე, ტრანსპორტზე, ჩვენ განვიხილავთ პროექტებს და შესაძლო გადაწყვეტებიდან ყველაზე შედეგიან ვარიანტს მოვძებნით“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამავე დღეს ფაშინიანი პრეზიდენტსაც შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობა.

2021 წლის 29 სექტემბერი

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს, აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს და ინტენსიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ 9 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი ასევე სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვია.

2021 წლის 7 ოქტომბერი

ზალკალიანი საუბრობს 3+3 ფორმატში საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე

ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტიდან 10 დღეში საგარეოს საქმეთა მინისტრმა და ვიცეპრემიერმა საზოგადობეას 3+3 ფორმატზე ,,ფიქრი შესთავაზა. მისი თქმით, ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად ფორმატში მონაწილეობა ძალიან გაჭირდება, თუმცა იქვეა დასძინა, რომ საზოგადოებას ფიქრისთვის სთავაზობს შემდეგ პოზიციას:

"ჩვენ რაღაცა ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში [მივიღოთ მონაწილეობა], რაღაც ფორმით, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე."

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, აუცილებელია, საქართველო არ ჩამორჩეთ იმ პროცესებს, რომლებიც რეგიონში ვითარდება. „აუცილებლად ვიყოთ ყველა იმ ახალ თუნდაც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც შეიძლება, ასცდეს საქართველოს და ამით, საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს“.

2021 წლის 8 ოქტომბერი

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, უწყება არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.