Loading

ორად გაყოფილი სახლის ისტორია

სოლოლაკის უბანში მრავალ ძველებურ სახლს შეხვდებით. ჩვენი ყურადღება კი, რა თქმა უნდა, მიიქცია საქართველოს მწერალთა სახლის ულამაზესმა შენობამ, რომელიც დარაბებს მიღმა მნიშვნელოვან ისტორიას ინახავს. ეს ის ადგილია, სადაც წლების წინ ქართველი ინტელიგენცია იკრიბებოდა. სახლი 1903-1905 წლებში ცნობილმა მეცენატმა, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა დავით სარაჯიშვილმა ააგო.

დავით სარაჯიშვილი და ეკატერინე ფორაქიშვილი

სახლს ორად გაყოფილი ისტორია აქვს, გასაბჭოებამდე და გასაბჭოების შემდეგ. გახსნის თანავე სახლი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილად გადაიქცა, სადაც უამრავი ადამიანი იყრიდა თავს და იმართებოდა ქართული ნადიმები. დავით სარაჯიშვილმა გარდაცვალების შემდეგ სახლი მის მეუღლეს ეკატერინე ფორაქიშვილს დაუტოვა.

აკაკი ხოშტარია

ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო მისი ძმა ადამ ფორაქიშვილი იძულებული გახდა სახლი აუქციონზე გასაყიდად გაეტანა. ქართული საზოგადოების თხოვნით იგი ცნობილმა ქართველმა მრეწველმა და მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ შეიძინა. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აკაკი ხოშტარია იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და ემიგრაციაში წასულიყო. გასაბჭოებიდან მესამე დღეს პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, აკაკი ხოშტარიამ სახლი ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.

რეპრესირებული მწერლები

20-იან წლებში ამ სახლს ხელოვნების სასახლეს უწოდებდნენ. 1923 წელს ხელოვანთა კავშირს მწერალთა კავშირი ცალკე ორგანოდ გამოეყო და 2007 წლამდე ეს სახლი მწერალთა კავშირს ეკუთვნოდა. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ქუჩიშვილი ეს სულ მცირედი ჩამონათვალია იმ მწერლებისა, ვისი ხილვაც ამ სახლში იყო შესაძლებელი. სარაჯიშვილის ე.წ ხელოვნების სასახლე, გარდა საინტერესო მოვლენებისა, მრავალი ტრაგიკული ისტორიის ეპიცენტრი გახდა. ერთ-ერთი 1936-38 წლების დიდი ტერორია, როდესაც მწერლებს ერთმანეთისთვის მწერალთა სახლში გამართულ კრებებზე განაჩენი გამოჰქონდათ.

ტრაგიკული და ამავე დროს ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ 1937 წლის 22 ივლისს პაოლო იაშვილმა ამ შენობის მეორე სართულზე, ერთ-ერთი ასეთი სხდომის მიმდინარეობისას თავი მოიკლა. ეს იყო იმ დროისთვის უდიდესი პროტესტი. ტერორი, დასმენები, აბსურდული ბრალდებები მწერლებს აიძულებდა თავის გადასარჩენად ან ჩუმად ყოფილიყვნენ, ან მიეღოთ სისტემის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესები. ბევრმა ვერ გაუძლო ამ მძიმე წნეხს. პაოლო იაშვილის დაკრძალვას მისი მეგობრებიდან კოლაუ ნადირაძის გარდა არავინ დასწრებია. აკაკი ხოშტარიამ იტალიიდან ჩამოტანილი ლომის ქანდაკებებითა და ანტიკური ნივთებით მოაწყო სახლი. როგორც ცნობილია პაოლოს სისხლი ამ ფიტულებზე გადავიდა და შესაბამისად დღეს მუზეუმის ექსპონატებია.

მარიამ გიგუაშვილი - მწერალთა სახლის კურატორი

მწერალთა სახლში, მუზეუმის კურატორმა, მარიამ გიგუაშვილმა გვიმასპინძლა. მან ბევრი საინტერსო და მნიშვნელოვანი ამბავი მოგვიყვა, როგორც სახლის ისტორიაზე ისე ადამიანებზე, რომლებმაც ეს ისტორია შექმნეს.

მუზეუმის აღმოსავლური სივრცე

დავით სარაჯიშვილი პირველი კონიაკის ფუძემდებელი იყო. მის სახელს უკავშირდება შრომითი უფლებების გაუმჯობესება, უნივერსიტეტის მშენებლობა ასევე პირველი სტიპენდიის სისტემა მთელ საქართველოში. დავით სარაჯიშვილმა სახელი გაითქვა, არა მარტო, როგორც მეცნიერმა და მეწარმემ, არამედ, როგორც ქველმოქმედმაც. იმ პერიოდში ვისაც „ფული და სურვილი“ ჰქონდა მიდიოდა რუსეთში, რომ იქ განათლება მიეღოთ, დავით სარაჯიშვილმა კი დაარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა, მათ ევროპაში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. ერთ-ერთი ასეთი იყო მისი შვილობილი ილია მამაცაშვილი, რომელმაც განათლება დავით სარაჯიშვილის დახმარებით გერმანიაში მიიღო.

დღეს მწერალთა სახლი ორ სივრცეს მოიცავს. დავით სარაჯიშვილის მუზეუმსა და სივრცეს, სადაც შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია რეპრესირებული მწერლების შესახებ. როგორც მუზეუმის კურატორი გვეუბნება, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სახლს პირვანდელი სახე შეუნარჩუნონ. ამის თვალსჩინო მაგალითია დავით სარაჯიშვილის მუზეუმის ერთ-ერთი ოთახის ჭერი, რომელიც საბჭოთ კავშირის დროს თეთრად გადაღებეს თუმცა რესტავრატორება მას დიდი შრომის შედეგად პირვანდელი სახე დაუბრუნდრუნეს.

თეთრი ოთახი

„ამ სახლში გვაქვს სამი სტილი აღებული ერთ-ერთია არტმულო. ეს სტილი მე-19 საუკუნის სოლოლაკში სახელგანთქმული მიმართულება იყო. გხვდება, ასევე, ბაროკოს სტილი - თეთრი ოთახი, მაღლა კი დავით სარიჯიშვილის მუზეუმი აღმოსავლურ სტილში.“ გარდა ამ ორი სივრცისა დღეს შესაძლებელია მწერალთა სახლში კულტურული საღამოების ჩატარება.

მწერალთა სახლის მესამე სართული - რეზიდენცია

ერთ-ერთი კი იყო საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, სადაც მსოფლიოს მასშტაბით 22-მა ავტორმა მოიყარა თავი. ფესტივალის მსვლელობისას ავტორები რეზიდენციაში რჩებოდნენ, რომელიც მწერალთა სახლის მესამე სართულზეა. ეს ოთახები გაფორმებულია ფრანგულ, ინგლისურ, აზიურ, აღმოსავლურ და ამერიკულ სტილში. აქ განთავსებულია ნივთები, რომლებიც დღეს მწერალთა სახლს შემორჩა, ამიტომაც განსაკუთრებული აქცენტი ძველი სტილის შენარჩუნებაზეა გამახვილებული.

მნახველის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს შუშებიან სივრცესთან დაგებული ვინტაჟური მოზაიკა, რომელიც მსოფლიოში სულ ოთხი არსებობს და ის ძალიან ძვირად არის შეფასებული.

კაფე "ლიტერა"

სახლის ეზოში მოწყობილია კაფე, რომელიც მნახველებისთვის თავშეყრის ადგილი ხდება. ვინტაჟისა და თანამედროვეობის თანხვედრაა, რაც უმეტესად ინფრასტრუქტურაშია გამოხატული.

დავით სარაჯიშვილის პირადი კაბინეტი

ეს ადგილი სახლის გარდა, იყო კულტურული ცენტრი. ამ ოთახში კი მწერლები იკრიბებოდნენ და განიხილავდნენ მნიშვნელოვან საკითხებს. „აქ იმიტომაა ილიასა და აკაკის ფოტოები, რომ მნახველებისთვის მარტივი გასაგები იყოს, თუ რა პერიოდში მოღვაწეობდა დავით სარაჯიშვილი, რადგან ზოგჯერ კონტექსტის გააზრება რთულია.“

ლურჯი ოთახი
პაოლო იაშვილის ექსპოზიცია

მწერალთა სახლის მეორე სართულზე გვხვდება ლურჯი ოთახი, სადაც ერთ-ერთი რეპრესირებული მწერლის პაოლო იაშვილის ექსპოზიციაა. როგორც მუზეუმის კურატორი გვეუბნება, ეს არის პირველი ექსპოზიცია ამ სახლში და სიმბოლურია, რადგან სწორედ აქ მოიკლა მან თავი. სექტემბრიდან კი იგეგმება სხვა მწერლების ექსპოზიციების გაკეთება. დღეს 180-მდე რეპრესირებულ მწერალზე დეტალური ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომია მწერალთა სახლში. პირადი ინფორმაციები, დახვრეტის ოქმები და ის ფაქტები, თუ რატომ გაასამართლეს ისინი.

რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი

ამავე სართულზე ვხვდებით სივრცეში, სადაც იბადება შეგრძნება, რომ დროში მოგზაურობ. სიბნელე, ფოტოები, ძველი წიგნები და შორიდან მომავალი მწერლების ხმა მისტიურ სამყაროში გამოგზაურებს და გიღვიძებს იმ შეგრძნებებს, რომლებიც ოდესღაც მათი ისტორიის კითხვის დროს გეუფლებოდა.