1
კორონავირუსი - რეკორდული სიკვდილიანობა და ვაქცინაციის დაბალი ტემპი
2021 წლის 31 დეკემბრისთვის ჯამში საქართველოში კორონავირუსის შედეგად 13 ათას 800 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 934 741-მდე გაიზარდა.
წლის ბოლოსთვის საქართველო მილიონ მოსახლეზე კოვიდ-სიკვდილიანობით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ წლის მეორე ნახევრისთვის კოვიდვაქცინებისა უმეტესობა ხელმისაწვდომი იყო საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში რთულად და დაბალი ტემპებით მიმდინარეობდა.
კოვიდის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება საქართველოში 2021 წლის მარტში დაიწყო და წლის ბოლოსთვის ორი დოზით 1 148 962 ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 40 პროცენტია.
ვაქცინაცია თავდაპირველად შეაფერხა ასევე ტრაგიკულმა შემთხვევამ, რომელიც მარტში, ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან ორ დღეში მოხდა - 28 წლის ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, "ასტრა ზენეკას" პირველი დოზის მიღებიდან რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა და მალევე დაიღუპა.
2021 წლის 1 დეკემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდა ე.წ. მწვანე პასპორტი ორი დოზით ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის. მხოლოდ მწვანე პასპორტით იყო შესაძლებელი კაფე-რესტორნებში შესვლა და სხვა გასართობ ღონისძიებებზე დასწრება.
2
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა და ირაკლი ღარიბაშვილის "მეორედ მოსვლა"
18 თებერვალს თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გადადგომის მიზეზი გახდა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო საკუთარ გუნდთან არსებული უთანხმოება. გახარია წინააღმდეგი იყო ძალის გამოყენებით დაეკავებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რადგან მისი აზრით, ეს ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარების ესკალაციას შეუწყობდა ხელს.
გახარიამ ოპოზიციაში გადაინაცვლა, საკუთარი პარტია - „გახარია საქართველოსთვის“ დააფუძნა და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 7.8 პროცენტი მოიპოვა. თავად გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოდა, თუმცა წააგო.
პრემიერ-მინისტრი კი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. ღარიბაშვილი ერთხელ უკვე იყო ამ თანამდებობაზე. პირველად ის პრემიერ-მინისტრად 2013 წელს დაინიშნა, როცა ბიძინა ივანიშვილმა ამ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.
3
სპეცოპერაცია ოპოზიციური პარტიის ოფისში და ნიკა მელიას დაკავება
23 თებერვალს დილიდან ტელევიზიები უჩვენებდნენ თუ როგორ ცდილობდა ასობით სამართალდამცავი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეღწევას და იქედან ამ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გამოყვანა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის დასაკავებლად გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი და სპეცტექნიკა. მელიამ ციხეში სამი თვე გაატარა, მის გასათავისუფლებლად გირაო ევროკავშირმა გადაიხადა.
ოპოზიციის ლიდერის დაკავება ახალი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო.
4
პოლიტიკური კრიზისი და შარლ მიშელის ვიზიტები
საქართველოში მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ არ აღიარა არჩევნების შედეგები, უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე, მართავდა ქუჩის აქციებს და ითხოვდა რიგგარეშე არჩევნებს, რადგან მიიჩნევდა, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგები უსამართლო იყო.
კრიზისის განმუხტვის საქმეში დასავლელი დიპლომატები და ევროპელი მაღალჩინოსნები ჩაერთნენ, კონკრეტულად კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც პირადად სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. შარლ მიშელის შუამავლობით შეიქმნა დოკუმენტი, რომელსაც ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოეყვანა.
19 აპრილს გაფორმდა “შარლ მიშელის შეთანხმება.” ოპოზიცია პარლამენტში შესვლას დათანხმდა, ხელისუფლება კი პირობას დებდა, რომ დაიწყებდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმას. თუმცა, ეს შეთანხმება ჩაიშალა, რადგან 28 ივლისს მმართველმა პარტიამ იგი ცალმხრივად დატოვა.
5
ბერა ივანიშვილის სკანდალი
6 მარტს ტელეკომპანია "ტვ პირველმა" გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.
ამ ჩანაწერებში ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანის და არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ურეკავს პრემიერ ღარიბაშვილს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს. ფარულად ჩაწერილ სატელეფონო საუბრებში ისინი დეტალურად განიხილავენ თუ როგორ დააშინეს და დასაჯეს სკოლის მოსწავლე, რომელმაც სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილს აგინა.
ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება დაიწყო, თუმცა სამართლდამცავები დაინტერესდნენ მხოლოდ იმით, თუ როგორ მოხვდა ეს ჩანაწერები მედიაში. გამოძიება არ დაწყებულა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე.
6
ოთხი ცხედარი ენგურიდან
7 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან მაშველებმა მდინარე ენგურიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
ოთხივე გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველები, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. მოქალაქეები მდინარის გადაცურვით ცდილობდნენ აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი გალიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – ზუგდიდის მიმართულებით გადმოსვლას. მალულად გადმოსვლა მათ იმისთვის დასჭირდათ, რომ საქართველოში მოქმედი კორონავირუსის კარანტინისთვის აერიდებინათ თავი.
7
5 ივლისი და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება
5 ივლისს თბილისის ცენტრში უნდა გამართულიყო ორგანიზაცია "თბილისი პრაიდისა" და ლგბტქ აქტივისტების მიერ დაგეგმილი "ღირსების მარში". თუმცა, სხვადასხვა ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან წამოსული აგრესიული მუქარებისა და კონტრაქციის გამო, მარში გაუქმდა.
5 ივლისს ულტრამემარჯვენეთა აქციაზე რამდენიმე ასეული ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანი გამოვიდა, რომელთა შორის მრავლად იყვნენ სასულიერო პირებიც. სიძულვილის ჯგუფების წარმომადგენლებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი, ჩამოგლიჯეს პარლამენტის შენობასთან დაკიდებული ევროკავშირის დროშა (იმის ნიშნად, რომ დასავლეთი საქართველოში "გეი პროპაგანდას" ეწევა) და განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწროდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ.
შედეგად დაშავდა მედიის სამოცამდე წარმომადგენელი. ზოგს ოპერაცია დასჭირდა, ზოგმა ტვინის შერყევა მიიღო, სხვებმა სხეულის დაჟეჟილობები ჰქონდათ. მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც სასტიკად სცემეს. რამდენიმე დღეში ლაშქარავა გარდაიცვალა.
5 ივლისის ფაქტი დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. 'საერთაშორისო ამნისტიის" განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთდა საკმარისი, რათა მოძალადეთა ქმედებები აღეკვეთად.
5 ივლისის დარბევის არც ერთი ორგანიზატორი არ დაუკავებიათ. (დაკავებული 26 პირიდან არც ერთს ძალადობის ორგანიზება არ ედება ბრალად. მიუხედავად იმისა, რომ სავსეა ინტერნეტი ლგბტქ პირებზე ძალადობისკენ კონკრეტული მოწოდებებით).
8
საიდუმლო ფაილები სუს-ი არქივიდან
სექტემბერში ინტერნეტში გავრცელდა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი საიდუმლო ფაილები. ამ ფაილებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს და უთვალთვალებს სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ასევე მედიის წარმოამდგენლებს და პოლიტიკოსებს.
როგორც აღმოჩნდა, სუს-ი აკონტროლებს სასულიერო პირების გადაადგილებას, საბანკო გადარიცხვებს და პირად ცხოვრებას. ათასობით ფაილში ასევე არის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, ვისი საშუალებითაც ესა თუ ის სასულიერო პირი უნდა გადაებირებინათ. დოკუმენტებში ინფორმაცია გვხვდება იმ მღვდლებზე, ვინც ნარკოდამოკიდებულია ან კრიმინალებთან მეგობრობს. ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ “ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა – 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური, მანდილოსნებთან სექსუალურ ურთიერთობაში შემჩნეული 23 სასულიერო პირი (მათ შორის, მონაზვნები), 21 სასულიერო პირი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.”
ჩანაწერებში მოხვედრილი ადამიანების ნაწილი ადასტურებს იქ აღწერილი ამბების ნამდვილობას.
9
რეკორდული რაოდენობის მედლები ოლიპმიადაზე
2021 წლის მთავარი სპორტული მოვლენა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები იყო, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო 2021 წლის ზაფხულში ჩატარდა. ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ამ რვა მედლიდან ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი იყო.
10
სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში
1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუკ-გვერდზე დებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ იგი ბათუმში იმყოფება.
სააკაშვილი რვა წლის განმავლობაში ვერ ჩამოდიოდა სამშობლოში, რადგან რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ძებნილი იყო და "ქართული ოცნების" ხელისუფლება ღიად აცხადებდა, რომ მას ქვეყანაში შემოსვლისთანავე დააკავებდნენ.
1 ოქტომბერს ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღე უარყოფდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში იყო. თუმცა, იმავე საღამოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას ამცნო, რომ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ისტორიას დარჩება ასევე ის ფაქტი, რომ ამავე საგანგებო ბრიფინგზე ღარიბაშვილმა საზოგადოებას და ბიძინა ივანიშვილს “ბიძინაობა” მიულოცა.
საბოლოოდ გაირკვა, რომ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს მალულად ჩამოვიდა.
მან დაკავებისთანაცე დაიწყო შიმშილობა, რადგან თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდა. საბოლოო ჯამში სააკაშვილმა 50 დღე იშიმშილა.
მისი ჩამოსვლის შემდეგ, ქვეყნაში კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური კრიზისი და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ყოფილი პრეზიდენტის გარშემო კონცენტრირდა.ოქტომბერში თბილისის ცენტრში გაიმართა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისახელისუფლებო აქცია.
მოშიმშილე და ჯანმრთელობაშერყეული სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის პარტია „დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელმაც 17 დღე იშიმშილა, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი გორის მრავალპროფილურ კლინიკაში არ დაიყვანეს.
11
თვითმმართველობის არჩევნები
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
პროპორციული სისტემით გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” 46.74 პროცენტით, მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა” 30.67 პროცენტი და მესამეზე “გახარია საქართველოსთვის” 7.80 პროცენტით.
რაც შეეხება მერებს - ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა.
ორივე ტურის შედეგად ოპოზიციონერმა მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა მხოლოდ წალენჯიხაში. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ 2024 წლამდე ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება.
12
საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევა ბათუმში
8 ოქტომბერს ტრაგედია მოხდა ბათუმში - ქალაქის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე შვიდ სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი იყო.
ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ სადარბაზოს პირველ სართულზე კომერციულ ფართს არემონტებდნენ, რა დროსაც მოანგრიეს მზიდი კედელი და დაარღვიეს უსაფრთხოების წესები. ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა.
13
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება
ახალ წლამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 7 დეპუტატი იყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წელს ამოქმედდა. მისი ფუნქცია იყო პოლიციელების, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების და სხვა სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიუკერძოებლად გამოძიება.