ცნობილია, რომ სახელგანთქმული მხატვრები თავიანთ ნამუშევრებში სხვადასხვა სიმბოლოს სახით ფარულ აზრებს დებდნენ. ერთი შეხედვით, მათი ნახატები მნახველში მხოლოდ სილამაზის აღქმას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში, ხელოვნების შედევრთა უმეტესობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ვიზუალი.
მიხეილ ვრუბელის "დემონი"
თამამად უნდა ითქვას, რომ რუს სიმბოლისტებს შორის ყველაზე გამორჩეული სწორედ რომ მიხაილ ვრუბელია. ცნობილია, რომ მხატვრის მთავარ მუზას ლერმონტოვის მოთხრობები წარმოადგენდა, მათგან ყველაზე დიდი გავლენა კი „დემონმა“ მოახდინა.
დემონის თემა ვრუბელის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია: „წინა თვიდან მოყოლებული, დემონს ვხატავ. უფრო სწორად, მონუმენტურ დემონს კი არა, რომლის შექმნასაც მომავალში ვაპირებ, არამედ „დემონურს“. მზის ჩასვლის ფონზე, ახალგაზრდა, ნახევრად შიშველი ფრთოსანი მოწყენილი და ჩაფიქრებული გაჰყურებს აყვავებულ მინდორს, საიდანაც მისკენ ყვავილებიანი ტოტები იწევენ“, - სწერდა ვრუბელი თავის დას.”
აღსანიშნავია, რომ ვრუბელის დემონში არაფერია „დემონური“, პირიქით მაყურებელი მის მელანქოლიით აღსავსე სახეზე მიტოვებული ადამიანის ტრაგედიას ხედავს, როგორც თავად მხატვარი ამბობდა, „დემონი ავზე მეტად, ტანჯული და სევდიანი სულია“.
საბოლოოდ, დემონისადმი აღტაცება სიგიჟეში გადაიზარდა. ნახატის დასრულებიდან რამდენიმე წელში ვრუბელი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლების გატარება მოუწია. ახლობლები კი მის ამგვარ დასასრულს სწორედ დემონისადმი გატაცებას აბრალებდნენ.
"მოხუცი მებადური"
სიკეთე და ბოროტება ერთ ტილოზე
1902 წელს შესრულებული ნახატი „მოხუცი მებადური“ უნგრელ მხატვარს, თეოდორ კოსტკას ეკუთვნის. ერთი შეხედვით, სურათში უცნაური არაფერი იყო, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ნამუშევარი მასში ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გამოსახულებას აერთიანებდა. მათი დანახვა შესაძლებელია მხოლოდ სარკის საშულებით ტილოს შუაზე გაყოფისას.
გამოსახულების მარცხენა მხარე სარკეში დანახულთან ერთად ქმნის ნავში მჯდომი ღმერთის პორტრეტს წყნარი ზღვის ფონზე.
სურათის მარჯვენა მხარე კი გამოსახავს ეშმაკს ვულკანისა და ბობოქარი ზღვის ფონზე.
და ვინჩის "საიდუმლო სერობა"
იდუმალ ნახატებზე საუბარი შეუძლებელია რენესანსის ეპოქის ასევე ყველაზე იდუმალი მხატვრის - ლეონარდო და ვინჩის ხსენების გარეშე.
ეს ცნობილი ფრესკა მილანში, Santa Maria delle Grazie–ს ეკლესიის კედელზეა გამოსახული. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ და ვინჩიმ ნახატის შესრულებისას იესოსა და იუდას დასახატად ერთი და იგივე ადამიანი გამოიყენა.
სიმბოლურია იუდას იდაყვთან მიმობნეული მარილი, რაც მარცხს და რელიგიის დაკარგას განასახიერებს. მაგრამ ხელოვნებათმცოდნეებს ნახატთან დაკავშირებით ყოველთვის აწუხებდათ ერთი კითხვა - ვინ არის იესოს მარჯვნივ გამოსახული პიროვნება? ზოგი მიიჩნევს, რომ იგი იოანე მოციქულია, ზოგის აზრით კი და ვინჩიმ საიდუმლო სერობის ფრესკაზე მარიამ მაგდალინელი გამოსახა.
ამ მოსაზრების გამო და ვინჩის ხშირად ათეისტად და ღვთისმგმობლად მიიჩნევდნენ, მაგრამ მის გენიალურობაში ეჭვი არავის ეპარება.
ვინ არის სინამდვილეში "ჯოკონდა"
ლეონარდო და ვინჩიმ თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი დაახლოებით 1503-1507 წლებში დახატა.
ნახატის დიდი პოპულარობის მიუხედავად, მასზე გამოსახული პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია. დღემდე არსებობს რამდენიმე ვარაუდი მის რეალური ვინაობასთან დაკავშირებით.
ზოგი მიიჩნევს, რომ ის ფლორენციელი ვაჭრის ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს ცოლი მონა ლიზაა, ზოგი მას იტალიელ დიდგვაროვანთან, კატერინა სფორცასთან აიგივებს, ერთ-ერთი ვარაუდით კი "მონა ლიზა" ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა ყმაწვილია.
არსებობს მოსაზრება, რომ ნახატი თავად და ვინჩის ავტოპორტრეტია, რადგან მხატვრის სახის ნაკვთები პორტრეტზე გამოსახული ქალის ნაკვთების ანალოგიურია.
"გოგონა მარგალიტის საყურით"
მაცდური, მაგრამ ჩუმი. "ჩრდილოეთის მონა-ლიზად" წოდებული ეს დახვეწილი, უსახელო არსება ცნობილია, როგორც "გოგონა მარგალიტის საყურით." სურათი ჰოლანდიური საყოფაცხოვრებო ფერწერისა და ჟანრის პორტრეტების უდიდეს წარმომადგენელს, "სინათლის ოსტატად" წოდებულ იან ვერმეერს ეკუთვნის.
ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ “გოგონა მარგალიტის საყურით” რეალურად ვერმეერის ერთ-ერთი ქალიშვილი მარიაა, თუმცა მარია სურათის შექმნის დროს 12-13 წლის იყო, რაც ამ ვერსიას გამორიცხავს.
გოგონას იდუმალი გამოხედვა მრავალი ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. 1999 წელს, ამერიკელმა მწერალმა, ტრეისი შევალიემ თავის ნოველაში “გოგონა მარგალიტის საყურით” ნახატის შექმნის სრულიად ახალი ისტორია შექმნა. ნოველის მიხედვით იან ვერმეერი უახლოვდება მოსამსახურე გოგონას და შემოქმედების მთავარ მუზას სწორედ მასში პოულობს.
ტრეისი შევალიემ ამ იდუმალ გოგონას სახელი მიანიჭა – მას გრეტა ქვია. ბევრისთვის ვერმეერის გოგონა სწორედ გრეტად დარჩება. მას ერთადერთი მიზეზი აქვს – გრეტა საოცრად რეალურია. რეალურია ის ცხოვრებაც რომელიც მის გარშემო მიედინება. გრეტა ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და ვერმეერის შემოქმედების მწვერვალია.
სიმართლე ის არის, რომ უამრავი ვარაუდის მიუხედავად, ჩვენ ალბათ ვერასდროს შევძლებთ ვერმეერის გოგონას რეალური ვინაობის დადგენას. შეიძლება, ის სულაც არ არის რეალური პიროვნება, არამედ ვინმე უფრო განზოგადებული, მარადიული და იდუმალი. სწორედ ეს იდუმალება ხდის მას ასე მიმზიდველს. ყველა შედევრს ხომ ერთი თავისებურება ახასიათებს – მათ გაგებას ყველა ცდილობს, მაგრამ არავის გამოსდის.