,,ღმერთების ქალაქში, თუ გარბიხარ ისინი მოგსდევენ, თუ დარჩები ისინი ჩაგითრევენ“
ფერნანდო მეირელესის ფილმი ღმერთის ქალაქი - (2002) ეფუძნება პაულო ლინსის ამავე სახელწოდების ბრაზილიურ რომანს. რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთი ძალადობრივი უბანი, აქ მცხოვრები ბავშვები და მცდელობა გადარჩენისათვის. ორი განსხვავებული ბიჭის ცხოვრება, რომელებიც ერთ გარემოში იზრდებიან და ყალიბდებიან, მაგრამ სხვადასხვა გზით ვითარდებიან. გზა ხელოვნებასა და ნარკორეალიზატორობას შორის და ადამიანები, რომლებიც არჩევანს აკეთებენ.ღმერთის ქალაქი არის ფილმი, სადაც წამოჭრილია არაერთი საინტერესო, ყოფითი საკითხი - განათლებასთან არსებული პრობლემები, საჯარო ცხოვრება, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები, ნარკოტიკები და გარემო, რომელიც ადამიანებს კრიმინალებად აყალიბებს. ფილმში ერთმანეთს ქალაქი და ინდივიდუალიზმი უპირისპირდება. თითქოს ისიც იმაზე დიდი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ისტორიაც იმაზე ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით. რეჟისორმა იდეალურად დაუპირისპირა ორი რელობა, რიოს ორი სახე, ერთი, რომელიც ყველასთვის საყვარელი, მიმზიდველი და ეგზოტიკურია თავისი ტემპერამენტით, ოკიანით, პლიაჟებითა და ცეცხლოვანი გარემოთი, მზითა და სამბით. ფილმმა ამხილა ალტერნატიული რელობა. სიუჟეტს მეტად საინტერესოს და მიმზიდველს მსახიობები ხდიან, ქუჩიდან შერჩეული და აყვანილი სახეები დიდი ოსტატობით ირგებენ გმირთა ცხოვრებას. ფილმის ერთ-ერთი ძლიერი მხარეც ხომ სწორედ რელიზმია. მრავალ სენსიტიურ საკითხთან ერთად, წამოჭრილია განათლების პრობლემაც. აქ ბავშვები ნარკოტიკებს უკეთ იცნობენ, ვიდრე წიგნებს. ვაწყდებით ისეთ კრიტიკულ მომენტსაც, სადაც ემოციები აზროვნებას გვიბინდავენ, მთელი სიმძაფრით გადმოტანილი, მცირეწლოვანი ბავშვების ძალადობრივი დაჯგუფება და დანაშაული, რომელიც სიამაყის განცდას ჰგვრით. მათი გონება მხოლოდ სასურველ ბანდაში მოხვედრის იდეითაა შეპყრობილი, „მე ვეწევი, ვღრიალებ : მოვკალი და გაძარცვეს. ესეიგი მე კაცი ვარ". ყველა ხაზი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ეს ერთი მთლიანობაა, რომელიც არაჩვეულებრივად ასახავს გეტო ცხოვრებას. შეუძლებელია ქალაქის "გაწმენდვა", "გასუფთავება" გადატრიალების შემდეგაც კი, მეტად ძალადობრივი ჯგუფი, „ლილ-ზის“ მეთაურობით მოვიდა სათავეში. იმისთვის, რომ ამ ქალაქში გადარჩე, ან უნდა გაიქცე, ან მიიღო არსებული რელობა და მის ნაწილად იქცე.
ვხედავთ სამი განსხვავებული ადამიანის ისტორიას, რომელებსაც ქალაქის დატოვება სურთ - შაგი, შეყვარებულთან ერთად, რომელიც მოხვედრილმა 5 ტყვიამაც კი ვერ შეაჩერა. თავისუფლების წყურვილი ხომ ყველაფერს აღემატება. ასევე არის ბენიც, ახალი ცხოვრების იმედით, მაგრამ ღმერთის ქალაქის დატოვება ხომ შეუძლებელია, ან იღებ რელობას და მისი ნაწილი ხდები ან კვდები...
აქვე ვხვდებით ქალაქის მიერ იდენტობადაკარგულ ადამიანებსაც, რომლებმაც გადარჩენისთვის სხვადასხვა ადამიანის სახეები მოირგეს. ყიდიან წამალს და ინარჩუნებენ ცხოვრებას. სიყვარული და შეცვლილი სტილიც არ შველით და იქ, სადაც თავისუფლების გემოს გასაგებად მიდიან, ცეკვის დროს ბრმა ტყვიის მსხვერპლი ხდებიან.
ფილმი შესრულებულია საინტერესო ტექნიკით, სავსეა 16mm, 35mm კადრებით, თითქოს ყველაფერი შენს თვალწინ ხდება და შენც, რაღაც მხრივ, თანამონაწილე ხარ. იზრდებიან გმირები და იზრდება ქალაქიც, მათთან ერთად, მაყურებელიც. ფრაზა - ძალადობა წარმოშობს ძალადობას - არაჩვეულებივად შეესაბამება რელობას. ის ესთეტიკა, კადრები, განათება, ემოციები, სცენები, რომელებიც, ძალადობრივი ისტორიის მიუხედავად, წარმოდგენილია ფილმში, შეუძლებელია ერთხელ მაინც ნახო და აღფრთოვანება არ გამოიწვიოს. რეჟისორის თქმით, „ყველა სცენა წარმოიშვა მსახიობების იმპროვიზაციებიდან, და, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი უნიკალური იყო.“ თუნდაც, იმ საკულტო სცენამ, სადაც ახალგაზრდები მოწყვეტილები არიან რეალობას პლიაჟზე, ეწევიან, იცინიან და გამოხატავენ გულწრფელ ემოცებს, იღებენ ფოტოებს. ვხედავთ, რომ, ყველაფრის მიუხეედავად, მაინც ბედნიერები არიან, სწორედ ეს პლიაჟია მათი ალტერნატიული რეალობა. მეგობრები და საყვარელი გოგო, მცხუნვარე მზე და საყვარელი ატრიბუტი - ფოტოაპარატი. თითქოს ყველაფერია, რაც მას ბედნიერებისთვის სჭირდება. რაკეტა, როგორც ოცნებებისა და სინათლის სიმბოლო, ამ ფილმში ნათელი წერტილია სიბინძურეში ჩაფლული ადამიანების გარშემო.