View Static Version
Loading

უკრაინელი სპორტსმენები, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძვიან

სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით გამორჩეულ უკრაინელ სპორტსმენებზე ინფორმაციას, თუ როგორ მიატოვეს კარიერა და იარაღით ხელში სამშობლოს სადარაჯოზე დადგნენ. დღევანდელ რეალობაში, რა თქმა უნდა, მსგავსი საქციელი გმირობის ტოლფასია, ისევე როგორც თითოეული უკრაინელის. დღეს ვისაუბრეთ დაწყებული მძიმე წონაში კრივის ჩემპიონიდან დამთავრებული "არსენალის" ფეხბურთელით, რომლებმაც ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვეს და საკუთარი ქვეყნისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს.

ოლექსანდრ უსიკი

ენტონი ჯოშუას დამმარცხებელი და 2 წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი, ოლექსანდრ უსიკი სამშობლოში დაბრუნდა და კიევის სადარაჯოზე იარაღით ხელში დადგა. ათლეტის თქმით, ახლა რინგზე დგომა და ქამრისთვის ბრძოლა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისთვის და პატივისთვის. სხვათაშორის, უკრაინელი მებრძოლი ჯოშუასთან რემატჩის მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ ვარსკვლავების რინგზე გამოსვლა გაურკვეველი ვადით რუსეთის ფართომასშტაბიანმა ომმა გადადო.

"ჩვენ ჩვენს უკრაინას თავიდან ავაშენებთ, ჩავდებთ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია და იმ სილამაზეს აღვადგენთ, რაც გვქონდა. ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგმართოთ მათ, ვინც, ქვეყნისთვის იბრძვით, დიდი მადლობა!"

ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები

როგორც კიევის მერმა, 50 წლის ვიტალიმ განაცხადა, რუსების მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქის აღებაა. გარკვეული პერიოდის წინ უფროსმა ძმამ მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან ბრძოლა დრო და დრო მძაფრდებოდა და ხალხის უსაფრთხოებაც მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო დაცული.

"სხვა არჩევანი არ მაქვს, ეს უნდა გავაკეთო, მე ვიბრძოლებ" - განაცხადა უფროსმა ძმამ ITV-თან ინტერვიუში.

რინგზე გატარებულ კარიერაში ვიტალიმ 47 ბრძოლა გამართა, 45-ში კი გამარჯვება მოიპოვა (41 ნოკაუტით). პოლიტიკაში 2005 წელს, სპორტული მოღვაწეობის დასრულების შემდეგ მივიდა, ახლა კი თავისი ქვეყნისთვის ღირსეულ მამულიშვილობას განაგრძობს.

იმავე აზრზეა ვლადიმირიც, რომელიც თებერვლის დასაწყისში უკრაინის სარეზერვო ჯარში ჩაეწერა და რუსეთთან ომისთვის მზადება დაიწყო.

9 წლის განმავლობაში მძიმე წონაში გამეფებული იყო, 2015 წელს კი 33 წლის ტაისონ ფიურიმ უმცროსი ძმის დომინაცია დაასრულა. 2 წლის შემდეგ რინგზე უკვე 32 წლის ენტონი ჯოშუასთანაც დამარცხდა და კარიერაც დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები პუტინის მოსაკლავ სიაში შედიან (ჯამში 24 უკრაინელის გვარია მოხსენიებული).
სერგეი სტახოვსკი
ყოფილმა უკრაინელმა ჩოგბურთელმა, სერგეი სტახოვსკიმ ბრძოლის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა არ შეშინდა და საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე იარაღით ხელში დადგა.

36 წლის ჩოგბურთელისთვის კლასიფიკაციაში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 31-ე პოზიცია იყო.

2013 წელს უიმბლდონის ტურნირის მე-2 წრეში უკრაინელმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი 6:7 7:6 7:5 7:6 დაამარცხა.
"სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ ეს ყველაფერი აღვწერო. არ წარმომედგინა, რომ ცხოვრებაში ჩემს მშობლიურ ქალაქში ბრონის ჟილეტითა და იარაღით ხელში მორიგეობა მომიწევდა. ომის დაწყებამდე 5 დღით ადრე ამერიკულმა და ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ შეტაკებები დაიწყებოდა, თუმცა მაინც 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არ მოხდებოდა"
იური ვერნიდუბი
იური "შერიფის" მთავარი მწვრთნელია, გასულ შემოდგომას ჩემპიონთა ლიგაზე არც მეტ და არც ნაკლებ მადრიდის "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოუგო. ახლა, 56 წლის სპეციალისტი იარაღით ხელში რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძვის.

"ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ რუსები თავს დაესხნენ, მაშინ მივხვდი, რომ სამშობლოში საბრძოლველად უნდა წავსულიყავი. გუნდთან ერთად ვიყავი, რუმინეთში ჩავფრინდით, შემდეგ ავტობუსით ტირასპოლში ჩავედით, შაბათს დილით უკვე უკრაინაში ვიყავი, კვირას კი ჯარშიც ჩავირიცხე. გზა 11 საათს გაგრძელდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მგზავრობა რთული იყო"

ვასილი ლომაჩენკო
დიდებული უსიკის მსგავსად, ვასილი ლომაჩენკოც უკრაინის სადარაჯოზე იბრძვის. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი M16 ტიპის იარაღით ხელში ბელგოროდ-დნესტრის ტერიტორიის დაცვით ბატალიონს შეუერთდა.

34 წლის მსუბუქი წონის ერთ-ერთი საუკეთსო მოკრივე შესაშური კარიერული მიღწევებით (2-ჯერ ოლიმპიური ჩემპიონი) დღეს იარაღით ხელში გმირულად იბრძვის. მისი კარიერა მეგობარ უსიკის მსგავსად გაურკვეველი ვადით შეჩერდა, არადა მიდიოდა საუბარი მისი თითქოს და მსუბუქი წონის აბსოლუტურ ჩემპიონთან, ჯორჯ კამბოს უმცროსთან დაპირისპირებაზე.

დმიტრო პიდრუჩნი
2014, 2018 და 2022 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილე დმიტრო პიდრუჩნი სამშობლოს დასაცავად იარაღით ხელში რუსებს ებრძვის, მიზანი, რა თქმა უნდა, მშობლიური მიწის აგრესორებისგან გათავისუფლებაა. სპორტსმენი სოციალურ ქსელში აქტიურად ითხოვდა ფულად შემოწირულობას, ასევე დახმარებას ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციისგან (NATO).

"არ მითხრათ, რომ სპორტი და პოლიტიკა განსხვავდება. ისინი ერთმანეთზე ჯაჭვურადაა გადაბმული. გთხოვთ, განზე ნუ გადგებით, როდესაც ამას კითხულობთ, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები იღუპებიან... დავჩები აქ და ვიბრძოლებ უკრაინისთვის... სახლისთვის... ოჯახისთვის..."

ოლეგ ლუჟნი
საფეხბურთო კარიერის დროს ოლეგს მეტსახელად "ცხენს" ეძახდნენ, მისი მონდომება და შესაძლებლობები კი 2022 წელსაც გამოადგა. ლონდონის "არსენალის" ყოფილი მცველი სამშობლოს სადარაჯოზე დგას და რუსებს ებრძვის.

"ისევე როგორც ყველა გმირი უკრაინელი, ახლა მეც ჩემს ქვეყანაში ვარ და ვიცავ საკუთარ მიწას. ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს უკვე შევუერთდი. სიტუაცია ძალიან დაძაბულია, სირენის ხმა ხშირად ისმის. ხალხი შეშინებულია, ბავშვები და ქალების უმეტესობა ვერ ხვდებიან რა ხდება... ქალაქები მიწასთანაა გასწორებული, მოსახლეობა გათბობის, ელექტროენერგიის, სასმელი წყლისა და საჭმლის გარეშეა დარჩენილი, მიუხედავად ამისა, ჩვენი მოსახლეობა ისეა გაერთიანებული, როგორც არასდროს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით, ყველანი ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ"

რაც შეეხება ოლეგის საფეხბურთო კარიერას, უკრაინელმა ექს მცველმა "მეთოფეებთან" ერთად ინგლისის FA თასი და პრემიერ ლიგა მოიგო.
სვიატიკ არტემენკო
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე 1 დღით ადრე, არტემენკომ ადგილობრივი რიგით მე-2 დივიზიონის გუნდ "პოდილასთან" ხელშეკრულება გააფორმა, სპორტსმენს კანადაში, კერძოდ "ვინიპეგის" გუნდში დაბრუნება შეეძლო (თამაშობდა ახალ ხელშეკრულებამდე), თუმცა დარჩენა და გამარჯვებისთვის ბრძოლა ამჯობინა.

"არც კი მიფიქრია, რომ უკრაინიდან გავქცეულიყავი. თავიდანვე იმას ვფიქრობდი, რომ თუ საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ჯარში წავიდოდი" - განუცხადა არტემენკომ CBC-ს.

ჟან ბელენიუკი
ჟანი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანია, დღეს კი რუსეთის წინააღმდეგ შეძლებისდაგვარად იბრძვის.

"ჩვეულებრივად, როდესაც დაპირისპირებას წააგებ, რევანშის შანსი გეძლევა, მაგრამ აქ არა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოკვდე, ეს არ არის მხოლოდ შენი ცხოვრება, ფაქტობრივად, ოჯახი შენზეა დამოკიდებული, ასევე გარკვეულწილად შენი ქვეყნის მომავალიც. ძნელია გადმოგცეთ ის ტერორი, რაც უკრაინაში ხდება. ალბათ აქ უნდა იყოთ, რომ გაიგოთ რა მასშტაბებზეა საუბარი, უდიდეს ტრაგედიასთან გვაქვს საქმე" - განაცხადა ბელენიუკმა Guardian-თან ინტერვიუში.

ალექს დოლგოპოლოვი
17 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამშობლოში დაბრუნდა ყოფილი ჩოგბურთელი, ალექს დოლგოპოლოვი. ერთ დროს ალექსი კლასიფიკაციაში მე-13 ადგილს იკავებდა.

"ეს ჩემი სახლია, ჩვენ უკრაიანს ერთად დავიცავთ. მადლობა და ჩემგან უდიდესი პატივისცემა ცნობილ და არამხოლოდ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოში დარჩნენ. ვამაყობ იმით, როგორც გაერთიანდა ჩემი ქვეყანა შეშლილი დიქტატორის წინააღმდეგ. ფილმის პერსონაჟ "რემბოს" ნამდვილად არ ვგავარ, თუმცა იარაღთან თავს კომფორტულად ვგრძნობ, 25 მეტრიან დისტანციაზე 5 ცდიდან 3-ს მაინც ვარტყამ. სიმართლე ჩვენს მხარესაა, მე კიევში გამარჯვებამდე დავრჩები" - წერს ალექსი.

ნაწილობრივ მომზადებულია sun-ის მიხედვით

NextPrevious