1-ელი ივნისის შემდეგ საქართველოს სახელით მოთამაშე ნაკრებმა (სხვადასხვა სახეობაში) თუ ინდივიდუალურად სპორტსმენმა ჩვენი ქვეყანა არაერთხელ ასახელა. მაშ ასე, დავიწყოთ ფეხბურთით!
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე გათამაშება ბრწყინვალედ დაიწყო, პირველ 4 შეხვედრაში 10 ქულა დააგროვა და ჯგუფსაც დამაჯერებლად ლიდერობს. დაგვრჩა 2 მატჩი, მაკედონიასთან (სახლში, 23 სექტემბერს) და გიბრალტართან (გასვლაზე, 26 სექტემბერს).
დინამო არენაზე მაკედონიასთან 0:1-ი მარცხის შემდეგ გულშემატკივრის მოედანზე დაბრუნება იყო საჭირო, ამიტომაც ფედერაციამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა,ლოგო, გერბი, ჰიმნი შეცვალა და ქვეყანაში დამატებითი მუხტი შემოიტანა, არამხოლოდ ფეხბურთელები, არამედ გულშემატკივრები უსმენდნენ "მე ვარ საქართველოს" და ის პატრიოტული სულისკვეთება იბადებოდა, რაც მოედანზე 100%-ზე მეტის დახარჯვასა და ტრიბუნიდან ბოლო წამამდე გამხნევებას გულისხმობდა, ასეც მოხდა, ჩვენმა ნაკრებმა C ლიგის პირველი შეხვედრა გიბრალტართან ჩაატარა და კომფორტული სხვაობით, 4:0 დაამარცხა, მოედანი თითქმის სავსე იყო, გულშემატკივარი კი ბიჭებს ფეხზე წამომდგარი, აპლოდისმენტების თანხმლებით აცილებდა.
შეხვედრის დაწყებამდე დიდი ფეხბურთიდან გავაცილეთ ჯანო ანანიძე, გაუთავებელი ტრავმების შემდეგ ჯანო დიდ ფეხბურთს ბათუმის დინამოდან დაემშვიდობა, ეროვნულ ნაკრებში 43 მატჩი ჩაატარა და თავი 7 გოლითაც გამოიჩინა.
პირველი გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, თუმცა მთავარი შეხვედრები ჯერ კიდევ წინ გვქონდა, 5 ივნისს, ჩვენი ნაკრები ბულგარეთს ესტუმრა და 5:2 გაანადგურა. ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ უხერხულია ეს მეტოქე ჩვენთვის, თუმცა სოფიაში რადიკალურად განსხვავებული ნაკრები ვიხილეთ, გამოკვეთილი ლიდერი, გაერთიანებული ბიჭები, კარგი სიღრმე და ბოლომდე მებრძოლი ფეხბურთელები.
დარჩა მაკედონია, სკოპიეში ჩვენს ნაკრებს ურთულესი მატჩი ელოდა, მასპინძელთა მეკარის, სტოლე დიმიტრიევსკის თქმით, ქართველებს გოლის გაუშვებლად დაამარცხებდა, თუმცა ყველაფერი ისე როდია, როგორც ტკბილ სიზმრებში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მაკედონიას 3:0 სძლია და ჯგუფში კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა.
დარჩა მეოთხე მატჩი, ბულგარეთთან საშინაო შეხვედრა... სავსე მოედანი, ერთხმად შესრულებული ჰიმნი, შეძახილები... თუმცა 0:0... მატჩის შემდეგ გულშემატკივრის აზრი ორად გაიყო, რა თქმა უნდა, ყველას გული დაგვწყდა, თუმცა შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ ვინმეს, რომ ეკითხა 4 ტურის შემდეგ 10 ქულა და 1-ელი ადგილიო, სიამოვნებით მოვაწერდით ხელს.
სპორტულმა გვერდ Sofascore-მა ერთა ლიგის რეიტინგი გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე მაღალი, 8.2 მაჩვენებელი ჰქონდა. აწ უკვე ნაპოლის შემტევმა ისეთ ვარსკვლავებს გადაასწრო, როგორებიც არიან მემფის დეპაი (8.05. ნიდერლანდები, "ბარსელონა"), ჰაკან ჩალჰანოღლუ (7.80. თურქეთი, "ინტერი"), პიერ-ემილ ჰოიბერგი (7.73. დანია, "ტოტენჰემი"), ნუნო მენდეში (7.65. პორტუგალია, პსჟ), კევინ დე ბრუინი (7.60, ბელგია, "მანჩესტერ სიტი"), ერლინ ჰოლანი და მარტინ ოდეგორი (7.45. ნორვეგია, ერლინი "სიტი", მარტინი "არსენალი").
6 ივლისს ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლისთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ქართველი ფეხბურთელი ახლა დიმაროშია და სერია A-ში პირველი სეზონის ჩასატარებლად ემზადება. აქვე გეტყვით, რომ "კვარა" ნაპოლიში 77 ნომრიან მაისურს მოირგებს.
გაგვახარეს 18 წლამდელებმაც, ჩვენმა ახალგაზრდებმა ამხანაგურ მატჩში სომეხ თანატოლებს ორჯერ მოუგეს. პირველ მატჩში ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი 87-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა, თუმცა 5 წუთიან მონაკვეთში მეტოქის კარი 3-ჯერ აიღეს და მოიგეს კიდეც.
მეორე მატჩი პირველის მსგავსად დაძაბული არ ყოფილა, ქართველებმა სომეხი თანატოლები 5:1 გაანადგურეს.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში საკუთარ მოედანზე რუმინეთი 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდმა ბოლო 7 შეხვედრიდან 6 მოიგო, ხოლო 1 ფრედ დაასრულა.
უკრაინასთან უშანსო მარცხის შემდეგ (66:79) საქართველოს ნაკრებმა ახალ სპორტულ სასახლეში პირველი შეხვედრა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარა და მძიმე ბრძოლაში 82:76 გაიმარჯვა.
ჩვენი გუნდიდან 18 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 17 ანდრონიკაშვილმა (8 ოვერტაიმში), 16 მაკფადენმა (8 პასი), 12 შენგელიამ (10 მოხსნა, 7 პასი).
ესპანური AS-ი მათი ნაკრების ქართველებთან მარცხს გამოეხმაურა:
"კავკასიელებმა ოვერტაიმში პარკეტზე ცეცხლი დაანთეს და ესპანეთმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა. "საქართველო-საქართველო" - ომახიანად სკანდირებდნენ დარბაზში გულშემატკივრები. ქართველებმა წამყვანი ტრიოთი (მაკფადენი, შენგელია, შერმადინი) და "სპეციალური სტუმრით", ანდრონიკაშვილით, ესპანეთი დასაჯეს. ეს საგანგაშო არა, მაგრამ მტკივნეული დარტყმაა. ეს თბილისში კარგი საკალათბურთო საღამო იყო. ეს არიყო ესპანეთის დღე, არამედ იყო ქართველთა სიამაყე. "საქართველო-საქართველო" - გრგვინავდა თბილისში არენა".
პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესიც გამოიწვია. მოედანი გაივსო, ისმოდა შეძახილები, ამხნევებდნენ ქართველებს საბოლოოდ, შედეგიც მივიღეთ, პირველი საფეხურის გუნდი (Tier 1) დავამარცხეთ.
20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მესამე ტურში, B ჯგუფში, ტრევიზოში საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია რეკორდული სხვაობით, 55:17 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ამ შეხვედრაში 8 ლელო, 6 გარდასახვა და 1 ჯარიმა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიას ასეთი სხვაობით არც უელსთან წაუგია და არც იტალიასთან.
3-5 ივნისს თბილისის გრანდ სლემი გაიმართა. 2022 წლის გათამაშება ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა, წარმოდგენილი 38 ძიუდოისტისგან სხვადასხვა სინჯის მედალი 14-მა ძიუდოისტმა მოიპოვა (5 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო).
ოქრო - თემურ ნოზაძე (- 60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (- 73 კგ), ბექა ღვინიაშვილი (- 90 კგ), ონისე სანებლიძე (- 100 კგ), გელა ზაალიშვილი (+ 100 კგ)
ვერცხლი - გიორგი სარდალაშვილი (- 60 კგ), გიორგი თუთაშვილი (- 66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (- 81 კგ), გიორგი ბერიაშვილი (- 100 კგ)
ბრინჯაო - ვაჟა მარგველაშვილი (- 66 კგ), გიორგი ტერაშვილი (- 73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი ( - 57 კგ), ლევან მათიაშვილი (+ 100 კგ), სომხიშვილი სოფიო (+ 78 კგ)
8-10 ივლისს უნგრეთში მორიგი გრანდ სლემი ჩატარდა, საქართველოს სახელით ტატამზე 13 ძიუდოისტი წარსდგა. თბილისური "სიგიჟის" შემდეგ ბულგარული ვოიაჟი ნაკლებად წარმატებული გამოდგა, ჯამში 5 მედალი მოვიპოვეთ.
დღეს 4 თემის განხილვით დავასრულებთ, მომდევნო სპეც პროექტში იხილავთ ქართველების წარმატებას UFC-ში, ძალოსნობაში, ჩოგბურთსა და მკლავჭიდში.