View Static Version
Loading

გაუფთხილდით ფიქრებს! გია მურღულია

გია მურღულიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას ეწევა. გამოცემული აქვს წიგნები ,,საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე", ,,ფიქრი განათლებაზე", იგავების კრებული ,,სიბრძნე მინიატურაში", ,,საუბრები უფროსკლასელებთან", ასევე, რამდენიმე თვის წინ შედგა მისი ახალი წიგნის ,,ცხრის ნახევარზე" პრეზენტაცია. ავტორის თქმით, ამ წიგნზე მუშაობის დროს ცდილობდა გულწრფელი ყოფილიყო ახალგაზრდებთან, გაეზიარებინა მათთვის ფიქრის ხიბლი და მნიშვნელობა.

პროფესიის არჩევის დროს გეზის მიმცემი გია მურღულიას მასწავლებელი მამუკა ოჩიგავა აღმოჩნდა. მისი თქმით ამ ადამიანს ცოდნა, გემოვნება და პრინციპებიც ჰქონდა.

,,თანამედროვე ადამიანები პროფესიას უფრო პრაგმატულად ირჩევენ. მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ აცნობიერებს, რომ არასწორ ადგილას აღმოჩნდა. მთავარია, ეს დროულად გაიაზროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი იტანჯება იმ საქმის კეთებით, რომელიც არ უყვარს“.
,,ადამიანმა მთავარია განავითაროს არჩევანის და ალგორითმის გააზრების კულტურა''
,,ადამიანი არის აღუვსებელი საწყაული"

სამომავლო მიზნების არსებობა და მათი თანმიმდევრულობა, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფილოლოგი ბართაშვილის სიტყვებს იხსენებს ,,ადამიანი არის აღუვსებელი საწყაული“, სასურველ მიზანს, რომ მიაღწევთ იქ ჩნდება ახალი გამოწვევები და მისწრაფებები.

,,ადამიანმა მთავარია განავითაროს არჩევანის და ალგორითმის გააზრების კულტურა. არსებობს მიზნები, რომლებთანაც ერთი ნაბიჯით ვერ მიხვალ, ამ დროს აუცილებლად უნდა გათვალოთ ნაბიჯთა თანმიმდევრობა და დრო. მე ვცდილობ ასე მოვიქცე ხოლმე და უმრავლეს შემთხვევაში ამართლებს“.
ბავშვობა
პედაგოგის ბავშვობის მოგონებები, ვიზუალთან და სურნელთან ასოცირდება. ხუთი წლის გია მურღულიას მშობლებმა ნაქსოვი ტანსაცმელი მოუტანეს, შარვალი და ზედა. უცნაურია, მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ დღემდე ახსოვს ახალი სამოსი სურნელი და მისი მშობლების ღიმილიანი სახეები. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში განსაკუთრებით დაამახსოვრდა, რამდენიმე გამორჩეული მასწავლებელი, რომლებსაც დღემდე ჭკუის დამრიგებლებად მიიჩნევს.
,,სჯობს არგუმენტება იჩხუბოს ვიდრე ადამიანებმა"

პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად აქვს შეხება მოსწავლეებთან. საერთო ინტერესების გამონახვა მოზარდებთან ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანი იარაღია. პედაგოგის თქმით, აუცილებელია ნდობის მოპოვება, რომელიც ორმხრივი უნდა იყოს და ეფუძნებოდეს სამართლიანობას. მის პრაქტიკაში ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოსწავლესთან საერთო ენა ვერ გამოუნახია, ასეთ დროს მისთვის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს.

,,არ უნდა შეეცადო, რომ ბავშვი დაჩაგრო, საერთო ფიქრამდე უნდა მიხვიდეთ. შესაძლებელია კამათის ორივე მონაწილე საკუთარ აზრზე დარჩეს, მაგრამ ამ დროს არ უნდა დაიკარგოს კეთილგანწყობა. სჯობს არგუმენტებმა იჩხუბოს, ვიდრე ადამიანებმა.“
,,უგემოვნობა აფუჭებს ფიქრს, საქციელს და ყველაფერ დანარჩენს”
გია მურღულიას ცხოვრებაში ლიტერატურას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ქართველი მწერლებიდან გამოარჩევს რუსთველს, დავით გურამიშვილს და ვაჟა ფშაველას. მიჩნია, რომ მათ შემოქმედებაში არის სათქმელი, რომელიც მკითხველისთვის საინტერესოა და სასარგებლოც. ასევე, მისთვის გემოვნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია.
,,სათქმელის გამოხატვას გარდა ნიჭიერებისა, ორგანიზაციული კულტურა და ესთეტიკაც სჭირდება, როცა ვფიქრობ, გემოვნება მთავარი სიტყვა მგონია ხოლმე. უგემოვნობა აფუჭებს ფიქრს, საქციელს და ყველაფერ დანარჩენს.”
საზღვარგარეთის ლიტერატურა

მისი ყურადღების მიღამა არ რჩება უცხოური ლიტერატურაც. ძალიან მოსწონს მცირე ფორმატი. მიაჩნია, რომ მოთხრობის განხრით აკუტაგავას და ბორხეს ვერავინ შეედრება. რომანებს რაც შეეხება, გამოარჩევს ლათინო ამერიკის დიდ რომანისტებს: მარკესს, ლიოსას და ხულიო კორტასარს. ფიქრობს, რომ პოეზიაში იაპონელები, ჩინელები და ირანელები არავის დაუთმობენ მცირე ფორმატში ლიდერობას.

,,კეთილდღეობა, სამართლიანობა და გონიერება"
ბავშვობაში სამი მუშკეტერიდან მოსწონდა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ათოსი, აგრეთვე ჟიულ ვერნის საიდუმლო კუნძულის გმირი საირუს სმიტი. ეს პიროვნებები გამოარჩია, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსება, კეთილდღეობა, სამართლიანობა და გონიერება.
დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის" მიმართ გია მურღულიას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ჩვენთან საუბრის დროს გაიხსენა ერთ-ერთი სტროფიც, რომელიც მეგობრობის არსს და მნიშვნელობას გადმოგვცემს.

,,სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:

პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,

მიცემა და არას შური, ჩუქებასა არ-მოწყენა,

გავლენა და მოხმარება, მისდა რგებად ველთა რბენა.“

,,რა კაცია ის, ვინც სამყაროს შეცვლას არ ცდილობს“
პედაგოგს რამდენიმე გამორჩეული ციტატაც აქვს ,,რა კაცია ის, ვინც სამყაროს შეცვლას არ ცდილობს“, ეს ამონარიდი ფილმი ,,ზეციური სამეფოდან“ არის და მისთვის ამ სიტყვებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ასევე, პოლ ოსტერის ,,ოგი რენის საშობაო ამბავი“ - ,,თუ ერთ ადამიანს მაინც სჯერა, როგორ შეიძლება ის ამბავი ნამდვილი არ იყოს“. ის ფიქრობს, რომ ყველა მოთხრობაში არის საკვანძო ფრაზები, რომლებიც მთავარ სათქმელს გამოხატავენ.
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა

გია მურღულიას დამოკიდებულება თავისუფლების მიმართ ძალიან საინტერესოა, ის იხსენებს ეგზისტენციალისტების აზრს, რომ ,,ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით“.

ფიქრობს, რომ ,,ადამიანებს ძალიან მოსწონთ იმის კეთება რაც უნდათ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენს გადაწყვეტილებებს და ქცევას ახლავს პასუხისმგებლობა, ეს არ მოსწონს ათიდან ცხრას.“
მისი თქმით თავისუფლება არის გაცნობიერებული პასუხისმგებლობა ,,შენი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება თქვენი ცხვირი, სადაც იწყება მეორე პიროვნება. მე არ შემიძლია შევბღალო ან დავაზიანო თქვენი უფლებები და თქვენი თავისუფლება. ამიტომ მახლავს მე და ჩემს თავისუფლებას პასუხისმგებლობა.“
დედა

გია მურღულიას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პიროვნება იყო დედა. ეს ცისფერთვალება ქალბატონი მისთვის ყველაზე ლამაზი და სათნო ქალია. სიცოცხლის ბოლო წუთებში დედის სარეცელთან მჯდომ გია მურღულიას ერთ ხელში დედის დაუძლურებული დამჭკნარი ხელი ჰქონდა, მეორეში მისი შვილიშვილის, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდა მის გვერდით. სწორედ ამ დროს გაიაზრა მან, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა და გადაწყვიტა ლექსი დაეწერა, რომელსაც ჰქვია ,,ხელები“.

,,ხელები"

,,დედაჩემს სძინავს და სიკვდილს ელის

ვიცი, ხვალ უკვე აღარ იქნება

უსაყვარლესი, დამჭკნარი ხელი,

ჩემს ხელში რაღაც ცივად ინთქმება,

პატარა გოგო, მძაფრ სევდას შველის

ჩემი უფროსი შვილის ნაყოფი,

ხელში მიჭირავს მე მისი ხელიც

უკვდავებისთვის უხვად სამყოფი,

მათი მშვენების სიმაღლე ქორის

უცივეს დროში საბნად მეხურა

შეიფრთხიალებს, ამ ორ ხელს შორის

ჩემი სიცოცხლის ჩიტი ბეღურა.“

,,გაუფრთხილდით ფიქრებს"
საინტერესო და დამაფიქრებელი კითხვა რისთვის ცხოვრებენ ადამიანები? გია მურღულიას მთავარი პრინციპია სადაც და როგორც შეძლებს გაახაროს თითოეული ადამიანი. სტუდენტებს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიის არჩევას ახლა აპირებენ ურჩევს, რომ გაუფრთხილდნენ თავიანთ ფიქრებს.
,,არაფერი უკეთესი საჩუქარი ღმერთს თქვენთვის არ მოუცია, თქვენი სიცოცხლე მნიშვნელობას იძენს და ცხოვრებად გარდაიქმნება, მხოლოდ თქვენი ფიქრის საფუძველზე. ფიქრს მოსდევს მერე მოქმედება, მას სჭირდება კარგად გააზრება და მოფრთხილება, რომ სანამ განახორციელებ მანამდე არ მოკვდეს.“

მასალა მოამაზადა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მეორე კურსის სტუდენტმა - რუსუდან შანთაძე.

ხელმძღვანელი - ლიანა მარქარიანი

NextPrevious